Facebook Twitter

Nბს-351-347 (2კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; 2.თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ქ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 24 მარტს მ. ქ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისის, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მ. ქ-ის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 22 დეკემბრის №01-22/5455 მიმართვის, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 მარტის №882011083853-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ქ-ის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრავიულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ-საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, მ. ქ-ის სარჩელი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების - ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილების მ. ქ-ის ნაწილში ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინებები მოსარჩელემ, შესაბამისად, კერძო საჩივრით და სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება და 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელეისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი, ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ აქტში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების წესი, რაც გავლენას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით ცალკეული პირი უფლებამოსილია, კონკრეტულ ნივთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება სათანადო გარიგებითა თუ კანონის საფუძველზე. საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რაც ასევე არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები შეზღუდულია სასარჩელო ხანდაზმულობით, მათ შორის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელებიც. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, არის ვინდიკაციური სარჩელი. საკუთრების უფლება არ წყდება უძრავი ნივთის მფლობელობიდან გასვლით. თუ მოსარჩელეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ ჩამორთმევია, მისი საკუთრების უფლება არ დარღვეულა, მესაკუთრის სტატუსს საფრთხე არ შექმნია, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია. თუ არ ხდება საკუთრების უფლება სადავო, ნივთის გამოთხოვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა მიმართული იყოს მხოლოდ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისაკენ, თავისთავად მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო არ უნდა იყოს (ამავე საკითხზე ვრცლად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3კ-989-02 განჩინება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, თბილისი, 2012 წელი, გვ. 116). განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ის შემთხვევაა სახეზე, როდესაც სადავოა მ. ქ-ის საკუთრების უფლება. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით ბათილად იქნა ცნობილი მ. ქ-ეზე გაცემული №3843 საკუთრების უფლების მოწმობა და მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №15 საოქმო გადაწყვეტილება, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადა საერთოდ არ ვრცელდება, უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, ამდენად, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე