საქმე ბს-41-40(გ-17) 30 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. ჯ-ის საჩივართან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჯ-ემ 2016 წლის 30 დეკემბერს საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა პატრულ-ინსპექტორის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული 2016 წლის 24 დეკემბრის №ეი 704554 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 დეკემბრის №ეი 704554 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე, რომელიც განეკუთვნება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, სადაც განხორციელდა სამართალდარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ადგილად მითითებულია ხაშური, რომელიც განეკუთვნება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
ხაშურის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას და 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ხოლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილი - ქ. ბათუმი, ... ქუჩა №159. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯადი სასამართლოებია ხაშურის რაიონული სასამართლო და ბათუმის საქალაქო სასამართლო. სასამართლოს მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა ნ. ჯ-ემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივნის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რის გამოც აღიძრა დავა განსჯადობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-ე–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ჯ-ეს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აქვს დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია: ქ. ბათუმი, ... ქ. №159.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ხაშურის რაიონულ სასამართლოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ჯ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჯ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე