Facebook Twitter

საქმე ბს-964-955(გ-16) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ვ. გ-ას სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. გ-ამ 2016 წლის 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ტ. ყ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №277689 გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ას უარი ეთქვა 2016 წლის 23 სექტემბრის №231303/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ვ. გ-ას სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის-ტ. ყ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის სააქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზეა რამდენიმე მოპასუხე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე; კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. მოცემულ შემთხვევაში ვ. გ-ას მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ტ. ყ-ის მიმართ. მხარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №277689 გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-ას უარი ეთქვა 2016 წლის 23 სექტემბრის №231303/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში; ასევე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილება. ანუ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებასაც. ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში ორივე სადავო აქტი ერთი და იმავე სამართალურთიერთობას ეხება, კერძოდ, დავა ეხება არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის შესწავლას. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო - 2016 წლის 20 ოქტომბრის №277689 გადაწყვეტილებით არ მიუღია ახალი, სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, მას არ შეუტანია რაიმე სახის ცვლილება სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის(საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი) ადგილმდებარეობის (მისამართი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №6) მიხედვით -სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ (სასამართლო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინებას, საქმე ბს-721-707 (გ-14)).

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი მდებარეობს სამტრედია, ... გამზირის №...-ში და სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, რადგან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განხორციელების ფუნქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.

სასამართლომ მიუთითა ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 35.2 მუხლის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. გ-ას სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის-ტ. ყ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, საქმის სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.

ვ. გ-ამ 2016 წლის 20 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის ფილიალისა და მესამე პირის - ტ. ყ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №2777689 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ვ. გ-ას მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრში წარდგენილ №882016536240 განაცხადზე - 1072 კვ.მ ფართის ნაწილში მოპასუხისათვის წარმოების განახლების დავალება.

სამტრედიის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ნოემბრის განჩინებას და 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №20.

სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 31-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სტრუქტურული ერთეულის - ფილიალის ფუნქციები და კომპეტენცია შეკვეცილი და შეზღუდულია და იგი აღარ წარმოადგენს უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებს სტრუქტურულ ერთეულს. ამდენად, 2016 წლის 16 მაისიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სტრუქტურული ერთეული ფილიალის სახით აღარ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, ანუ მოპასუხეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის უფლებადამდგენი, თავდაპირველი აქტების გამომცემი მოპასუხე მხარე. განსახილველ შემთხვევაში კი ამ სახის მოპასუხედ ერთმნიშვნელოვნად მოიაზრება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №20. შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ვ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე სამტრედიის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნულ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია:

1. ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 20 ოქტომბრის №2777689 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

3. ვ. გ-ას მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრში წარდგენილ №882016536240 განცხადებაზე - 1072 კვ.მ ფართის ნაწილში მოპასუხისათვის წარმოების განახლების დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას საგნობრივი, ან/და ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სადავო აქტი, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №882016243150-05 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №2777689 გადაწყვეტილება ერთი და იმავე სამართალურთიერთობას ეხება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის ფილიალი, არიან ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა ორგანოები. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა საქალაქო სასამართლოებში თავმოყრის ტენდენციის შესუსტების მიზნით, სასამართლო პროცესის ეკონომიურობის, მართმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქმის განხილვა უნდა მოხდეს ძირითადი აქტის გამომტანი ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, არამედ სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი) გადაწყვეტილებას, მოსარჩელე მოითხოვს სააგენტოსა და სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის აქტების ბათილად ცნობას. ამასთან, 2016 წლის 20 დეკემბრის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეს მოპასუხედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დასახელებული ჰყავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის ფილიალი. მოსარჩელე ითხოვს ვ. გ-ას მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრში წარდგენილ №882016536240 განცხადებაზე - 1072 კვ.მ ფართის ნაწილში მოპასუხისათვის წარმოების განახლების დავალებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სამტრედიის რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ 2016 წლის 16 მაისიდან დებულების 31-ე მუხლის თანახმად, ტერიტორიული სტრუქტურული ქვედანაყოფის - ფილიალის ფუნქციები და კომპეტენცია შეკვეცილი და შეზღუდულია და იგი აღარ წარმოადგენს უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურულ ერთეულს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 31-ე მუხლის თანახმად, ფილიალის საქმიანობის მიზანია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შესრულება კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. კერძოდ, ფილიალის ძირითადი ფუნქციებია: ა) განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების გაცემა; ბ) სარეგისტრაციო პროცედურებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირება და მათთვის კონსულტაციის გაწევა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, გარიგებების მხარეების ხელმოწერების დადასტურება; დ) შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ე) განხორციელებული საქმიანობისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველი კვარტლის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უფლებამოსილი პირებისთვის; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ზ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელების ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამდენად, ფილიალის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძვლის - განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების გაცემა მის სამოქმედო ტერიტორიაზე. ასევე, ფილიალის უფლებამოსილებაა შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ ამ დრომდე მიღებული განჩინებებით დადგენილი პრაქტიკის შეუცვლელად (იხ. სუს. 16.04.15წ. საქმე №ბს-721-707 (გ-14)), მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 (საერთო განსჯადობა) მუხლთან ერთად, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები, აღნიშნული ნორმების თანახმად: სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ - ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი ქონებრივი დავის გამო, ამდენად, ფაქტობრივად, ფიზიკურ პირებს შორის სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობას, რამდენადაც სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერება ფიზიკურ პარებს შორის სადავო ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაზე, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფილიალი კანონმდებლობით და დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ფუნქციების შემსრულებელ ტერიტორიულ სუბიექტს. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული საპროცესო სუბიექტის უძრავი ნივთის მესაკუთრის მიმართაც. ამდენად, იმისათვის, რომ არ დაირღვევს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განმახორიციელებელი ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით და სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებული ქონება - მიწის ნაკვეთი მდებარეობს სამტრედიაში, ... გამზირის №...-ში და სასამართლოს მოსაზრებით სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, რამეთუ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განხორციელების ფუნქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მეშვეობით.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. ამასთანავე, იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია ფილიალი, სარჩელის განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით (საერთო განსჯადობის) გათვალისწინებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ. სუს. 16.04.15წ. საქმე №ბს-721-707 (გ-14)).

საგულისხმოა, რომ ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 35.2 მუხლის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ ფილიალების უფლებამოსილების შეზღუდვა, ფილიალების იურიდიული მისამართის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არ აქცევს არაგანსჯადად, რამდენადაც აღნიშნული გამოიწვევს რეგიონული ოფისების მიხედვით, სასამართლოების გადატვირთვას და ფილიალების ადგილსამყოფლის მიხედვით, სასამართლოების ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირებას, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.

სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ დავებზე, სადავო ქონების ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ვ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე