¹939აპ.-09 9 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით ვ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 17 თებერვლიდან.
ვ. ჯ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით: საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
სს „პ-ში“ სარჩელის უზრუნველსაყოფად ვ. ჯ-ის დაყადაღებული საბანკო ანგარიში ¹..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩა დაყადაღებული.
დამტკიცდა 2009 წლის 5 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. ჯ-სა და განსასჯელ გ. მ-ეს შორის.
იმავე განაჩენით გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, რისთვისაც იმავე კოდექსის 55-ე მუხლისა და 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მას სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით გ. მ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 17 თებერვლიდან – 19 თებერვლის ჩათვლით.
გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, გ. მ-ეს ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი 600 აშშ დოლარი, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ პირს, საფინანსო სააგენტოს.
გ. მ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენით ვ. ჯ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ვ. ჯ-ემ დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 14, 7194 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საიდანაც ნაწილი _ 0, 3344 გრამი, ანუ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 2009 წლის 17 თებერვალს უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ გ. მ-ეზე, რაც ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკისას.
2009 წლის 17 თებერვალს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დააკავეს ვ. ჯ-ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 3, 4625 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას _ განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 10, 9225 გრამი, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
სულ ვ. ჯ-ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 14, 7194 გრამი ნარკოტოიკული საშუალება _ „ჰეროინი“, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობით _ 0, 3344 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ გ. მ-ეზე.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ჯ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ჩხრეკა ჩატარდა დამსწრეთა მონაწილეობის გარეშე და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, რასაც მხარი დაუჭირა მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმაც.
პროკურორმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა _ ადვოკატმა გ. მ-ემ საჩივარში აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, სასამართლოზე განხილული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის უხეში დარღვევით. ამდენად, მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა, ალტერნატივის სახით კი – განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის (წინააღმდეგ შემთხვევაში _ საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების) შესახებ, უსაფუძვლობის გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის _ მ. ბ-ის, თ. ო-ის, ლ. ქ-ის ჩვენებებით, განსასჯელ გ. მ-ის ჩვენებით, დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის ¹223 ს/ქ დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით ვ. ჯ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიებაში მსჯავრდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები მას არ ეკუთვნის, მაგრამ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვ. ჯ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ იგი პირველადაა სამართალში, არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ჰყავს ორი შვილი, რომლებსაც ზრდის მეუღლის გარეშე; მისი დაკავების შემდეგ დედამისმა – ნ. ჯ-ემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მისი შვილები დარჩნენ უმეთვალყურეოდ, მეზობლები მას ახასიათებენ დადებითად და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 4 წლით და სასჯელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ვ. ჯ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ვ. ჯ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 4 წლით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.