ბს-864-856(კ-16) 25 მაისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ამ 28.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 27.08.2015წ. N 85 სხდომის ოქმის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 31.08.2015წ. N პ/115 ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა. სასამართლოში 22.10.2015წ. წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით თ. გ-ამ დამატებით მოითხოვა იძულებით გაცდენილი შრომის გასამრჯელოს და ყოველთვიური დანამატის ანაზღაურება 2015 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2015წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინებით თ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო ახალი მტკიცებულება - მოხელის დახასიათება და დაურთო საქმეს, მოპასუხეს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოსამართელემ მტკიცებულების საქმეზე დართვით გამოიჩინა მიკერძოება და იმოქმედა სსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთანავე, ატესტაციის გრაფიკი დამტკიცდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 05.08.2015წ. ბრძანებით, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო ყველა მოხელისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 05.08.2015წ. ბრძანებით დამტკიცებული ატესტაციის გრაფიკი არ ზღუდავდა კომისიას თ. გ-ასათვის გასაუბრება ჩაეტარებინა 27.08.2015წ.. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ატესტაციისათვის დადგენილი გრაფიკის თანახმად, თ. გ-ას გასაუბრება უნდა ჩატარებოდა 20.08.2015წ., რის შესახებაც იგი 05.08.2015წ. უკვე იყო ინფორმირებული, თუმცა ატესტაციაზე თ. გ-ა ვერ გამოცხადდა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, შესაბამისად, მისთვის ატესტაციის ჩატარება გადაიდო გასაუბრების დამაბრკოლებელი მიზეზის აღმოფხვრამდე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორგანო ნორმატიული მოწესრიგებით არ იყო შეზღუდული თ. გ-ასთვის დაენიშნა გასაუბრების დამატებითი, დადგენილი გრაფიკისაგან განსხვავებული თარიღი.
რაც შეეხება თ. გ-ას მოსაზრებას სააპელაციო პალატაში ახალი მტკიცებულების წარდგენის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი განაპირობებს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, ამასთანავე, საპროცესო დარღვევები მხოლოდ მაშინ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს, თუ მათ ჰქონდათ არსებითი, მნიშვნელოვანი ხასიათი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია (სასკ-ის 34.3 მუხ. „ე“ ქვ.პ.). კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულების მიუღებლობის შემთხვევაში საქმეზე დადგებოდა სხვა შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე