Facebook Twitter
ბს-381-369(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნიკოლოზ მარგველაშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ს. ტ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ო. ი-შვილი; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო, წარმომადგენელი _ მ. ბ-ძე

მესამე პირები: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი _ თ. ბ-შვილი; 2. სს “...”, წარმომადგენელი _ თ. ლ-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 5 იანვარს ს. ტ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსაგან 34936,5 ლარად შეიძინა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი შენობა (ყოფილი ... სამორიგეო), რის საფუძველზეც 2007 წლის 19 ნოემბერს გადაეცა ¹42-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული შენობა დაკავებული ჰქონდა სს “...”, რომელმაც მოსარჩელეს წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ს. ტ-შვილისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შენობა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 2006 წლის 29 ნოემბერს, სს “...” საკუთრებად კი _ აღნიშნული ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემამდე _ 2007 წლის 29 ივნისს. აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელემ 2009 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის საფუძველზე მის მიერ შეძენილი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლება მოითხოვა, რაზეც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის წერილით უარი ეთქვა.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული წერილი უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველომ მიუთითა, რომ მას უფლებრივად ნაკლიანი ნივთი არ გადასცემია, მაშინ როდესაც სადავო ქონების სს “...” სახელზე არსებული სამართლებრივი რეგისტრაცია ნათელს ხდიდა, რომ მას უფლებრივად ნაკლიანი ნივთი გადაეცა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის მიხედვით, ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო, თუ მესამე პირს არ შეეძლო განეცხადებინა მყიდველისათვის პრეტენზია თავისი უფლებების გამო. მოცემულ შემთხვევაში კი მესამე პირი _ სს “...” არათუ აცხადებდა პრეტენზიას, არამედ საერთოდ არ აძლევდა მოსარჩელეს ნივთის ფლობის საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლი აწესებდა გამყიდველის მოვალეობებს ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, კერძოდ, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონე იყო, გამყიდველს ან უნდა გამოესწორებინა ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხებოდა გვაროვნულ ნივთს, შეეცვალა ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამასთან, ნივთის ნაკლით მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა ზოგადი წესების მიხედვით.
მოსარჩელის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველომ მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ს. ტ-შვილმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანებით ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსათვის, მოსარჩელის მიერ მისგან შეძენილი უძრავი ნივთის, კერძოდ, ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ყოფილი ... სამორიგეო შენობის უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად შპს “...” ჩაება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განჩინებით კი, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური ჩაება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ტ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდებოდა, რომ ნივთის მფლობელი იყო მისი მესაკუთრე. Eეს წესი არ მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდებოდა საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენებოდა არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებდა ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო შენობა ირიცხებოდა საჯარო რეესტრში სს “...” საკუთრებად და იგი ფლობდა და განკარგავდა მას. ს. ტ-შვილს მის მიერ შეძენილი ქონება ფაქტობრივად არ ჩაბარებია და არც მფლობელობა განუხორციელებია მასზე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით კი, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება. სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით კი, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებებით, შეუძლებელი იყო ს. ტ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან იგი ითხოვდა მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქ. ბორჯომში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლებას, ხოლო დოკუმენტების მიხედვით, მას შეძენილი ჰქონდა ქ. ბორჯომში, ... ქუჩის ¹9-ში მდებარე შენობა, რომელიც მის მიერ შესყიდვამდე უკვე წარმოადგენდა სს “...” საკუთრებას.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ს. ტ-შვილი მხოლოდ მის მიერ ნაყიდი ნივთის ნაკლისაგან განთავისუფლებას ითხოვდა და სხვა მოთხოვნა მას არ ჰქონდა, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების თაობაზეც.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ტ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ს. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს დავალდებულება უფლებრივი ნაკლისაგან გაენთავისუფლებინა ს. ტ-შვილის მიერ შეძენილი უძრავი ნივთი, ყოფილი ... სამორიგეო შენობა, მდებარე _ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში და ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული 2007 წლის 15 ნოემბრის ¹42 ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ ს. ტ-შვილმა შეიძინა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრების 133 კვ.მ. საერთო ფართი, დაკავებული 160 კვ.მ. მიწის ფართობით, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის 2 ოქტომბრის ¹42 სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ს. ტ-შვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსაგან მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა (ყოფილი ... სამორიგეო).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას და უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლებისა და მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ტ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ნივთის, ყოფილი ... სამეურნეო შენობის მისამართი სარჩელში არასწორად იყო მითითებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ს. ტ-შვილს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთი, მაგრამ იგივე უძრავი ნივთი, საქმეში მესამე პირად მონაწილე სს “...” საკუთრებაში დარეგისტრირებული იყო მისამართზე _ ქ. ბორჯომი, ... ქ. ¹9, თუმცა ქ. ბორჯომში არსებობდა მხოლოდ ერთი ... სამორიგეო შენობა.
ამდენად, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოება, არ ისარგებლა მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო განცხადება მოიცავდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 489-ე და 490-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსათვის ს. ტ-შვილის მიერ შეძენილი ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლების დავალებას, რაზეც დაუსაბუთებელი უარი მიიღო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 1 ივლისს, 12.30 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 29 ნოემბერს ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე შენობა დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. 2007 წლის 29 ივნისს აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა სს “...” საკუთრებად, რომელსაც იგი საკუთრების უფლებით ფლობს და განკარგავს (Iტ. ს.ფ. 18-19). 2007 წლის 23 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ს. ტ-შვილმა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსაგან შეიძინა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა. 2007 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ს. ტ-შვილს შორის გაფორმდა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების ¹42 ნასყიდობის ხელშეკრულება (Iტ. ს.ფ. 13). 2007 წლის 19 ნოემბერს ს. ტ-შვილს გადაეცა ¹42-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (Iტ., ს.ფ. 17). 2007 წლის 2 ოქტომბერს კი მხარეებს შორის გაფორმდა ქონების მიღება-ჩაბარების ¹42 აქტი, რომლის მიხედვითაც, ს. ტ-შვილს გადაეცა ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა, მაგრამ ქონების ფაქტობრივი გადაცემა დადგენილი წესით არ განხორციელებულა (Iტ., ს.ფ. 16). მოგვიანებით, ს. ტ-შვილმა შეიტყო, რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ჯერ კიდევ მის მიერ შეძენამდე დარეგისტრირებული იყო სს “...” საკუთრების უფლებით, რის გამოც მიიჩნია, რომ მას უფლებრივად ნაკლიანი ნივთი გადაეცა და 2008 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა მის მიერ შეძენილი უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ს. ტ-შვილის განცხადების პასუხად მიწერილ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრვატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 წერილზე, რომლითაც ს. ტ-შვილს განემარტა, რომ მის მიერ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყოფილი ... შენობის აუქციონის წესით შეძენა მოხდა კანონის სრული დაცვით. მას მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი (Iტ., ს.ფ. 23).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანებაზე, რომლითაც ს. ტ-შვილს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო (Iტ., ს.ფ. 30).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსათვის ს. ტ-შვილის მიერ შეძენილი ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლების დავალება.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ს. ტ-შვილის სარჩელზე უარის თქმის მოტივად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ვინაიდან სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა აუქციონზე შეძენილი ქ. ბორჯომში, ... ქუჩა ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლებას, ხოლო რეალურად მას შეძენილი ჰქონდა ქ. ბორჯომში, ... ქუჩა ¹9-ში მდებარე შენობა, სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა.
საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სარჩელში არასწორად მითითებული მისამართის გამო, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებითაც დასტურდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ს. ტ-შვილის მიერ აუქციონზე შეძენილი და სს “...” მფლობელობაში არსებული ყოფილი ... სამორიგეო შენობა წარმოადგენს ერთსა და იმავე ობიექტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს როგორც შეჯიბრებითობის, ისე სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რაც გულისხმობს აქტიურ სასამართლოს, რომელიც ყოველმხრივ იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, უფრო მეტიც, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. ტ-შვილის მიერ სასარჩელო განცხადებით სადავოდ გამხდარი, მის მიერ აუქციონზე შეძენილი და სს “...” სახელზე რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს ერთსა და იმავე ობიექტს, კერძოდ, ქ. ბორჯომში, ... ქუჩა ¹9-ში მდებარე ერთსართულიან შენობას (ყოფილი ... სამორიგეო). აღნიშნული ფაქტი საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს საქმეში მონაწილე ადგილობრივმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა, ასევე სს “...”. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოებს არსებითად უნდა განეხილათ სასარჩელო მოთხოვნები და ზემოაღნიშნული მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებელი იყო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრვატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 წერილით ს. ტ-შვილს განემარტა, რომ მის მიერ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის აუქციონის წესით შეძენა მოხდა კანონის სრული დაცვით და მას მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. აღნიშნული აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რომლის 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანებით ს. ტ-შვილს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების დასაბუთებას, რომ ს. ტ-შვილს გადაეცა უფლებრივად უნაკლო ნივთი და აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რომ პირს, კანონით დადგენილი წესით, გადაეცა უფლებრივად უნაკლო ნივთი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისთვის ქონების ფაქტობრივი გადაცემა დადგენილი წესით არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ბორჯომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე შენობა 2007 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა სს “...” საკუთრებად, ასევე დადგენილია, რომ იგი საკუთრების უფლებით ფლობს და განკარგავს ხსენებულ ქონებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის საფუძველზე კი გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლში განმარტებულია ნივთის უფლებრივი და ქონებრივი ნაკლი, რომლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობის სამართლებრივ შედეგებსაც, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს, ხოლო ამავე კოდექსის 491-ე მუხლი კი ითვალისწინებს მყიდველის შესაძლებლობას ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მყიდველისათვის უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა. უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა ნიშნავს იმას, რომ მყიდველს გადაეცემა ხარვეზისაგან თავისუფალი ნივთი. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სიკეთის მიღება კასატორმა ვერ შეძლო იმის გამო, რომ შენობა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის და შემდგომაც დაკავებული აქვს მესამე პირს _ სს “...”. ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორს გადაეცა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ამდენად, მოსარჩელეს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, კერძოდ, უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა, ან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო სამართლის პრინციპებისადმი შეუსაბამოდ მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 წერილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 წერილი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს სადავო საკითხი, ვინაიდან აღნიშნული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 აქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, ს. ტ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანების ბათილად ცნობა, მაგრამ საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება წარმოადგენს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. ტ-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ასაჩივრებდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 აქტს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანების გასაჩივრება თავისთავად მოიაზრებს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 აქტის გასაჩივრებასაც, რომლითაც ს. ტ-შვილს უარი ეთქვა ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ადეკვატურად უნდა იმსჯელონ მოსარჩელის მოთხოვნაზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ და დააკმაყოფილონ ს. ტ-შვილის მოთხოვნა უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ნაკლის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, იმსჯელონ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე, ანუ ხელშეკრულებით მიღებული შესრულების _ თანხის დაბრუნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ვერ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნაზე _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსათვის ს. ტ-შვილის მიერ შეძენილი უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისაგან განთავისუფლების დავალების შესახებ, ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაავალა ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით თავად გადაწყვიტონ ს. ტ-შვილთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ _ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნება ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. ს. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 15 სექტემბრის ¹1-1/1895 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 28 მაისის ¹347 აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.