Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-368-365(კს-17) 01 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე (საქმე N3/160-15, მოსარჩელე - ვ. ს-ე; მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები: ე. დ-ა, გ. ჭ-ე, ნ. ნ-ე). მხარეებს განემარტათ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა ნ. ნ-ემ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინების გაუქმება და N3/160-15 საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებით განუხილველად დარჩა ნ. ნ-ის კერძო საჩივარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასკ-ის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. შესაბამისად, ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა. ნ. ნ-ეს განემარტა, რომ 31.01.2017წ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

16.02.2017წ. ნ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ განჩინებაში არ იყო განხილული და გამოტანილი გადაწყვეტილება მისი იმ მოთხოვნის გამო, რომლითაც ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინების გაუქმებას და რომლის თაობაზეც წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი, შესაბამისი მტკიცებულებანი, ასევე დასაბუთება, რომ 22.11.2016წ. განჩინება გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, 394-ე მუხლის „ე“, 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტების დარღვევით.

ნ. ნ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ასევე მიმართა 27.03.2017წ. განცხადებით, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის მითითებით, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებით შეცდომით დადგინდა, რომ აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდებოდა. განჩინებაში არსად არ იყო მითითებული, თუ რომელი ნორმის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ეს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის არც ერთი საფუძველი. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, ხოლო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოცემულ საქმეზე 31.01.2017წ. განჩინება მიღებული იყო კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაც არ გასაჩივრდებოდა. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ. ნ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განმცხადებლის არგუმენტი, რომ სასამართლომ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება არ დაუშვა, არ ექცეოდა ზემოხსენებული მუხლის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, 31.01.2017წ. განჩინებაში არ იყო დაშვებული არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი ხასიათის შეცდომა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ასახავდა ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას. ნ. ნ-ეს განემარტა, რომ 27.03.2017წ. განჩინება საბოლოოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.2017წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.2017წ. განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე - გაუქმდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინება და შეწყდება საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო ან/და დაკმაყოფილდება მოთხოვნა უსწორობის გასწორების თაობაზე და დაშვებული იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინებაზე ნ. ნ-ეს წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნულ კერძო საჩივართან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 31.01.2017წ. განჩინებით (განუხილველად დატოვა ნ. ნ-ის კერძო საჩივარი). მხარეს განემარტა, რომ 31.01.2017წ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ასევე დადგენილია, რომ განცხადებები დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, ნ. ნ-ემ წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინებაზე, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.11.2016წ. განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებული მსჯელობის შედეგია და რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2017წ. განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და 419.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ 27.03.2017წ. განჩინებაც არ საჩივრდება. სააპელაციო პალატამ ნ. ნ-ეს განუმარტა, რომ 27.03.2017წ. განჩინება საბოლოოა, თუმცა აღნიშნული განჩინება მან გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რაც სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. ნ. ნ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 17.04.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ.ვაჩაძე