Facebook Twitter

საქმე # 330310014630570

ბს-875-867(2კ-16) 25 მაისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ 27.10.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011წ. მიმართვის ნაწილობრივ (ნ. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 10.03.2011წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად ცნობა. ასევე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიეთითნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური და სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.03.2011წ. N06-8/1888 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 10.03.2011წ. N882011091305-03 გადაწყვეტილება ნ. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზაზე დაყრდნობით, რეესტრის მონაცემებში არ ფიქსირდებოდა ნ. ს-ის საკუთრების უფლება, შესაბამისად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს არ ჰქონდა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ ორგანული კანონის 91, 231, 33-ე, 34-ე მუხლებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სადავო მიწის ნაკვეთის თვითმმარველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრაცია, რადგან აღნიშნულის თაობაზე თანხმობა ჰქონდა გაცემული კანონით განსაზღვრულ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, ამასთანავე, მიწაზე არ ფიქსირდებოდა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრების უფლება.

კასატორმა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე მუხლის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის, ქ. თბილისის მთავრობის 30.03.2010წ. N08.32.412 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილი იყო მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მოეთხოვა სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხვა. სადავო აქტების გამოცემისას დაცულ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები, საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ თანხმობა გამოთხოვილ იქნა ყველა უფლებამოსილი ორგანოსაგან. კასატორის მოსაზრებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს არ ევალება და არც უფლებამოსილება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვამდე დამატებით გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, ვინაიდან საკუთრების რეგისტრაციას ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მაშინ, თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (სსკ-ის 407.2 მუხ.). ნ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების არსებობას, ნ. ს-ის უფლებადამდგენი დოკუმენტების ნამდვილობას საკასაციო საჩივრებში ორგანოები არ უარყოფენ . სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად მიიჩნეოდა მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. საკასაციო პალატას დაუშვებლად მიაჩნია აღნიშნული ნორმის განმარტება ისე, რომ უგულებელყოფილ იქნეს საკუთრების უფლებაწარმომშობი დოკუმენტების მქონე პირის უფლებები, მით უფრო, რომ მოწინააღმდეგე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. დაუსაბუთებელია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსაზრება, რომ მას კანონმდებლობა არ ავალებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რადგან სზაკ-ის მე-3 მუხლი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის სსიპ-ებს არ გამორიცხავს კოდექსის მოქმედების სფეროდან, შესაბამისად, სააგენტო სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო სრულად გამოეკვლია საქმის გარემებები და შეეგროვებინა დამატებითი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორგანოს მიერ საკითხისადმი ფორმალურმა მიდგომამ გამოიწვია ნ. ს-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა. მხოლოდ ის, რომ შესაძლოა ორგანოთა მიერ დაცული იყო სადავო აქტების გამოცემის პროცედურული წესები, არ ადასტურებს მათ კანონიერებას, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტების გამოცემისას გამოკვლეული არ ყოფილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის რიგი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2016წ. N03362 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2016წ. განჩინება;

3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2016წ. N03362 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე