Facebook Twitter

ბს-500-497(კ-17) 14 ივლისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ კონკურენციის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 13.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიმართ მოპასუხის 14.07.2015წ. N81 ბრძანების და ამ ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს ჯარიმის სახით დაეკისრა 14 381 385 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.10.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.12.2015წ. განჩინებით შპს „...“ განემარტა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებით სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, კანონის საფუძველზე შეჩერებულად ითვლება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ კონკურენციის სააგენტოს 14.07.2015წ. ბრძანების მოქმედება შპს „...“ მიმართებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 12.11.2014წ. N14 ბრძანების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ფარგლებში საავტომობილო საწვავის ბაზარზე გამოვლენილი სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ“ სსიპ კონკურენციის სააგენტოს 14.07.2015წ. N81 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა შპს „...“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი და ამ დარღვევისთვის მას დაეკისრა ჯარიმა და სსიპ კონკურენციის სააგენტოს დაევალა საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან უზენაეს სასამართლოს მოცემული დავის განხილვამდე მსგავს სამართლებრვი საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სახეზეა პირველი დავა, შესაბამისად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მსჯელობა მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებზე, ქმედების დენად ხასიათსა და ხანდაზმულობის საკითხებზე. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი ეთმობა პირველი ინტანციის სასამართლოსა და აპელანტის პოზიციების დაფიქსირებას, თუმცა უგულებელყოფილია სააგენტოს არგუმენტები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, შეფასების გარეშე არის დატოვებული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშნელოვანი საკითხები. ასევე გაურკვეველია რა საკითხების გამოკვლევა და რა ოდენობისა თუ შინაარსის მტკიცებულებების მოძიება დაევალა სააგენტოს, სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულ ხარვეზებზე, რომლებიც ორგანომ უნდა გამოასწოროს, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ორგანო ჩაატარებს ახალ ადმინისტრაციულ წარმოებას, გაიღებს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსს, ხოლო შემდგომ სასამართლო კვლავ არ დაეთანხმება კანონის ორგანოსეულ ინტერპრეტაციას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ უზენაესმა სასამართლომ განმარტოს სადავო ნორმები. კასატორი მიიჩნევს აგრეთვე, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან არ დასტურდება სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია კანონის დროში მოქმედებაზე, უკუძალის საკითხზე. კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ახნა-განმარტება ჩამოერთვა არაერთ პირს, პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა სავარაუდო სამართალდამრღვევსაც.

კასატორმა აღნიშნა, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული ქმედება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განმარტებულია როგორც ქმედება, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღწევია ფორმალურ შეთანხმებამდე, მაინც გამიზნულად ახდენს კონკურენციული რისკების პრაქტიკული თანამშრომლობით ჩანაცვლებას (გადაწყვეტილება საქმეზე „ICI კომისიის წინააღმდეგ“,1972), შესაბამისად, მთავარია დადგინდეს, გარკვეული ქმედება პრაქტიკული თანაშრომლობის გამოხატულებაა, თუ ბაზარზე დამოუკიდებელ ქმედებად წარმოადგენს („ევროკავშირის კონკურენციის სამართალი:ტექსტი, გადაწყვეტილებები და მასალები“, Jones, Sufrin, გვ.710). ამასთანავე, ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაში აღიარებულია, რომ შესაძლოა სახეზე იყოს „ერთიანი შეთანხმება“, რომლის მხარეებს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროთ მთლიანად კარტელურ შეთანხმებაში მონაწილეობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს კონკურენციის შემზღუდველ მხოლოდ ცალკეულ ქმედებებში. ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით როდესაც არ მოიპოვება თანამშრომლობის პირდაპირი მტკიცებულება, პარალელურმა ქმედებამ შეიძლება იქონიოს გარემოებრივი მტკიცებულების როლი, როდესაც ეს ისეთი ქმედებაა, რომელსაც ამ კონკრეტულ ბაზარზე წესით ადგილი არ უნდა ჰქონოდა და თუ არ არსებობს შედეგის ალტერნატიული დამაჯერებელი ახსნა, ამასთანავე, პარალელული ქმედება თავისთავად არ უტოლდება შეთანხმებულ ქმედებას, თუმცა წარმოადგენს ამ უკანასკნელის ძლიერ მტკიცებულებას, თუკი პარალელურ ქმედებას მივყავართ ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც არ შეესაბამება ბაზრის ნორმალურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფასთა პარალელიზმის მაღალი მაჩვენებელი უდავოა, რაც არ წარმოადგენს ბაზრის ჩვეულებრივი განვითარების შედეგს, სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული არის ხელოვნური მანიპულაციების შედეგი, შესაბამისად, სამართლადამრღვევებისათვის სანქციების დაწესება მართლზომიერად განხორციელდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ კონკურენციის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დივერგენციის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია კასატორის მოსაზრება, რომ სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, რადგან უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე აქამდე არ უმსჯელია, ამასთანავე, განმარტებას საჭიროებს „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი, შესაფასებელია სამართალდარღვევის დენადი ხასიათი, ხანდაზმულობის საკითხი და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია, უზენაესი სასამართლო არ ახდენს ნორმათა აბსტრაქტულ, ზოგად განმარტებას. უკეთუ ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნორმათა განმარტების სისწორეზე, რადგან სუბსუმფციის განხორციელების უპირველესი პირობა სწორედ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენაა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების შესრულების დელეგირება, მით უფრო რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. „კონკურენციის შესახებ“ კანონის დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო არის სსიპ კონკურენციის სააგენტო (კანონის მე-4 მუხ.), რომელიც ახდენს კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგსა და ანალიზს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, განხილვას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას (საქართველოს მთავრობის 14.04.2014წ. N288 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ კონკურენციის სააგენტოს დებულების“ 3.1 მუხ. „ბ“, „ე“ ქვ.პ.). აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო აწარმოებს საქმის მოკვლევას, რომლის ფარგლებშიც იღებს ეკონომიკური აგენტებისა და დაინტერესებული პირებისგან ინფორმაციას, ადგილზე ახდენს აგენტების შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში აწყობს შეხვედრებს, ახდენს ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას, იწვევს ექსპერტებს, გამოითხოვს ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის საგადასახადო ორგანოებიდან (დებულების 3.2 მუხლი). ამასთანავე, სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ეკისრება სზაკ-ით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც დაეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადოდ გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული (სზაკ-ის 53.5, 96.1, 96.2 მუხ.), ამ მიზნით ორგანო გამოითხოვს დოკუმენტებს, აგროვებს ცნობებს, უსმენს დაინტერესებულ მხარეებს, ნიშნავს ექსპერტიზას, მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა სრულად შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით (სზაკ-ის 97-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, დასკვნაში განვითარებული მსჯელობა უმეტესად ზოგადი ხასიათისაა და არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პარალელული ქმედების არსებობა იმთავითვე არ ადასტურებს ეკონომიკურ აგენტებს შორის მართლსაწინააღმდეგო შეთანხმებას. კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების დადასტურებისათის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ აგენტებს შორის კომუნიკაციის ფაქტის დადგენას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, სააგენტოს მითითებით, მას არ გააჩნია. პირდაპირი მტკიცებულებების მოუძიებლობის შემთხვევაში, აუცილებელია სახეზე იყოს არაპირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც სარწმუნოდ, ეჭვგარეშე დაადასტურებს შეთანხმებული ქმედების არსებობას. სააგენტო აღნიშნავს, რომ ფასთა პარალელიზმის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი შეუძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ბაზრის ნორმალური განვითარების პირობებში, თუმცა არ ასაბუთებს როგორ განვითარდებოდა ბაზარი შეთანხმების გამორიცხვის შემთხვევაში, როგორ ჩამოყალიბდებოდა ბაზრის სტრუქტურა, რა სახის იქნებოდა კონცენტრაცია ან სხვანაირად იმოქმედებდნენ თუ არა ე.წ. „ხუთეულის“ წევრები.

იმპორტიორთა უმრავლესობის მიერ საქმიანობის შეწყვეტა, ბაზარზე ოლიგოპოლიის ჩამოყალიბება უტყუარად აგრეთვე არ ადასტურებს შეთანხმებული ქმედების არსებობას, რადგან სააგენტოს სათანადოდ არ გამოუკვლევია რამ გამოიწვია სხვა იმპორტიორთა ბაზრიდან გასვლა. მხოლოდ ზოგადი მითითებები ბარიერების დაწესების და შპს „...“ ბრალეულობის შესახებ არ ასაბუთებს სააგენტოს მოსაზრებას, რადგან არ არის გამოკვეთილი მიზეზობრივი კავშირი შპს „...“ კონკრეტულ ქმედებებსა და არსებული შეზღუდვების წარმოქმნას შორის, ახსნა-განმარტებები ძირითადად არ ეფუძნებიან ობიექტურ, დადასტურებად ფაქტობრივ გარემოებებს, ზოგადი ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი, ამასთან, იმპორტის ხელშემშლელ გარემოებად ზოგ შემთხვევაში მითითებულია პრობლემები საბაჟოზე, რკინიგზაზე, საწვავის სიძვირე და სხვ., თუმცა არ არის დადგენილი თუ როგორ გამოიწვევდა შპს „...“ აღნიშნულ დაბრკოლებებს. სააგენტოს მითითებით იმპორტი გაძნელებული იყო არამარტო აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან და ზღვიდანაც, თუმცა დაუდგენელი რჩება რა მექანიზმების გამოყენებით შეეძლო კერძო სამართლის იურიდიულ პირს მსგავსი მასშტაბების შეზღუდვების უზრუნველყოფა. ამდენად, იმპორტის ბარიერების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს სარწმუნოდ უნდა დაესაბუთებინა ამ ბარიერების შპს „...“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით განპირობება, რაც არ განუხორციელებია.

სადავო აქტის მიხედვით შპს „...“ ე.წ. „ხუთეულის“ წევრებთან ერთად უარს ამბობდა მცირე ზომის ეკონომიკური აგენტებისათვის საწვავის მიწოდებაზე. აღნიშნული მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, დადგენას საჭიროებს ხომ არ იყო მიწოდებაზე უარი განპირობებული ობიექტური გარემოებებით, მაგ.: მისაწოდებელი საწვავის ღირებულებაზე, ოდენობასა და გადახდის წესზე შეუთანხმებლობით, დავალიანების არსებობით და ა.შ.. სააგენტოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რომ შპს „...მა“ მცირე ეკონომიკური აგენტებისათვის საწვავის მიწოდებაზე უარი განაცხადა იმავე სახელშეკრულებო პირობების არსებობისას, რა პირობებითაც აწვდიდა საწვავს ე.წ. „დაკავშირებულ“ პირებს (მაგ. წინასწარი გადახდა, მისაწოდებელი საწვავის ოდენობა და სხვ.).

ამასთანავე, დაუსაბუთებელია ე.წ. „ხუთეულის“ წევრებს შორის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტის (შპს „ს…“) შემოსვლა და ე.წ. „ხუთეულის“ წევრის - შპს „რ…“ ფოთის პორტში დაბრკოლებების შექმნა.

სააგენტო აქცენტს აკეთებს აგრეთვე საწავის ფასის მკვეთრ მატებაზე, თუმცა არ აქვს გამოკვლეული ფასის განვითარების დინამიკა მსოფლიო ბაზარზე, ასევე არ აქვს შეფასებული თანამდევი ფაქტორების (მაგ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ლარის კურსის ცვალებადობა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი) გავლენა საწვავის ფასის ფორმირებასა და იმპორტის შეფერხებაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, ორგანო ვალდებულია საკითხის ხელახალი განხილვისას იმსჯელოს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს ისინი და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სააგენტოს გადაწყვეტილება სახდელის დაკისრების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს არა დაშვებებსა და ვარაუდებს, არამედ წარმოების ფარგლებში მოპოვებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ კონკურენციის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ კონკურენციის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ.ვაჩაძე