Facebook Twitter

საქმე №ბს-104-103(2კ-17) 7 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები:1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე); 2. გ. გ-ი (მოსარჩელე);

მოპასუხეები: აღმასრულებლები: მ. ყ-ი, ა. მ-ი, ნ. ბ-ი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა 2015 წლის 10 თებერვალს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აღმასრულებლების - მ. ყ-ის, ა. მ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგიზ დაზუსტების შემდეგ მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროსათვის ერთი თვის ვადაში საჯარო რეესტრში გ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონზე გასაყიდად გატანის დავალება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აღმასრულებლების - მ. ყ-ის, ა. მ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ მატერიალური ზიანის 150 000 ლარისა და მორალური ზიანის 50 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აღმასრულებლების - მ. ყ-ის, ა. მ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ მორალური ზიანის სახით სოლიდარულად 50 000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აღმასრულებლების - მ. ყ-ის, ა. მ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ მატერიალური ზიანის სახით სოლიდარულად 150 000 ლარის დაკისრების შესახებ ასევე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრელებო ბიუროს გ. გ-ის სასარეგლოდ დაეკისრა 210 ლარის გადახდის ვალდებულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-მა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. გ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. გ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს 30.11.2016 წლის №16449 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე