საქმე #bs-558-555(კს-17) 29 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ა. ფ-ი, ზ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი - დ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-მა და ა. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №157490 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 24 მაისის №422 ბრძანებისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2010 წლის 14 იანვრის №20 მიმართვის არარა აქტებად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ა. ფ-ის და ზ. ფ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ზ. ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით ა. ფ-ის და ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ფ-მა და ზ. ფ-მა და მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ფ-ის და ზ. ფ-ის კერძო საჩივარი, თავისი არსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო, ა. ფ-ის და ზ. ფ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ფ-ის და ზ. ფ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. ფ-ის და ზ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 ივნისის №157490 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 24 მაისის №422 ბრძანებისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2010 წლის 14 იანვრის №20 მიმართვის არარა აქტებად აღიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ა. ფ-ის და ზ. ფ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული. ამდენად, განმცხადებლების მიერ განცხადებაში მითითებულ სადავოდ გამხდარ მოთხოვნაზე არსებითად იმსჯელა არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, რომლის განჩინებაც კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მხარეების მიერ, კერძო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის განჩინება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, მით უფრო ამ ვითარებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა აღნიშნული საქმე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის მოთხოვნით ა. ფ-ს და ზ. ფ-ს უნდა მიემართათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ფ-ის და ზ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შესახებ, სსკ-ის 424-ე მუხლის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ფ-ის და ზ. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე