#ბს-145-144(კს-16) 11 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2. სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 27 აგვისტოს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...“ საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხის - 182 171, 15 ლარის, საურავის - 121 257,7 ლარის, სოციალური დაზღვევის გადასახადის ძირითადი თანხის - 15 611, 89 ლარისა და საურავის - 21 164, 73 ლარის (ჯამში 340 205,47 ლარის) დამატებითი დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 ოქტომბრის #11 საგადასახადო მოთხოვნის, შპს „…“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №65448 ბრძანებისა და შპს „...“ №7423/2/14 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა - შპს „...“ სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან შემცირება იმ მოტივით, რომ წელიწადზე მეტია შპს-ს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი საქმიანობა, საბანკო ანგარიშზე არ აქვს ფულადი თანხა, ასევე არ გააჩნია რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება. აპელანტმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად წარადგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან და სს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და აპელანტს განესაზღვრა 14-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე, სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების თაობაზე იმ მოტივით, რომ შპს „...“ არის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში, შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხები და არ გააჩნია არავითარი უძრავი და მოძრავი ქონება. რის დასადასტურებლადაც წარადგინეს საბანკო ამონაწერები, ცნობები საჯარო რეესტრიდან და შსს მომსახურების სააგენტოდან.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მიუხედავად წარდგენილი დასაბუთებისა და მტკიცებულებებისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ისე, რომ არ უმსჯელია თუ რა დამატებითი დოკუმენტაცია იყო წარსადგენი კომპანიის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან შემცირება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რის დასადასტურებლადაც წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №260016 წერილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №49/12/3-01055023 ცნობა და სს „...“ 2015 წლის 28 ოქტომბრის №752 ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და აპელანტს განესაზღვრა 14-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მხარის არსებით პროცესუალურ უფლებასთან – უზრუნველყოფილ იქნეს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარის ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეუმციროს ან მისი გადახდა სხვა დროისათვის გადაუვადოს მხარეს, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად დაასაბუთებს თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რისი გათვალისწინებითაც მას ობიექტურად არ შეუძლია აღნიშნული ხარჯების დაფარვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მხარისათვის სახელმწიფი ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის უცნობია, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ შპს-ს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებლად, სასამართლოს მხედველობაში რომ მიეღო მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისას ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე შპს „...“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი