Facebook Twitter

#ბს-3-3(გ-16) 25 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

მოპასუხეები _ ქ. ს-ე, გ. ჭ-ე, გ. მ-ე

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 15 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების -ქ. ს-ის, გ. ჭ-ისა და გ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ლ. მ-ე, რომელიც იყო სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის მიმღები გარდაიცვალა 2015 წლის 28 მარტს, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით. მოქალაქე ქ. ს-ემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ლ. მ-ის 2015 წლის აპრილისა და მაისის თვის პენსია - 299,7 ლარი, რაც მას კანონით არ ეკუთვნის. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ს-ეს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 9 ივლისის №04-01/2313 წერილით დაევალა უკანონოდ მიღებული პენსიის ნებაყოფლობით უკან დაბრუნება, რაზედაც მას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.

ხ. თ-ი, რომელიც იყო სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის მიმღები გარდაიცვალა 2015 წლის 31 მარტს, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით. მოქალაქე გ. ჭ-ემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ხ. თ-ის 2015 წლის აპრილის თვის პენსია - 149,83 ლარი, რაც მას არ ეკუთვნოდა, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 9 ივნისის №04-01/3742 წერილით დაევალა უკანონოდ მიღებული პენსიის ნებაყოფლობით უკან დაბრუნება, რაზედაც მას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.

ასევე ლ. შ-ემ, რომელიც იყო სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის მიმღები გარდაიცვალა 2015 წლის 17 მაისს, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით. მოქალაქე გ. მ-ემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ლ. შ-ის 2015 წლის ივნისის თვის პენსია 148 ლარი, რაც მას კანონით არ ეკუთვნოდა, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 28 ივნისის წერილით №04-01/4841 დაევალა უკანონოდ მიღებული პენსიის ნებაყოფლობით უკან დაბრუნება, რაზედაც მას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ს-ისათვის - 299,7 ლარის, გ. ჭ-ისათვის - 149,83 ლარისა და გ. მ-ისათვის - 148 ლარის სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ მიღებული სახელმწიფო პენსიის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - ქ. ს-ის, გ. ჭ-ის, გ. მ-ის მიმართ უკანონოდ მიღებული სახელმწიფო პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალების შესახებ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარასებობის დადგენა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს და განპირობებული იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ასევე რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განეკუთვნება არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. კერძოდ, სასამართლოში დავის საგანია არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილი ,,ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე“, არამედ ფიზიკური პირის ვალდებულება სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა განსჯადობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანზე. სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ქ. ს-ისათვის - 299,7 ლარის, გ. ჭ-ისათვის - 149,83 ლარისა და გ. მ-ისათვის - 148 ლარის გადახდის დაკისრებას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ აღძრული სარჩელის განხილვისას უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა ლ. მ-ის, ხ. თ-ის და ლ. შ-ის სახელზე გასაცემი პენსიის შეწყვეტის საფუძველი და შესაბამისად, ქ. ს-ეს, გ. ჭ-ეს და გ. მ-ეს ქონდათ თუ არა უფლება მიეღოთ აღნიშნული პირების კუთვნილი პენსია.

სასამართლომ მიუთითა, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, - პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

ამდენად, სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის გაცემის წესი და საფუძველი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით - ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონით არის გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც წყდება სახელმწიფო გასაცემლის გაცემა. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ აღძრული სარჩელი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და არა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, კერძოდ, არსებობდა თუ არა ლ. მ-ის, ხ. თ-ის და ლ. შ-ის კუთვნილი პენსიის მოპასუხეების სასარგებლოდ გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, უნდა დადგინდეს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რაც შეეხება განსახილველ დავაზე სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენებას, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქ. ს-ის, გ. ჭ-ის, გ. მ-ის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (ადმინისტრაციული კანონმდებლობა) საფუძველზე აღარ არსებობდა ლ. მ-ის, ხ. თ-ის და ლ. შ-ის კუთვნილი პენსიის გაცემის საფუძველი. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოპასუხეებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების დაკისრების სამართლებრივ მექანიზმად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიაჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი სარჩელით ითხოვდა ქ. ს-ისათვის - 299,7 ლარის, გ. ჭ-ისათვის - 149,83 ლარისა და გ. მ-ისათვის - 148 ლარის დაკისრებას სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ, იმ საფუძვლით, რომ ლ. მ-ე, ხ. თ-ი და ლ. შ-ე იყვნენ პენსიის მიმღები პირები, რომელთა გარდაცვალების შემდეგ, ქ. ს-ემ მიიღო ლ. მ-ის 2015 წლის აპრილისა და მაისის თვის პენსია - 299,7 ლარი, გ. ჭ-ემ მიიღო ხ. თ-ის 2015 წლის აპრილის თვის პენსია - 149,83 ლარი, ხოლო გ. მ-ემ ლიანა შალმბერიძის 2015 წლის ივნისის თვის პენსია - 148 ლარი. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-10 მუხლი. შესაბამისად, შინაარსობრივად დავის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რამდენად კანონიერად იღებდნენ მოპასუხეები - ქ. ს-ე, გ. ჭ-ე და გ. მ-ე, ლ. მ-ის, ხ. თ-ისა და ლ. შ-ის გარდაცვალების შემდეგ მათთვის დანიშნულ სახელმწიფო პენსიას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის“ შესახებ, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ქმედების კანონშესაბამისობის თაობაზე მსჯელობა შეუძლებელია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაზე მსჯელობის, სამართლებრივი შეფასებისა და დასკვნის გარეშე, რის გარეშეც მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა ვერ შემოწმდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას იმასთან მიმართებაში, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოპასუხეებისათვის - ქ. ს-ის, გ. ჭ-ისა და გ. მ-ისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების დაკისრების სამართლებრივ მექანიზმად, მხოლოდ მას შემდეგ თუ დადგინდება, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღარ არსებობდა ლ. მ-ის, ხ. თ-ის და ლ. შ-ის კუთვნილი პენსიის გაცემის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელისა გამო, ქ. ს-ის, გ. ჭ-ისა და გ. მ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი