საქმე ბ-247-3(ა-17) 3 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განვიხილე ქ. გ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-მა 2015 წლის 25 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო საბჭოს 2014 წლის 15 დეკემბრის სხდომის №4 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით აპელანტ - ქ. გ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა; განემარტა მხარეს, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. გ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება.
ქ. გ-მა 2017 წლის 2 მარტს, 6 მარტს, 14 მარტს, 15 მარტს, 17 მარტს, 24 მარტს და 27 მარტს განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. მან განცხადებებით მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით ქ. გ-ის განცხადებებს დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავის დაცვით შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2017 წლის 10 აპრილს ქ. გ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა მას არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავის დაცვით შედგენილი განცხადება. შესაბამისად, ხარვეზის ნაწილობრივ შევსების გამო მას საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით.
2017 წლის 24 აპრილს და 2 მაისს ქ. გ-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა განცხადებები, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება არის უსამართლო და დაუსაბუთებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებითა და ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით ქ. გ-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავის დაცვით შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ქ. გ-ს ზემოაღნიშნული განჩინებებით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. 2017 წლის 24 აპრილს და 2 მაისს ქ. გ-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა განცხადებები, რომლებშიც მხარის მიერ არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან ქ. გ-ის მიერ განცხადებებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების შემადგენლობას. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და განხილვის წესი არ გულისხმობს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობის ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის შესაძლებლობას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების დროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს არა მატერიალური სამართლის ნორმის გამოყენების არამართლზომიერება, არამედ ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის დადგენა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების ფარგლებს სცილდება განცხადებებში აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უსამართლოდ და დაუსაბუთებლად განხილვა, რის გამოც არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ ქ. გ-ის განცხადებების დასაშვებად ცნობის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 423-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ქ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 07.04.17 წლის №12970309 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი და 07.04.17 წლის №12970285 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე