№ბს-451-448(უს-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
შპს ,,კ...“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირები - ს/ს ,,...“
შპს ,,ჯ...“
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. წ-მა მოპასუხეების - შპს ,,კ...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ს/ს ,,...“ და შპს ,,ჯ...“.
მოსარჩელემ 2002 წლის 19 თებერვლის №58/220ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ... სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ... სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. წ-მა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის გაჩინებით ე. წ-ის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
2016 წლის 15 თებერვალს აპელანტმა - ე. წ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღა დადებოდა შპს ,,კ...“ სახელზე, ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით ე. წ-ს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი მოწინააღმდეგე მხარის შპს ,,კ...“ ქონების შესახებ უახლესი მონაცემებით ინფორმაციის (ამონაწერი/ცნობა საჯარო რეესტრიდან) წარსადგენად და მითითებული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5-დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე ე. წ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ე. წ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ე. წ-ის მიერ წარდგენილ საჩივარში ვერ იქნა მითითებული ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შესახებ, რაც საჩივრის დაკმაყოფილებას შესაძლებელს გახდიდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - ე. წ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,კ...“ სახელზე, ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ე. წ-ს შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლომ დაუდგინა ხარვეზი მოწინააღმდეგე მხარის შპს ,,კ...“ ქონების შესახებ უახლესი მონაცემებით ინფორმაციის (ამონაწერი/ცნობა საჯარო რეესტრიდან) წარსადგენად და მითითებული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა, ხოლო ე. წ-ის მიერ ვერ იქნა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შპს ,,კ...“ ახალი ამონაწერი/ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომლის ქონებაზეც ითხოვდა ყადაღის დადებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა შუამდგომლობა განუხილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. წ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. წ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლისა და 2017 წლის 13 აპრილის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი