Facebook Twitter

საქმე Nბს-416-413(კს-17) 4 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს …“

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...-ის” წარმომადგენელმა ი. ა-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 28 აპრილის №5 გადაწყვეტილების (შპს ,,...-ის” 2016 წლის 22 აპრილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) ბათილად ცნობა და კომისიის დავალდებულება არსებითად განიხილოს საკითხი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე მისივე 2013 წლის 12 აგვისტოს №22 და 2008 წლის 10 ივლისის №98 გადაწყვეტილების (ოქმი№20) გადასინჯვის, მათი გაუქმების და უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი ქუთაისი, ... ქუჩა №100ა-ში მდებარე 4101.90 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 1335.1 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე შპს ,,...-ის“ საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც 2017 წლის 2 თებერვალს სააპელაციო, ხოლო 2017 წლის 8 თებერვალს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრა შპს ,,...-ის“ წარმომადგენელმა ი. ა-ემ. აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით შპს ,,...-ის“ სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს ,,...-ს” დაუდგინდა ხარვეზი იმის გამო, რომ კომპანიას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. იმავე განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს განესაზღვრა 05 (ხუთი) დღე განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შპს ,,...-ის“ წარმომადგენელს და ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, მეუღლეს 2017 წლის 22 თებერვალს, რაც დადასტურებულია მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს... უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი გადაეგზავნა შპს ,,...-ის“ წარმომადგენელს, რაც კანონით დადგენილი წესით, მისთვის ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 22 თებერვალს, როცა გზავნილი მისი ოჯახის წევრს გადაეცა, ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 22 თებერვლის მომდევნო დღიდან (23 თებერვლიდან) და ამოიწურა - 2017 წლის 27 თებერვალს 24:00 საათზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...-ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დაასაბუთასახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივებით. მაშინ, როცა სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გადავადებას, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე. სასამართლომ არ მისცა აპელანტს შესაძლებლობა ესარგებლა - სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობის უფლებით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლო ვალდებული იყო გაევრცელებინა აპელანტზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის თანხა გადახდილი ჰქონდა ზედმეტი ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს - სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...-ს“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა და შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი შპს „...-ის“ წარმომადგენელს ი. ა-ეს 2017 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 22 თებერვალს ჩაჰბარდა წარმომადგენელის - ი. ა-ის მეუღლეს - ლ. ლ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 185).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი შპს „...-ს“ 2017 წლის 22 თებერვალს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 23 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა 2017 წლის 27 თებერვალს 24:00 საათზე იწურებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - შპს „...-მა“ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დასაბუთებულობის გამო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის უკანონობასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „...-ის“ მოსაზრების გაზიარების პირობებშიც კი აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე შპს „...-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. დადგენილია, რომ აპელანტს - შპს „...-ს“ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საერთოდ არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, სააპელაციო სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს დამატებით ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ზედმეტად გადახდილი თანხის გამო, სააპელაციო საჩივივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობაზე და მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ს“ დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, რადგან არ არსებობდა მხარის მიერ სათანადო მტიკცებულებების წარმოუდგენლობის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ჩათვლის შემთხევაშიც სააპელაციო საჩივარი განუხლიველი დარჩებოდა სახელმწიფო ბაჟის არასრული ოდენობით გადახდის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე