ბს-944-936(კ-16) 25 მაისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...მა“ 24.08.2015წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 08.05.2015წ. N882015243307-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 15.06.2015წ. N882015243307-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 16.07.2015წ. N882015243307-04 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.07.2015წ. და 14.08.2015წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 27.10.2015წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 28.01.2016წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 08.05.2015წ. N882015243307-03 გადაწყვეტილება მარტვილში, ... ქ. N94-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 160 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2016წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...“ და შპს „ფ…“ არ არიან ერთიდაიგივე სუბიექტები. მოსარჩელე - შპს „...“ დაარსდა 20.04.1999წ., შესაბამისად მარტვილის გამგეობის 29.01.1998წ. გადაწყვეტილებით მას ვერ გამოეყოფოდა მიწა. არ დასტურდება სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობა - მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება, რადგან სადავო აქტებით შპს „...“ ინტერესებს რაიმე ზიანი არ ადგება. სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა ვერ მოხდება აგრეთვე იმის გამო, რომ რეგისტრაციის საფუძველი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.05.2015წ. ბრძანება ძალაშია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას მესაკუთრის გრაფაში შპს „...“ მითითება იყო ტექნიკური ხარვეზი, რადგან პირველადი რეგისტრაციის დროს მესაკუთრე შპს-ს გვერდით მითითებული იყო დირექტორი - ც. გ-ი, რომელიც დაარსების დღიდან შპს „...“ დირექტორია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შპს „...“ იურიდიული მისამართი დაარსების დღიდან არის მარტვილი, ... ქ. 94. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.08.2015წ. წერილის თანახმად, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 1999წ. მომზადებულ გენგეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, ემთხვევა ქუჩა, მყარი ღობეებისა და შენობის ფორმა/კონფიგურაცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 21.01.2016წ. ამონაწერის მიხედვით დაუზუსტებელი 160 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა შპს „...“ სახელზეა აღრიცხული. კასატორს აღნიშნული რეგისტრაცია არ გაუსაჩივრებია და ძალაშია. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312-ე მუხ.), რაც გულისხმობს, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საწინააღმდეგო არ დადასტურდება. ამდენად, შპს „...“ სახელზე არსებული რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პირობებში სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება შპს „...“ მესაკუთრედ რეგისტრაციის უკანონობისა და დავის მიმართ შპს-ს კანონიერი ინტერესის არარსებობის შესახებ.
ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა დაუშვებელია რეგისტრაციის საფუძვლის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.05.2015წ. ბრძანების ძალაში ყოფნის გამო, რადგან აღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვა, შესაბამისად ის წარმოშობდა მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, სათანადო მტკიცებულებების მოძიების, მათი შეფასების შესახებ და არა საკუთრების რეგისტრაციის უპირობო საფუძველს. ამდენად, აღნიშნული ვალდებულების შესრულების გარეშე რეგისტრაციის განხორციელება, სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების ძალაში ყოფნის მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე