Facebook Twitter

№ბს-190-188(კს-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ჯ. ა-ი და ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები – კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ე, ლ. ყ-ი, ა. ყ-ი, კ. შ-ი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 24 მაისს ჯ. ა-მა და ნ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილების მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14084902-012/001 განკარგულებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილების 2015 წლის 26 მარტის №A15021864-004/001 გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა გასაჩივრებული განკარგულებისა და გაფრთხილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს ჯ. და ნ. ა-ებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ე, ლ. ყ-ი და ა. ყ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ჯ. და ნ. ა-ების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება; ჯ. და ნ. ა-ების შუამდგომლობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14084902-012/001 განკარგულების და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილების 2015 წლის 26 მარტის №A15021864-004/001 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14084902-012/001 განკარგულების (სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისთვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ჯ. და ნ. ა-ების სარჩელი სხვისი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილების 2015 წლის 26 მარტის №A15021864-004/001 გაფრთხილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელეთა მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. ა-მა და ნ. ა-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით ჯ. და ნ. ა-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ჯ. და ნ. ა-ების სარჩელზე - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №A14084902-012/001 განკარგულება, შეწყდა საქმის წარმოება და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებები მოსარჩელეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩა უცვლელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება კ. შ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ა-მა და ნ. ა-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე. აპელანტს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, მინდობილობა, რომლითაც ლ. კ-ე უფლებამოსილი იყო აღეძრა სააპელაციო საჩივარი ნ. ა-ის სახელით 2016 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც არის საქმეში და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამასთან, განიმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2016 წლის 20 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს ლ. კ-ეს და კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 21 დეკემბერს ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.

2016 წლის 28 დეკემბერს აპელანტების წარმომადგენელმა ლ. კ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ასევე მისი მარწმუნებლების მიერ საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო ვერ შეძლო დროულად ეცნობებინა მარწმუნებლებისათვის დადგენილი ხარვეზის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაგრძელდა 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 10 დღით ამ განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან; აპელანტს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, მინდობილობა, რომლითაც ლ. კ-ე უფლებამოსილი იყო აღეძრა სააპელაციო საჩივარი ნ. ა-ის სახელით 2016 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც არის საქმეში და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; ამასთან, განიმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2017 წლის 3 იანვარს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს ლ. კ-ეს და კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 4 იანვარს ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მაგრამ მის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული განჩინებაში მითითებული ხარვეზი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. ა-მა და ნ. ა-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების საკითხის განსახილველად საქმის დაბრუნება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორები უკანონოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, ვინაიდან, მათი მოსაზრებით, სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შეეძლო გამოერკვია თუ რა მიზეზით ვერ მოხდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ის და ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე. აპელანტს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, მინდობილობა, რომლითაც ლ. კ-ე უფლებამოსილი იყო აღეძრა სააპელაციო საჩივარი ნ. ა-ის სახელით 2016 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც არის საქმეში და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამასთან, განიმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაგრძელდა 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 10 დღით ამ განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან; აპელანტს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, მინდობილობა, რომლითაც ლ. კ-ე უფლებამოსილი იყო აღეძრა სააპელაციო საჩივარი ნ. ა-ის სახელით 2016 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც არის საქმეში და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; ამასთან, განიმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული განჩინებაში მითითებული ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი 2017 წლის 3 იანვარს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს ლ. კ-ეს და კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 4 იანვარს ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინების ასლი ჯ. ა-ის და ნ. ა-ის წარმომადგენელს 2017 წლის 4 აინვარს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 5 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2017 წლის 16 იანვარს (შაბათ-კვირის გათვალისწინებით) 24:00 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჯ. ა-ს და ნ. ა-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეუვსიათ განჩინებაში მითითებული ხარვეზები, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, მათი განცხადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ერთხელ გააგრძელა 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 10 დღით, თუმცა აღნიშნულის შემდგომ მათ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით სააპელაციო სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორებს განუმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს მის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, თუ მხარე დადგენილ ვადაში ნაწილობრივ შეავსებს ხარვეზს ან განცხადებით მიმართავს სასამართლოს. ამასთან, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით აპელანტებს დაევალათ სასამართლოსთვის წარედგინათ როგორც სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, ასევე, მინდობილობა, რომლითაც ლ. კ-ე უფლებამოსილი იყო აღეძრა სააპელაციო საჩივარი ნ. ა-ის სახელით 2016 წლის 19 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც არის საქმეში და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ წარმოადგენდა.

ამასთან, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია 2016 წლის 5 სექტემბერს ნ. ა-ის და ჯ. ა-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც იგი უფლებამოსილია მარწმუნებლების სახელით გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი (მინდობილობა გაცემულია 2016 წლის 5 სექტემბერს 3 წლის ვადით და ძალაშია 2019 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ის და ნ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ა-ის და ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი