Facebook Twitter

ბს-908-900(კ-16) 25 მაისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სპს ,,...“ 30.04.2015წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და შემოსავლების სამსახურის მიმართ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 04.03.2015წ. N A15000202-010/001 განკარგულების ბათილად ცნობის და სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემული მოძრავი ნივთის - სატვირთო ფურგონის დაბრუნების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.05.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო 08.07.2015წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 31.08.2015წ. გადაწყვეტილებით სპს ,,...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღსულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 04.03.2015წ. N A15000202-010/001 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. განჩინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ აღსრულება განხორციელდა კანონშესაბამისად, 13.01.2015წ. მოვალეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ და განემარტა, რომ 7 დღის ვადაში სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყებოდა იძულებითი აღსურლების ღონისძიებები, რის შესახებაც მოვალეს დამატებით არ ეცნობებოდა. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შეფასდა მოძრავი ნივთი და გატანილ იქნა ონლაინ-აუქციონზე, თუმცა ნივთის რეალიზება არ მომხდარა, რის გამოც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 50-ე, 77-ე, 78-ე მუხლების საფუძველზე, ნივთი ნატურით გადაეცა კრედიტორს. აღმასრულებელი კანონის შესაბამისად ვალდებული იყო განეხორციელებინა მითითებული ღონისძიებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 17.10 მუხლიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოების ფაქრგლებში აღმასრულებელი უნდა დაეხმაროს მხარეებს მათი უფლებებისა და კანონიერი ინეტერესების დაცვაში. მართალია ამავე მუხლით აღმასრულებელს ეკისრება გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულების ვალდებულება, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია აღნიშნულს შეეწიროს მხარეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. აღმასრულებელმა არამარტო კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით უნდა განახორციელოს აღსრულება, არამედ უნდა მიიღოს ყველა ზომა გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისთვის, სააღსრულებო წარმოების მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით ჩატარება, არ ადასტურებს მის მართლზომიერებას. მართალია სააღსრულებო ბიუროში არ წარდგენილა სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.02.2015წ. ბრძანება სპს-თვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ, თუმცა სპს აღნიშნავს და არც კასატორი უარყოფს, რომ ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების გადაანგარიშების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად აღმასრულებელმა არ გამოიკვლია სპს-ს დავალიანების კორექტირებისა თუ ჩამოწერის საკითხი, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობასა და ფარგლებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2016წ. N15129 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2016წ. N15129 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე