Facebook Twitter

საქმე №ბს-490-487(კს-17) 20 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

კერძო საჩივრის ავტორი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანების, ზ. ს-ის ნაწილში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების, ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 საოქმო გადაწყვეტილების, ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილების, ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 საოქმო გადაწყვეტილების, ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის მიერ უმოქმედობით მიღებული გადაწყვეტილების ამავე კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 ოქმზე მოსარჩელის ნაწილში წარდგენილი შენიშვნების უარყოფის შესახებ ბათილად ცნობა, დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად აუნაზღაურება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების სრული ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ზ. ს-მა სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვის თაობაზე, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის განჩინება მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამავე მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის და ამავე კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი შესაგებლისა და მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის, 2 მარტისა და 30 მარტის საოქმო განჩინებები საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტისა და 2015 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებები საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. შ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში უცვლელად დატოვების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

2016 წლის 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ზ. ს-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის განჩინებით ზ. ს-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიამ).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით ზ. ს-ის შუამდგომლობა საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის განჩინება.

2017 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა განმარტებას 1.სასამართლოს მიერ ზ. ს-ის ატესტაციის შედეგების თაობაზე ოქმების ბათილად ცნობა გულისხმობს თუ არა ატესტაციის სავალდებულო გასაუბრების ეტაპის თავიდან გავლის საჭიროებას; 2. საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ ზ. ს-ის თაობაზე მიღებული ატესტაციის შედეგების იურიდიული ძალის მქონე ოქმის არსებობის გარეშე, აქვს თუ არა უფლება დანიშვნა-განთავისუფლებაზე პასუხისმგებელ პირს - გამგებელს გამოსცეს ზ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის ფორმულირება გულისხმობს თუ არა მხოლოდ ზ. ს-ის მიერ დასაკავებელი თანამდებობის იდენტიფიკაციას, თუ შესაბამისი გარემოებების შესწავლასა და შეფასებაში იგულისხმება გადაწყვეტილების ,,გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთების“ ნაწილში მითითებულ ყველა ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გარემოების ხელახალი შესწავლა და შეფასება.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების 4.29 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ მოხელე ზ. ს-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცალსახად ექვემდებარებოდა ატესტაციის გავლას 2015 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული განმარტების შემდეგ სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ზ. ს-ის მიერ გავლილი ატესტაციის შედეგები (14.11.2014 წლის ოქმი N6, 14.11.2014 წლის ოქმი N1 და 24.11.2014 წლის ოქმი N7), თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის დაევალა თუ არა კომისიას ბათილად ცნობილ საკითხზე ხელახლა მსჯელობა. გარდა ამისა სააპელაციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების 4.29 პუნქტის მე-3 აბზაცის თანახმად დადგინდა, რომ ზ. ს-ის კვალიფიკაცია და დაკავებულ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აპარატში ... თანამდებობასთან შესაბამისობა დადასტურებულია: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 30 სექტემბრის N11 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით, რომლითაც კონკურსის შედეგად მოწონებულ იქნა ზ. ს-ის კანდიდატურა და წარდგენილ იქნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აპარატში ... თანამდებობაზე დასანიშნად. საჯარო სამსახურში ზ. ს-ის ხელმძღვანელი პირის - ა. გ-ის 2014 წლის 9 ოქტომბრის დახასიათებით, ზ. ს-ი შეფასებულია პუნქტუალურ, შრომისმოყვარე და გაწონასწორებულ საჯარო მოხელედ; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასულებელ ორგანოთა სისტემაში ჩატარებული ატესტაციის სავალდებულო ტესტირების ეტაპის შედეგებით, ზ. ს-მა წარმატებით გაიარა ატესტაციის სავალდებულო ეტაპი - მოხელის ტესტირება და 60 ქულა მიიღო 54 ქულა. თუმცა აქვე სასამართლომ ბათილად ცნო 2014 წლის 14 ნოემბრის N6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, რადგან სასამართლოს განმარტებით ასეთი შინაარსის გადაწყვეტილება მოკლებული იყო, როგორ ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს. შედეგად ბათილად იქნა ცნობილი ატესტაციის ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპის გასაუბრების შედეგებიც და შემაჯამებელი გადაწყვეტილებაც, რის საფუძველზეც მოხელეს ჩაეთვლებოდა ატესტაცია გავლილად.

განმცხადებლის განმარტებით, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის ტესტირების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით. აღნიშნულს ადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N11-22 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის N1 სხდომის ოქმის შესაბამისად დამტკიცდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისათვის ატესტაცია მოიცავდა ორ ეტაპს: 1. ტესტირება და 2. გასაუბრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ ცნო ზ. ს-ის ტესტირების შედეგები, თუმცა ბათილად მიიჩნია კომისიის საოქმო გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად გულისხმობს გასაუბრების ეტაპის შედეგების ბათილად ცნობასაც. საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადენილების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „გასაუბრების პროცესში დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებში. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ აქვს შესაძლებლობა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოხელეთა საკონკურსო-სატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N11-22 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს შემაჯამებელი დასკვნა ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე, რის გარეშეც მოხელეს არ ჩაეთვლება ატესტაცია გავლილად.

განმცხადებლის მითითებით, მართალია, სასამართლომ პირდაპირ არ დაავალა კომისიას ზ. ს-ის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ბათილად ცნო სავალდებულო ატესტაციის შედეგები და მხოლოდ ატესტაციის პირველი ეტაპის ტესტირების დადებითი შეფასება მიიჩნია დადასტურებულ ფაქტად, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გასაუბრების შედეგები ბათილია, რაც ნიშნავს, რომ ზ. ს-ის მიერ არასრულად არის გავლილი ატესტაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინებით ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან სახეზე არ არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის გასაგები და განმარტებას არ საჭიროებს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმგვარად, როგორც ამას განმცხადებელი მოითხოვს, ეს გამოიწვევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეცვლას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის იმპერატიული მოთხოვნით დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებები, რაც ამ აქტის გამოსაცემად არის საჭირო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება გამომდინარეობს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნებიდან, რომლის თანახმადაც მოხელე ატესტაციის შედეგად თანამდებობაზე შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ბუნდოვანებაც და გადაწყვეტილების განმარტების საჭიროებაც გამომდინარეობს საკითხიდან, არის თუ არა უფლებამოსილი ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, თანამდებობაზე აღადგინოს მოხელე ისე, რომ მას არ ჰქონდეს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო წესით, გავლილი გასაუბრების ეტაპი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის გასაგები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო საკითხის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ცალსახად შეიცავს მითითებას, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში უცვლელად დატოვების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ნათლად გამომდინარეობს სასამართლოს ნება, რაც დასაბუთებულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ზ. ს-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასმული საკითხები სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, რადგან სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში დადასტურებულად მიიჩნია, ზ. ს-ის მიერ ტესტირებასთან ერთად გასაუბრების ეტაპის წარმატებულად გავლაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე: ,,ზ. ს-ი თანამდებობიდან დათხოვნილია უკანონოდ, მაგრამ ვინაიდან, დიდუბის რაიონის გამგეობაში განხორციელდა რეორგანიზაცია და სტრუქტურულ ერთეულების ფუნქციებში ცვლილება, ამდენად, თუ რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს ზ. ს-ი ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს დიდუბის რაიონის გამგებელმა, რომელსაც აქვს უფლებამოისლება საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე მიიღოს გადაწყვეტილება“(იხ.ს.ფ.252; ტ.4).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი