Facebook Twitter
საქმე Nბს-135-133(კ-17) 20 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ც-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)
მესამე პირი - ქ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ც-მა 2014 წლის 10 დეკემბერს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის N5606 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 დეკემბრის N252744 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა და მის საფუძველზე მიღებული მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, მცხეთაში, ზაჰესის დასახლებაში, ... ქ. N9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ქ. ც-ის №882014522421 განცხადების საფუძველზე, ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე სარჩელით განმარტავდა, რომ 2014 წლის 1 ოქტომბერს №882014522421 განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე, მცხეთა ზაჰესი, ... ქ. N9. აღნიშნულ განცახებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 3 დეკემბრის N252744 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი შეჩერების გადაწყვეტილების მიღება და ამ დავალების საფუძველზე მიღებულ იქნა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელის აზრით, უკანონო იყო ამიტომ ითხოვდა ამ აქტების ბათილად ცნობას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 დეკემბრის №252744 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის №5606 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზაჰესი, ... ქ. N9-ში მდებარე 1184 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N2/198) საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და უნდა შესრულდეს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები, მათ შორის, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის. მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ყველას მიმართ შესასრულებლად სავალდებულო ძალისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მოთხოვნებს, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. იმავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/198) დაკმაყოფილდა ა. ც-ის და მ. ც-ის სარჩელი, 1968 წლის 9 ივლისს ლ. ც-სა და ი. ბ-ეს შორის დადებული გარიგება, დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მშენებარე სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, ცნობილი იქნა კანონიერად და ბათილად იქნა ცნობილი 1978 წლის 13 დეკემბრის ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. ბ-ემ ზემოაღნიშნული სახლი აჩუქა თავის შვილებს - ქ. და ა. ბ-ეებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მესამე გვერდზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2001 წლის 10 სექტემბერს. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული თარიღი უნდა იქნეს მიჩნეული მოთხოვნის წარმოშობის მომენტად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოითვალა ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა მისი წარმოშობიდან დასრულებამდე პერიოდში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/198) დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2001 წლის 10 სექტემბერს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულ პირს, რომლის სასარგებლოდაც იქნა ეს გადაწყვეტილება გამოტანილი, უფლება ჰქონდა ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვა მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2001 წლის 10 სექტემბრიდან 10 წლის განმავლობაში ანუ 2011 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-მა თავდაპირველად 2011 წლის 14 ივლისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/198) და 2011 წლის 25 მაისის სამკვიდროს მოწმობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ პერიოდისათვის განცხადება შეტანილი ნამდვილად იყო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადის დაცვით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 ივლისის №882011337914-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ა. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით, ხოლო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №882011337914-03 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ა. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ, ა. ც-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ, ქ. ც-მა 2014 წლის 1 ოქტომბერს კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/198) და 2014 წლის 21 ივნისის სამკვიდრო მოწმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ოქტომბრის №882014522421-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მინდობილობაში არ იყო მითითებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობისას. ქ. ც-ის წარმომადგენლის მიერ სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის №882014522421-05 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან გასული იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა და სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარებოდა. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2014 წლის 21 ნოემბერს მიიღო №882014522421-06 გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის № 882014522421-05 გადაწყვეტილება ქ. ც-ის მიერ გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 3 დეკემბრის №252744 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის №882014522421-05 და 2014 წლის 21 ოქტომბრის №882014522421-05 გადაწყვეტილებები, ამასთან, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან გასული იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა და სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, წარმოსადგენი იყო კანონით დადგენილი წესით გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2015 წლის 13 იანვარს მიიღო №882014522421-09 გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილება ქ. ც-მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2015 წლის 13 იანვრის N5606 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2014 წლის 1 ოქტომბრისათვის, როდესაც ა. ც-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ქ. ც-მა კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა - ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უკვე გასული იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი (საქმე N2/198) მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურს უფლება ჰქონდა ეს გადაწყვეტილება არ ჩაეთვალა რეგისტრაციისათვის აუცილებელ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად, მისი აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურს უფლება ჰქონდა განცხადებაზე შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებლისათვის მოეთხოვა უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტის წარდგენა, რაც ქ. ც-ს არ განუხორციელებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ც-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა ასევე სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ უფლებამოსილი პირი შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ისეთი საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანიზაციისათვის მიმართვა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე გავლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა იწყება თავიდან. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობის საფუძველს ქმნის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ 2011 წლის 14 ივლისს საჯარო რეესტრისათვის მიმართვა გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით გახდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი და ვადის ათვლა დაიწყო თავიდან. ამასთან, ხანდაზმულობის მუხლების გამოყენება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კასატორს კანონშეუსაბამოდ მიაჩნია, რამდენადაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით აღიარა სამართალურთიერთობის არსებობა ლ. ც-სა და ი. ბ-ეს შორის და თვისი გადაწყვეტილებით ფორმადაუცველ გარიგებას მიანიჭა კანონიერი ძალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მცხეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1955 წლის 5 ივლისის N506 გადაწყვეტილებით ი. ბ-ეს ზაჰესის ტერიტორიაზე გამოეყო 1500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინის მშენებლობისათვის.
1968 წლის 9 ივლისს ი. ბ-ესა და ლ. ც-ს შორის შედგა ხელწერილი, რომლის თანახმადაც, ი. ბ-ემ ვერ შეძლო ლ. ც-ისთვის დაებრუნებინა 5000 მანეთი, აღნიშნული ვალის დაფარვის მიზნით ი. ბ-ემ ლ. ც-ს გადასცა საკუთარი სახლი თავისი ბაღით, მდებარე დაბა ზაჰესში, ... ქუჩაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/198) დაკმაყოფილდა ა. ც-ისა და მ. ც-ის სარჩელი, 1968 წლის 9 ივლისს ლ. ც-სა და ი. ბ-ეს შორის დადებული გარიგება, დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მშენებარე სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, ცნობილი იქნა კანონიერად და ბათილად იქნა ცნობილი 1978 წლის 13 დეკემბრის ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. ბ-ემ ზემოაღნიშნული სახლი აჩუქა თავის შვილებს - ქ. და ა. ბ-ებს.
2011 წლის 18 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად დგინდება, რომ 1969 წლის 17 მარტის სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე 1184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები აღირიცხა ი. ბ-ის სახელზე, რომელმაც 1978 წლის 13 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით აღნიშნული ქონება აჩუქა შვილებს - ქ. ბ-ეს და ა. ბ-ეს. ამავე ცნობა-დახასიათების თანახმად, საქმეზე ფანქრით ფიქსირდება ჩანაწერი - ,,გაუქმებულია 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საქმე N2/198“, თუმცა საქმეში აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოდგენილი არ არის.
2011 წლის 25 მაისს ნოტარიუსმა, ლ. ო-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც 2009 წელს გარდაცვლილი ლ. ც-ის მემკვიდრეა ა. ც-ი, რომელმაც მიიღო სამკვიდრო.
2011 წლის 14 ივლისს ა. ც-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/198) და 2011 წლის 25 მაისის სამკვიდროს მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 ივლისის №882011337914-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ა. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას თანდართული 1968 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებით ლ. გ. ც-ს გადაეცა ი. ი. ბ-ისგან საცხოვრებელი სახლი ბაღით, მდებარე ზაჰესში, ... ქუჩაზე, ხოლო წარმოდგენილი საარქივო ცნობით NAA2011018226-06 27.06.2011წ. 1955 წლის 5 ივლისის N506 გადაწყვეტილებით ი. ი. ბ-ეს გადაეცა 1500 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე ზაჰესის ტერიტორიაზე, არმაზის უბანში, რაც ურთიერთშეუსაბამო იყო. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის წარმოსადგენი იყო უძრავი ნივთის მისამართის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი შესაბამისი ორგანოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოსადგენი იყო ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემების შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (1184 კვ.მ. მიწის ფართობზე).
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2011 წლის 16 სექტემბერს მიიღო №882011337914-03 გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ა. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
2014 წლის 21 ივნისს ნოტარიუსმა - თ. გ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც 2013 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი ა. ც-ის კანონისმიერი მემკვიდრეა ქ. ც-ი, რომელმაც მიიღო სამკვიდრო.
2014 წლის 1 ოქტომბერს ქ. ც-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში, ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/198) და 2014 წლის 21 ივნისის სამკვიდრო მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 ოქტომბრის №882014522421-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მინდობილობაში არ იყო მითითებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობისას.
ქ. ც-ის წარმომადგენლის მიერ სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის №882014522421-05 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან გასული იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა და სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარებოდა. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2014 წლის 21 ნოემბერს მიიღო №882014522421-06 გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის № 882014522421-05 გადაწყვეტილება ქ. ც-ის მიერ გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 3 დეკემბრის №252744 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ოქტომბრის №882014522421-05 და 2014 წლის 21 ნოემბრის №882014522421-05 გადაწყვეტილებები, ამასთან, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან გასული იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა და სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, წარმოსადგენი იყო კანონით დადგენილი წესით გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2015 წლის 13 იანვარს მიიღო №882014522421-09 გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილება ქ. ც-მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2015 წლის 13 იანვრის N5606 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საკასაციო პალტა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/198) დაკმაყოფილდა ა. ც-ის და მ. ც-ის სარჩელი მოპასუხეების - ა. ბ-ის, ქ. ბ-ისა და მესამე პირის - დ/ზაჰესის გამგეობის მიმართ, „ყიდვა-გაყიდვის გარიგების კანონიერად ცნობისა და ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ“; 1968 წლის 9 ივლისს ლ. ც-სა და ი. ბ-ეს შორის დადებული გარიგება დ. ზაჰესში, ... ქ. N9-ში მშენებარე სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ცნობილ იქნა კანონიერად; ბათილად იქნა ცნობილი 1978 წლის 13 დეკემბრის ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. ბ-ემ ზემოაღნიშნული სახლი აჩუქა თავის შვილებს - ქ. და ა. ბ-ეებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მესამე გვერდზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2001 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნული თარიღი წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა ა. ც-მა 2011 წლის 14 ივლისს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაბა ზაჰესში ... ქუჩა N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/198). მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2001 წლის 10 სექტემბერი) 10 წლის ვადაში უფლების სარეგისტრაციოდ წარედგინა საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძელზე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, ვინაიდან უფლებამოსილმა პირმა შეიტანა განცხადება სახელმწიფო ორგანოში მოთხოვნის არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის 14 ივლისს შეწყვეტილი ხანდაზმულობის ვადა უნდა დაიწყოს თავიდან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით სადავო აქტიების ბათილად ცნობა არ იძლევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ც-ის №882014522421 განცხადების საფუძველზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეჩერდა უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ხანდაზმულობის გამო და გადაწყვეტილება არ შეიცავს რეგისტრაციის სხვა საფუძვლებზე მსჯელობას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ხანდაზმულობის ვადის გამო რეგისტრაციაზე უარის თქმა. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს საკითხი, რომელიც არ ყოფილა სადავო აქტებით გადაწყვეტილი, რამდენადაც ქ. ც-ის 2014 წლის 1 ოქტომბრის N882014522421 განცხადებაზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირველ და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ნახევარი - 200 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 დეკემბრის №252744 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის №5606 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №882014522421-08 გადაწყვეტილება;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ნახევრის - 200 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე