Facebook Twitter

საქმე Nბს-138-136(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ვ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირები: ხ. ჯ-ი, ბ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ვ-ემ 2015 წლის 28 აპრილს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №882009427095-03 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, რომლითაც ხ. ჯ-ის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლება (ს/კ N...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 ივლისის №882010709185-03 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, რომლითაც უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ბ. კ-ის საკუთრების უფლება (ს/კ N...).

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ხ. ჯ-ი და ბ. კ-ე;

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №882009427095-03 გადაწყვეტილება, ხ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 ივლისის №882010709185-03 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლითაც უნდა დაედგინა რეალურად დ. ვ-ის უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, კერძოდ დ. ვ-ის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მომიჯნავე ნაკვეთები ემთხვეოდა თუ არა საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებსა და რეგისტრირებულ მონაცემებს.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სამართლომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის ნაწილში გააკეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც არსებობდა გასაჩივრებული 2010 წლის 11 იანვრის №882009427095-03 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. შემდეგი დასაბუთებით, კერძოდ, სასამართლომ განმარტა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ასევე სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

კასატორის მოსაზრებით, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოშობს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს, გარდა ამისა სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი, კერძოდ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას“, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევნება“.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი და ამავე დროს არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით“.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო უფლებამოსილია აქტი გამოაცხადოს ძალადაკარგულად იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრებულია ნორმატიული აქტი და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. სხვა შემთხვევაში სასამართლო დააღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ვინიდან კანონიერი აქტის გაუქმების კომპეტენცია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. იმდენად რამდენადაც სასამართლო ვერ შეაფასებს გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხს, არამედ მისი მსჯელობის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა იმისა, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამავე დროს ამ ნორმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება თავისი იურიდიული შედეგით ექცევა შესაბამისი ინსტიტუტის ფარგლებში, კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამომდინარე აქედან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალდაკარგულად გამოცხადება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობას იძლევა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის №882009427095-03 გადაწყვეტილება ძალდაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 ივლისის №882010709185-03 გადაწყვეტილებით, ვინაიდან საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს, აღნიშნულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 21 ივლისს დამოწმებული გაცვლის ხელშეკრულება (ხ. ჯ-სა და ბ. კ-ეს შორის), რომლის საფუძველზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული უფლების გადასვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ ასევე ძალდაკარგულად იქნა ცნობილი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ახალი რეგისტრაციის საფუძველზე ერთხელ უკვე ძალადაკარგული აქტი, რაც დაუშვებელია და მსგავს რეგულირებას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტების მიუხედავად გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისე სპეციალური კანონმდებლობიდან გამომდინარეც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ. ვ-ე სადავოდ ხდის ხ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე ბ. კ-ეზე აღრიცხვას, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ იძლეოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და შესაბამისად, რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. ამასთან, აღნიშნულ უძრავ ნივთზე ( ს/კ №... ) მას გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტები და ასევე შესაბამისი სისტემური რეგისტრაცია. კერძოდ, მოსარჩელლის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენ დოკუმენტად წარმოდგენილია მცხეთის რაიონის სოფელ ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1998 წლის 15 ივნისს N1059 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 0,144 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა დ. ვ-ეს; მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება მინდორი, სამხრეთით - ..., აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - სამთავრო ნაკვეთი; ასევე საქმეში წარმოდგენილია მიწის /უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმად 1998 წლის 15 ივნისს N1059 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2003 წლის 12 აგვისტოდან დ. ვ-ის საკუთრებაშია აღრიცხული მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...).

2014 წლის 13 ივნისს დ. ვ-ესა და ზ. კ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 1440 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) გასხვისების შესახებ; 2014 წლის 13 ივნისს ზ. კ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და 2014 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მცხეთის რაიონის სოფელ ... არსებული 1440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 13 ივნისის №882014308364- 03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. კ-ის 2014 წლის 13 ივნისის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემების მიხედვით მის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) სარეგისტრაციო სამსახურში დაცული არ იყო, შესაბამისად საჭირო იყო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებისა და დამატების შეტანა, ჯერ უნდა დაზუსტებულიყო მიწის ნაკვეთის ფართი საკადასტრო აზომვითი ნახაზის

საფუძველზე და შემდგომ დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა; 2014 წლის 16 ივნისს განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №882014308364-07 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. კ-ის 2014 განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა ... მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა; სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა“ იმ მოტივით რომ თავად განმცხადებელმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა 2014 წლის 1 ივლისს მიიღო №882014308364-11 გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

კასატორ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავოდ ხდის დ. ვ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციას ხ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და უთითებს, რომ აღნიშნული არ იქნა გამოკვლეული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას. საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სადავო მიწის ადგილმდებარეობა სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით და არ სააპელაციო საჩივარით და მიუთითებდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ თავად მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 2015 წლის 17 ნოემბრის №278564 წერილში მოცემულია ინფორმაცია და თანდართული სიტუაციური ნახაზი, სადაც დატანილია მსოფლიო ბანკის მიერ აღწერილი ნაკვეთების ნომრები და რომლის მიხედვით დ. ვ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) თითქმის მთლიანად ფარავს მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი №...), ასევე, საქმეში წარმოდგენილი დ. ვ-ის სახელზე გაცემული 2003 წლის 12 აგვისტოს მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაზე თანდართული საკადასტრო გეგმის თანახმად მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) კონფიგურაცია და მდებარეობა შეესაბამება მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) კონფიგურაციას და მდებარეობას.

საკასაციო პალატა სრულად იზიარაბეს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 11 იანვრის №882009427095-03 გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის ხ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით შეილახა დ. ვ-ის საკუთრების უფლება, რომელიც მას მოპოვებული ჰქონდა მართლზომიერი საფუძვლებით და ამასთან, აღრიცხული სისტემური რეგისტრაციით (№... საკადასტრო კოდი), შესაბამისად, სახეზეა სადავო აქტის წინააღმდეგობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტან და მისი გამოცემით მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლების ხელყოფა.

საკასაციო პალატა მიუთიტებს, რომ საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს ასევე, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-61-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რა ფორმის სარჩელი უნდა იქნას აღძრული, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნის მიღწევა სურს მოსარჩელეს. პირმა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, პირველ რიგში, თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის მისაღწევად. მართალია, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირს გაუწიოს სათანადო დამხარება (დაეხმაროს სარჩელის ტრანსფორმირებაში), მაგრამ დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციას მიეკუთვნება. მოსარჩელე თავად განსაზღვრავს სარჩელის შინაარსსა და მოცულობას, სასამართლო კი შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ძირითადად განასხვავებს შეცილებით, მავალდებულებელ და აღიარებით სარჩელებს. მოცემულ შემთხვევაში დ. ვ-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, აღძრული არის შეცილებითი სარჩელი. ეს არის სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახეზეა მატარიალურ-სამართებრივი წანამძღვრები სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კანონსაწინააღმდეგეობის თვალსაზრისით. ამასთან, იმდენად, რამდენადაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის ძალადაკარგულად თუ ბათილად გამოცხადებას შედეგად მოსდევს ერთი და იმავე სამართლებრივი შედეგი რეგისტრაციის გაუქმება და არ ხდება წინა რეგისტრაციის აღდგენა, ამიტომ პროცესუალური შედეგის თვალსაზრისით არ არსებობს საფუძველი გადაწყვეტილების ამ ნაწილში შეცვლისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 22.02.2017 წლის საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე