Facebook Twitter

საქმე Nბს-437-434(კს-17) 4 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. კ-ემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 23 მარტის №108 დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2016 წლის 21 ივნისის №02/91 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება 2017 წლის 3 იანვარს სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ს-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (სასამართლო გადაწყვეტილება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. კ-ის წარმომადგენელს ი. ს-ეს ჩაბარდა 2016 წლის 13 დეკემბერს. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 14 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 27 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 3 იანვარს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ. მისი განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა მის რწმუნებულს და არა მას პირადად. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დავა ეხებოდა საცხოვრებელი სახლის მიშენებულ ფართს, რომლის დემონტაჟის შემდეგ შეუძლებელი გახდება ერთ ოთახში ცხოვრება სველი წერტილების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ გ. კ-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილის დედანი, რომელზეც ი. ს-ას ხელმოწერაა და დოკუმენტების მიღების თარიღად მითითებულია 2016 წლის 13 დეკემბერი. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2016 წლის 14 დეკემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 27 დეკემბერს 24:00 საატზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი. სააპელაციო საჩივარი კი, 2017 წლის 3 იანვარს იქნა შეტნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას პირადად არ ჩაბარებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იძლევა გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობას, რადგან საქმეში დაცული 2016 წლის 17 ნოემბრის სანოტარო აქტით - მინდობილობით გ. კ-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება მიანიჭა ი. ს-ას. იდნირა სალიას სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მიენიჭა უფლებამოსილება წარმოადგინოს გ. კ-ე ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე რწმუნებულს მიენიჭა სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების წარდგენის უფლებამოსილება. მინდობილობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების ი. ს-ასათვის ჩაბარების დროს - 2016 წლის 13 დეკემბერს მას გააჩნდა სრული უფლებამოსილება მიეღო და კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე