საქმე №ბს-19-18(კს-16) 7 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - შპს „...ი“, შპს „დ...“, ... ფონდი, ნ. ლ-ე, თ. ლ-ე, კ. ტ-ე და სხვები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 13 მაისს თ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „...ის“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა კავშირის თავმჯდომარემ - ნ. წ-მა, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში კავშირის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...ი“, „დ...“, ... ფონდი, კრედიტორები: ნ. ლ-ე, თ. ლ-ე, კ. ტ-ე, ი. ბ-ძე, მ. გ-ე, ნ. უ-ი, ქ.ყ-ე, ვ. გ-ი, ც. მ-ე, რ. თ-ე, ლ. ბ-ე, ზ. ხ-ი, ნ. კ-ი, რ. მ-ა, დ. მ-ე, ა. გ-ი, ე. მ-ე, ლ. ბ-ე, მ. ქ-ი, ბ. გ-ა, თ. გ-ა, დ. ნ-ი, თ.ა ს-ე-ბ-ე, დ. ბ-ი, გ. ხ-ი, ნ. რ-ი, მ. ა-ი, გ. გ-ი, პ. ჭ-ი, რ. ზ-ე, ვ. ხ-ა, ლ. გ-ე, ლ. შ-ე, გ. ქ-ე, ნ. მ-ი, ფ. ჟ-ა, ლ. კ-ე, ნ. კ-ი, დ. კ-ე, ლ. ბ-ა, ს. ნ-ი, ლ. ფ-ა, ჯ. ფ-ე, რ. ხ-ა, ჯ. მ-ი, ბ. მ-ი, ნ. მ-ი, თ. კ-ა, ლ. კ-ა, ც. ა-ე, ნ. ღ-ი, ე. ს-ე, კ. ი-ე, მ. მ-ი, ქ. ს-ე, ნ. ნ-ი, ნ. ჯ-ე, ნ. გ-ი, მ. თ-ა, ჯ. თ-ა, ნ. ჯ-ე, ი. თ-ე, ლ. ვ-ე, მ. ლ-ე, ი.ზ-ე, ჯ. ლ-ე, ბ. ე-ე, ნ. ლ-ე, მ. პ-ა, ა. ხ-ი, მ. მ-ი, გ. მ-ე, ნ. ჯ-ი, მ. ჩ-ა, ნ. მ-ე, მ. ჭ-ი, ქ. ჩ-ი, ე. ბ-ი, ნ. მ-ი, ი. ხ-ი, ს. ლ-ი, დ. ლ-ი, ვ. მ-ე, ლ. მ-ი, ი. ზ-ე, თ. ქ-ი, რ. კ-ე, გ. ქ-ე, ზ. ფ-ე, ქ. ფ-ა, მ. ხ-ე, ლ. თ-ი, ნ. ბ-ი, ნ. ბ-ე, გ. ბ-ე, მ. ო-ი, თ. ნ-ი, ნ. გ-ე, ნ.მ-ი, მ. ჩ-ე, დ. თ-ა, ნ. ი-ი, ნ. ლ-ე, ზ. ს-ე, ლ. ს-ე, ს. ჯ-ე, ქ.წ-ე, ს. დ-ე, თ. ყ-ი, ნ. ზ-ე, ა. გ-ე, შ. ჩ-ი, ზ. ქ-ი, ნ. კ-ე, ს. კ-ე, მ. ნ-ა, ნ. რ-ე, ნ. მ-ი, ზ. კ-ე, ზ. მ-ა, შ. მ-ა, ი. ა-ი, ა. ბ-ე, თ. ი-ი, ნ. ჭ-ე, მ. გ-ე, გ. ს-ე, ნ. გ-ი, დ. ა-ი, ლ. გ-ე, გ. ბ-ი, ქ. ლ-ი, ჟ. ა-ა, მ. შ-ა, ვ. კ-ი, მ. შ-ი, ნ. თ-ი, მ. ს-ე, ლ.ნ-ე, თ. ს-ე, გ. ნ-ა, მ. გ-ი, ც. ხ-ი, ნ. ი-ე, მ. ბ-ე, ვ. კ-ა, მ. კ-ა, ვ. კ-ა, გ. ს-ე, ი. თ-ე, დ. კ-ი, ლ. ლ-ე, მ. ჭ-ე, ჯ. ჯ-ე, ნ. ჭ-ე, ა. გ-ე, ა. ა-ი, ლ. ნ-ა, თ. ჩ-ე, ნ. ქ-ე, ი. ა-ი, მ. წ-ი, ა. მ-ი, ლ. ნ-ი, მ. წ-ი, გ.შ-ა, მ.ჯ-ე, გ. კ-ე, მ. ა-ი, ე. ც-ა, თ. გ-ი, ნ. ჯ-ე, მ. ს-ე, მ. ს-ე, ზ. ა-ე, ნ. ჯ-ე, რ. ო-ი, ი. ა-ი, მ. ჯ-ე, პ. წ-ი, დ. ნ-ი, ნ. ა-ი, რ. ნ-ი, ლ. ბ-ი, ლ. გ-ა, ვ. კ-ა, ნ. ჭ-ა, ლ. კ-ე, მ. კ-ი, მ. ჭ-ი, მ. ა-ი, ქ. ჩ-ი, ხ. დ-ი, გ. ხ-ე, მ. კ-ა, მ. თ-ე, მ. ხ-ე, ი. მ-ი, რ. ნ-ი, ნ. შ-ა, კ. ბ-ი, ქ. ო-ე, მ. ლ-ა, ი. მ-ი, ზ. ა-ი, ა. ფ-ი, ნ. ო-ი, ნ. ხ-ა, ნ. ხ-ა, ა. წ-ი, ე. შ-ი, ე. მ-ე, ლ. ს-ა, ნ. ა-ი, ა. მ-ე, თ. უ-ე, ი. ნ-ი, დ. პ-ი, ო. პ-ი, ქ. ბ-ი, ბ. შ-ა, ხ. ფ-ე, ა. ფ-ე, ი. ტ-ი, ზ. მ-ე, მ. ჩ-ა-თ-ა, ჟ. გ-ა, გ. ა-ი, ც. კ-ა, თ. მ-ე, ლ. ა-ე, ნ. ლ-ა, ლ.კ-ი, ი. მ-ე, ე. ზ-ა, თ. გ-ი, მ. თ-ე, ა. წ-ი, ა. ბ-ი, ვ. მ-ი, მ. მ-ე, ნ. შ-ა, ლ. ჩ-ა, ნ. გ-ი, ი. მ-ა, ს. ქ-ე, დ. გ-ა, მ. ჩ-ე, ტ. ბ-ე, ვ. ო-ი, ნ. კ-ე, ნ. კ-ე, ე. ა-ი, ს. ჭ-ა, ლ. ძ-ი, რ. გ-ე, ვ. მ-ე, მ. ბ-ი, ა. ნ-ი, ი. ბ-ი, მ. ბ-ი, დ. ჭ-ა, ც. კ-, მ. გ-ი, მ. ა-ე, ლ. ს-ი, მ. მ-ა, ნ. გ-ე, გ. გ-ე, ლ. ბ-ე, ს. ლ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კავშირის თავმჯდომარემ - ნ. წ-მა, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად უშუალოდ შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის, როგორც იურიდიული პირის, ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემული ადმინისტრაციული საქმე შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის, როგორც იურიდიული პირის, საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად რეგისტრირებული კავშირის ჩაბმასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარემ – ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარის, მეანაბრეთა რწმუნებულის – ნ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. წ-ს უარი ეთქვა საქმეში მესამე პირებად შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის მიერ დაზარალებულ თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს თ. ფ-ის 2009 წლის 23 მარტის №01/09.02.2595 განცხადების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-მა, თ. ი-მა, ლ. წ-მა, თ. გ-მა, ნ. მ-ემ, ი. ბ-მა, დ. ბ-მა, მ. თ-ემ, თ. ლ-ემ, ლ. ს-ემ, ზ. ს-ემ, ი. მ-ემ და ლ.კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „...ი“, შპს „დ...“, ... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარის – ნ. წ-ის შუამდგომლობა განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარემ – ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მისი შუამდგომლობის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე დამატებითი კერძო საჩივარი წარმოადგინეს კავშირის წევრებმა - ზ. და ლ. ს-ეებმა, ი. თ-ემ და სხვებმა (15 პირი), რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის შუამდგომლობის განხილვის დავალება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის და კავშირის წევრების - ზ. და ლ. ს-ეების, ი. თ-ისა და სხვათა (15 პირი) კერძო და დამატებითი კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდის თბილისში მცხოვრებ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ი. მ-ის, ნ. შ-ას, ბ. გ-ას, მ.ა ჭ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება №3/ბ-1077-14 საქმეზე თ. ფ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ დავაში, თ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს დავალება თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანომ არარად აქტად უნდა აღიაროს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსარჩელის სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი, რაც გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ კანონით დაცული ინტერესის არსებობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ფ-მა 2009 წლის 23 მარტს №01/09.02-2595 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსს და მოითხოვა 2003 წლის 25 დეკემბერს და 2003 წლის 29 დეკემბერს აღმასრულებელ ნ. ე-ის მიერ გამოცემული №01/09 განკარგულებების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება მათი გამოცემის დღიდან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2009 წლის 6 აპრილს №01/0903-1118 წერილით თ. ფ-ს 2009 წლის 23 მარტის №01/09-02-2595 განცხადების პასუხად აცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება, არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოთა საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის უფლებამოსილების ფარგლები გაწერილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - ინსტრუქციით. შესაბამისად, სააღსრულებო სფეროში წარმოშობილი დავის წარმოება რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სააღსრულებო ბიუროს მიერ, მისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების უფლებამოსილებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-62-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 7 დეკემბრის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (№3884-IIს) საფუძველზე, კანონში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. ხოლო მე-183 მუხლით განსაზღვრულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან აღმასრულებლის ქმედების ერთჯერადად გაასაჩივრების წესი, პირობები და ვადა. ამავე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად კი სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება წარმოადგენს რეალაქტს, მხოლოდ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება (და არა განკარგულება) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს თავისი ინიციატივით აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ძალაში შევიდა 2010 წლიდან. რაც შეხება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით, სააღსრულებო ბიურო (ან უშუალოდ სასამართლო აღმასრულებელი) არ იყო აღჭურვილი უფლებამოსილებით საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, შეემოწმებინა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. ასეთი უფლებამოსილება არც მოქმედი სპეციალური რეგულაციებით გააჩნია ამ ადმინისტრაციულ ორგანოს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. ფ-ის წარმომადგენლის პოზიცია სააღსრულებო წარმოების სფეროში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურასთან მიმართებაში (დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საკითხის განხილვაზე) და განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ვერანაირად ვერ გახდება სააღსრულებო ბიუროს მიერ, მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, რადგან ასეთ დათქმას არ ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს სააღსრულებო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, როგორც ქმედების ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა მხოლოდ სასამართლო, ვინაიდან აღმასრულებლის ქმედება ან განკარგულება საჩივრდებოდა პირდაპირ სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილული იქნა თ. ფ-ის სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ფ-ის მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 წერილების ბათილად ცნობის შესახებ, კანონიერ ძალაშია შესული.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 6 აპრილის №01/0903-1118 წერილით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. ფ-ის 2009 წლის 23 მარტის №01/09-02-2595 განცხადების განხილვის ფაქტი და ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავოდ ქცეულ სასამართლო აღმასრულებლის წერილებს მივიჩნევთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად (და არა სასამართლო აღმასრულებლის ქმედებად), მის მიმღებს წარმოადგენს სასამართლო აღმასრულებელი და არა სააღსრულებო ბიურო, მისი თავმჯდომარის სახით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დათქმისა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და არარა აქტად აღიარების კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. სწორედ აღნიშნულ საკითხს გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დასადგენად.
რაც შეეხება სადავოდ ქცეულ 2003 წლის 25 დეკემბერს და 2003 წლის 29 დეკემბერს აღმასრულებელ ნ. ე-ის მიერ გამოცემულ №01/09 წერილებს, რომელსაც მოსარჩელე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ კვლავ ყურადღება გაამახვილა 2010 წლის 7 დეკემბრის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (№3884-IIს) საფუძველზე, კანონში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად დამატებულ მე-183 მუხლზე, რომელმაც ხაზგასმით გააკეთა დათქმა, რომ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელებული სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება წარმოადგენს რეალაქტს. შესაბამისად, თ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების მოთხოვნის განხილვის დავალების შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო მოქმედი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, სადავოდ ქცეული წერილები შეუძლებელია განხილულ იქნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს; მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას და სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. გამომდინარე იქიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნის (დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განიხილოს მოთხოვნა სადავო წერილების არარა აქტად აღიარების თაობაზე) მიმართ არ არსებობს მოსარჩელე თ. ფ-ის კანონით დაცული ინტერესი, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით თბილისის სააღსრულებო ბიურო არ არის უფლებამოსილი განიხილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების შესახებ, ამასთან სადავო წერილების საფუძველზე განხორციელებული სასამართლოს აღმასრულებლის ქმედებები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობებს, შესაბამისად, სარჩელზე ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ასკ-ის 262 მუხლის საფუძველზე, დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2010 წლის 7 დეკემბრის კანონის გამოყენებას, მაშინ როდესაც განსახილველი საკითხი ეხება აღნიშნული კანონის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებს. სასამართლო დროში ასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და მათი დაყენების ქრონოლოგიურ პერიოდს და არასწორად გამოიყენა 2010 წლის რეგულაციები.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღმასრულებელმა შეჩერებულ სააღსრულებო წარმოებისას მიიღო განკარგულებები, რომლებმაც მას საკუთრების უფლება გაუუქმა, რის გამოც მიმართა სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარეს, რათა იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220, 221 და №226 ბრძანებებით დამტკიცებული დებულებების საფუძველზე მოეხდინა რეაგირება და არარად გამოეცხადებინა ის უკანონო აქტები, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მისი საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა მოახდინა. სასამართლომ კი გასაჩივრებული განჩინებით თ. ფ-ს წაართვა სასამართლოს უფლება და დაუსაბუთებლად შეწყვიტა საქმეზე წარმოება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ აღმასრულებლის განკარგულებები მიიჩნია ქმედებებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი 2003 წლის 25 და 29 დეკემბრის განკარგულებები მიჩნეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით თ. ფ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ი. მ-ის, ნ. შ-ას, ბ. გ-ას, მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება №3/ბ-1077-14 საქმეზე თ. ფ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულია სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, 23-ე მუხლით - სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, 24-ე მუხლით - სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე და 25-ე მუხლით - აღიარებითი სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში თ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო განკარგულებების კანონიერებაზე სასამართლოს ნამსჯელი აქვს თ. ფ-ის სარჩელის საფუძველზე. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ნ. ე-ის მიერ 2003 წლის 25 დეკემბრის ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისადმი გაგზავნილი №01/09 განკარგულებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ნ. ე-ის მიერ 2003 წლის 29 დეკემბერს ყადაღის თაობაზე გაცემული №01/09 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის (№3884-IIს) საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ხოლო მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. ასევე კანონს დაემატა მე-183 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან აღმასრულებლის მოქმედების ერთჯერადად გაასაჩივრების წესი, პირობები და ვადა. აღნიშნული მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად კი სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 17 ივნისის საქართველოს კანონის (№4827-Iს) საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
ამდენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება წარმოადგენს რეალაქტს; მხოლოდ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
თ. ფ-ი თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო ამჟამად მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხოლოდ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს თ. ფ-ის სარჩელს, რომლითაც იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი