საქმე №ბს-312-310(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თ. ქ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. კ-მა 2014 წლის 9 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თ. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად მატერიელური ზიანის - 120000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ხ. ჯ-ი და ბ. კ-ე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. კ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 61-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლი, რომელის თანახმად აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო რეესტრში აღრიცხული ქონება. აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 69-ე მუხლზე, რომლის თანახმად სავალდებულოა აუქციონის გამართვამდე მოხდეს გასასხვისებელი იპოთეკით დატვირთული დაუზუსტებელი ქონების შეფასება. რა შემთხვევაშიც ქონება გაიყიდებოდა მის შესაბამის ფასად. კასატორი სმოსაზრებით, სასამართლოებმა ასევე არასწორად მიუთითეს, რომ არ არსებობს ქ. კ-ისათვის მიყენებულ ზიანსა და აღმასრულებლის ქმედებას შორის პირდაპირი კავშირი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2012 წლიდან, როდესაც ქ. კ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებლის მიერ გასხვისდა მისი ქონების დაურეგისტრირებელი ფართი, რომელიც არ იყო მითითებული სააღსრულებო ფურცელში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რა ფორმის სარჩელი უნდა იქნას აღძრული, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნის მიღწევა სურს მოსარჩელეს. პირმა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, პირველ რიგში, თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის მისაღწევად. მართალია, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირს გაუწიოს სათანადო დამხარება (დაეხმაროს სარჩელის ტრანსფორმირებაში), მაგრამ დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციას მიეკუთვნება. მოსარჩელე თავად განსაზღვრავს სარჩელის შინაარსსა და მოცულობას, სასამართლო კი შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ძირითადად განასხვავებს შეცილებით, მავალდებულებელ და აღიარებით სარჩელებს. მოცემულ შემთხვევაში ქ. კ-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, აღძრული არის მავალდებულებელი სარჩელი. ეს არის სარჩელი ქმედების განხორციელების - ზიანის ანაზრაურების თაობაზე.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. კ-ის კუთვნილ ქონებაზე სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კრედიტორ ე. მ-ას განცხადება და „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ იურიდიული კომპანია შპს „...“ 2008 წლის 19 ივნისის №01/08-224 სააღსრულებო ფურცელი, იძულებითი საჯარო აუქციონი კი ჩაატარა აღმასრულებელმა თ. ქ-მა. ქ. კ-ის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა 2008 წლის 24 დეკემბერს გამართულ აუქციონზე და მოსარჩელისთვის ცნობილი იყო აუქციონის გამართვის თარიღის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ. ქ-ის მიერ 2008 წლის 25 დეკემბერს გამოიცა №01/01-07/08-289 განკარგულება, რომლის მიხედვითაც ქ. კ-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონების, მდებარე თბილისი, ... ქუჩა, კორპუსი 5, ბინა 31, მესაკუთრე გახდა ა. მ-ე. ასევე დადგენილია, რომ 2009 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელეს ჩაბარდა სააღსრულებო წარმოების საქმის მასალის ასლები და შესაბამისად, მისთვის ცნობილი გახდა 2008 წლის 25 დეკემბრის №01/01-07/08-289 განკარგულების შესახებაც. სადავო პერიოდში მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ქ. კ-ს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე 2008 წლის 25 დეკემბრის №01/01-07/08-289 განკარგულება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ არ ქცეულა აღმასრულებლის ქმედებები. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. განსახილველ შემთხვევაში, თ. ქ-ის ქმედებათა უკანონობა არ არის დადასტურებული კანონმდებლობის შესაბამისად. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. კ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ... ქუჩა, კორპუსი 5, ბინა 31, საერთო ფართი წილით: 44.00/1391.00, სარეგისტრაციო №..., იძულებითი საჯარო აუქციონის წესით რეალიზაცია განხორციელდა 2008 წლის 24 დეკემბერს, ამასთან 2009 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელეს ჩაბარდა სააღსრულებო წარმოების საქმის მასალის ასლები, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 9 სექტემბერს, შესაბამისად, ქ. კ-მა სარჩელი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ ართმევს პირს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ამდენად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად ეთქვა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე