Facebook Twitter

საქმე №ბს-832-824 (გ-16) 18 მაისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით დავა, მოპასუხე თ. მ-ის მიმართ, განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის სახით გადაცემული 4712,65 ლარის დაბრუნება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ. მ-ს შორის 24.07.2009წ. დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. მ-ს 2010 წელს ჯამში გადაერიცხა 2026 ევროს ექვივალენტი 4712,65 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (სამგზავრო, საცხოვრებელი და სხვა ხარჯები), რომელიც შეადგენს 5000 ევროს, ხოლო სწავლისათვის ასევე 5000 ევროს. ამასთან, გრანტის გამცემს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისაათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. ხელშეკრულების მიხედვით გრანტის მიმღებმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები მხოლოდ ხელშეკრულებით გათვლისწინებული მიზნებისათვის გამოეყენებია, სხვა მიზნებისათის გრანტის გამოყენება მხოლოდ გრანტის გამცემის თანხმობით იყო დასაშვები. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემი იტოვებს გაცემული თანხის ამოღების უფლებას.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 30.12.2009წ. N970 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა სსიპ განვითარების რეფორმების ფონდის ლიკვიდაცია, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებების და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორცილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, რომელმაც მოპასუხეს 14.01.2016წ. N26662 წერილით სთხოვა წარმოედგინა მათ შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. 23.01.2016წ. თ. მ-ის მამამ სამინისტროში წარადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ გრანტიორის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ბოლო გამოცდის ჩაბარება და ვერ იქნა წარმოდგენილი დიპლომი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს გრანტის სახით გადაცემული 4712,65 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.2016წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი თ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე გადაეცა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ. მ-ს შორის გრანტის შესახებ 24.07.2009წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე 24.07.09წ. ხელშეკრულება არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ადმინისტრაციული კოლეგიის აზრით სადავო ურთიერთობა სამოქალაქოსამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2016წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი თ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის მონაწილეობა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 21.05.2004წ. N37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სფეროსთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც საქართველოს მთავრობის 21.05.2004წ. N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, სასაჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებულ საჯაროსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, შესაბამისად, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ. მ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულება დადებულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სახეზე იქნება სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობა, ხოლო თუ ხელშეკრულების დადების საფუძველი კერძოსამართლებრივია, სადავო სამართალურთიერთობა კერძოსამართლებრივი ბუნებისაა. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის უნდა დადგინდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

„გრანტის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა, უცხოეთის ან საქართველოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამინისტრო. ამდენად, გრანტთან დაკავშირებული დავის ბუნება შესაძლოა იყოს როგორც კერძოსამართლებრივი, ასევე საჯაროსამართლებრივი. მოცემულ შემთხვევაში გრანტის შესახებ 24.07.09წ. ხელშეკრულება დაიდო „გრანტის გამცემის“ სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდსა“ და „გრანტის მიმღების“ - თ. მ-ს შორის. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ 14.01.04წ. კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდება საქართველოს პრეზიდენტის 27.01.04წ. N33 ბრძანებულებით იყო დამტკიცებული. ამდენად, სსიპ რეფორმებისა და განვითარების ფონდი პასუხობს სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ლეგალური დეფინიციის ნიშნებს. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილეა ადმინისტრაციული ორგანო. სადავო ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარედ გამოსვლა თავისთავად არ ადასტურებს დავის საჯაროსამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დადოს კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება და ამდენად გამოვიდეს მხარედ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად ხელშეკრულების მხარის საჯაროსამართლებრივი სტატუსი არ არის საკმარისი ფაქტორი ხელშეკრულების ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოქმედებდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და გამომდინარეობს თუ არა სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ფონდსა და თ. მ-ს შორის დადებული გრანტის შესახებ 24.07.09წ. ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულება დაიდო საქართველოს მთავრობის 26.02.09წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გამოყოფილი ასიგნებებიდან. საქართველოს მთავრობის 26.02.09წ. N36 დადგენილებით, პროგრამა დამტკიცდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც სახელმწიფოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უნდა განეხორციელებია. 26.02.09წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული ასიგნებებიდან ღონისძიებების დაფინანსების წესი და პირობები ითვალისწინებს ფონდის მიერ გრანტის დაბრუნების წესს სამინისტროსათვის (მე-4 მუხ.).

საქართველოს პრეზიდენტის 27.01.04წ. N33 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის წესდების“ მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად ფონდი, წესდებაში აღნიშნული სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, გასცემდა გრანტებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ურთიერთობა ეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის გაცემის საკითხს. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები („გრანტების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.). გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ. მ-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სამაგისტრო სწავლების დაფინანსება, გრანტი მოიცავდა ორწლიანი სწავლების პერიოდს, ფონდი უზრუნველყოფდა სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯების ანაზღაურებას სამაგისტრო სწავლების პერიოდში. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო თ. მ-ის მიერ მაგისტრატურის კურსის გავლის დასაფინანსებლად, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნორმებით რეგულირდება (2 მუხ. „წ1“ ქვეპუნქტი, 6.1 მუხ. „ბ1“ ქვეპუნქტი, 801 მუხ.). გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).

საქართველოს პრეზიდენტის 30.12.2009წ. N970 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის თანახმად, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდი ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებებისა და მის მიერ ნაკისრი მოვალეობების განხორციელება დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. „საქართველოს მთვრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას. საქართველოს მთავრობის 21.05.2004წ. N37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ 2.2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას. ამავე კანონის 7.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის წესი და პირობები. ხელშეკრულების დადების პერიოდში სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობა განსაზღვრული იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.07.06წ. N664 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. (სადღეისოდ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.10.2011წ. N154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები“). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის „ბ“, „გ“, „გ3“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, დაფინანსების ოდენობასა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 26.02.09წ. N36 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა სსიპ განვითარებისა და რეფორმირების ფონდისათვის სახსრების გადარიცხვა. ხსენებული დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული დაფინანსების წესის და პირობების თანახმად, ფონდი ანგარიშვალდებული იყო სამინისტროს წინაშე (მე-5 მუხ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში სამაგისტრო გრანტის გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო უფლებამოსილების მიზნის მისაღწევად მოქმედებდა და ამ მიზნის მისაღწევად მან გამოიყენა ხელშეკრულების დადება, როგორც საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა, რის გამოც 24.07.2009წ. დადებული ხელშეკრულება სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. დავის განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სკ-ის ნორმების (361.2 მუხ., 394.1 მუხ.) საფუძველზე. ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება (სკ-ის 361.2 მუხ.), კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების უფლება (394.1 მუხ.) არ ცვლის დავის ბუნებას, რომელიც უკავშირდება საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.16წ. განჩინება დაუსაბუთებელია, მასში არ არის მოყვანილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადობის დამადასტურებელი რაიმე მოსაზრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებითა და:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი