საქმე №ბს-279-277(უს-17) 13 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლისა და 2017 წლის 7 მარტის განჩინებებზე.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. დ-მა 2014 წლის 7 ივლისს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ნ. ხ-ის, შპს „...“ და სს „...“ მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ყაზბეგის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების გამგის) მიერ 1993 წლის 10 ნოემბერს ნ. ხ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №48/2 მოწმობა, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ისთვის გაცემის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (სააღრიცხვო ბარათი) ნ. ხ-ისთვის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2011 წლის 28 აპრილის (№882011184888-03) გადაწყვეტილება ნ. ხ-ისთვის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების გამგის მიერ 1993 წლის 10 ნოემბერს ნ. ხ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №48/2 მოწმობა, 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ისთვის გაცემული ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2006 წლის 29 დეკემბრის სააღრიცხვო ბარათი (განცხადების №286/2006) კ. დ-ის კუთვნილი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური“ 2011 წლის 28 აპრილის №882011184888-03 გადაწყვეტილება კ. დ-ის კუთვნილი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურმა და ნ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით კ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. დ-ის შუამდგომლობა ნ. ხ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე, (მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ... , ს.კ. ... ) ყადაღის დადების და ნ. ხ-ისათვის სამშენებლო სამუშაოების წარმოების აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; კ. დ-ის შუამდგომლობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა უძრავ ქონებაზე მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ... , ს.კ. ... , შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დავის განხილვის ამ ეტაპისათვის კ. დ-ის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, ამასთან, წარმოდგენილია უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე ინტერნეტ ქსელიდან ამოღებული განცხადება, რომელიც ადასტურებს ქონების გასხვისების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ პირობებში სააპელაციო პალატამ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია და მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა ნ. ხ-მა. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კ. დ-ის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განიჩინებით შეიზღუდა არა მარტო მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება, არამედ მესამე პირის - ნ. ხ-ის უფლება განკარგოს მის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის სადავო. აღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორის მოსაზრებით მასზე გავრცელდა მოპასუხის ვალდებულებები, რაც არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით ნ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივარში ნ. ხ-ს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებულ საფუძვლებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებებს. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს შეზღუდვა შეეხო იმ მიწის ნაკვეთსაც, რომელიც არ წარმოადგენს დავის საგანს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული პრევენციული ღონისძიება ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების აკრძალვას. კონკრეტულ საკადასტრო კოდზე რიცხული ქონების მონაცემის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქმედების ნაწილობრივ შეზღუდვაზე, რამდენადაც ასეთ პირობებში განჩინება ტექნიკურად ვერ აღსრულდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა კ. დ-მა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: ყადაღა დაედოს ნ. ხ-ის სახელზე რიცხულ ქონებას, მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ... , ს.კ. 74.02.13.139; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს რეგისტრირებულ უფლებაზე შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელება; ნ. ხ-ს აეკრძალოს სამშენებლო სამუშაოების წარმოება სადავო ტერიტორიაზე.
მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა იმ დასაბუთებით, რომ ინტერნეტ ქსელში განთავსებულია ინფორმაცია ნ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - „უნივერსალური კომერციული ფართის“ გაყიდვის შესახებ. ამდენად, შესაძლოა ნ. ხ-მა სადავო უძრავი ქონება გაასხვისოს, რის გამოც შეუძლებელი გახდება სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში გარკვეული მოქმედებების აკრძალვის შესახებ, რადგან რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ქმედებების: ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა და სხვა ქმედებების განხორციელების აკრძალვის პირობებში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს ერთმევა შესაძლებლობა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს ის უძრავი ქონება, რომლებზეც შესაძლოა მოსარჩელის უფლებების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე სათანადო ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით მოითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სარჩელი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წინაპირობებს იმ რაოდენობით, რამდენიც საჭირო იქნება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მიზნის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლისა და 2017 წლის 7 მარტის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე