#ბს-783-775(კ-კს-15) 18 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ააიპ ...
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დავის საგანი _ უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 11 სექტემბერს ააიპ ... სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცული, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წელს ჩატარებულ ყველა სხდომაზე ნაწარმოები აუდიო ჩანაწერების ასლების მოსარჩელისათვის გადაცემა.
საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2011 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ.
მოსარჩელემ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების პერიოდში, კომისიის სხდომების შესახებ ნაწარმოები აუდიო ჩანაწერების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განადგურების კანონიერების შესწავლა. მოსარჩელემ 2014 წლის 25 ნოემბრის განცხადებით დააზუსტა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების პერიოდში, კომისიის სხდომების შესახებ ნაწარმოები აუდიო ჩანაწერების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განადგურების უკანონოდ აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ააიპ ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ..., რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით ააიპ ... სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2015 წლის 20 ივლისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ააიპ ..., რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაში გასაჩივრების წესის განმარტებასთან დაკავშირებით დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიის გარდა, სააპელაციო საჩივრის დანარჩენი სხვა მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მასზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში. ამასთან, იგი არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას. დასახელებულ საოქმო განჩინებაზე პრეტენზიების წარმოდგენა სააპელაციო საჩივართან ერთად, სააპელაციო საჩივრის ფორმატში, განპირობებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები იმ სასამართლო აქტების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნას, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პრეტენზიები არსებით მოთხოვნებზე - შემაჯამებელ, საბოლოო გადაწყვეტილებაზე და პრეტენზიები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მიღებულ წინმსწრებ სასამართლო აქტებზე, პროცედურულ საკითხებზე. რადიკალურად განსხვავდება სააპელაციო განხილვა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას და სააპელაციო საქმის წარმოება კერძო საჩივართან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს ამ ნორმების დასაბუთებული შედარებიდან. განსხვავებულია ზემდგომი სასამართლოს შემოწმების საპროცესო ფორმები შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე და წინმსწრებ განჩინებებზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე წინმსწრებ სასამართლო აქტებზე ზემდგომ ინსტანციაში სასამართლო წარმოება ვერ იქნება მიჩნეული სააპელაციო საჩივრის წარმოებად.
განმცხადებლის მოსაზრებით, წინმსწრებ განჩინებაზე პრეტენზიების მოთავსება სააპელაციო საჩივრის ფორმაში და განჩინებებზე წარმოების მიჩნევა სააპელაციო წარმოებად, დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოში ამგვარი სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტისას სამართლებრივი შედეგი განსხვავებული უნდა იყოს ზემდგომ სასამართლოში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების კუთხით. იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც საქმეს არსებითად არ წყვეტენ, მისით არ დგინდება სასარჩელო მოთხოვნების შედეგი და არ გვევლინებიან მატერიალური ნორმებით დაცული უფლებების გადამწყვეტ სასამართლო აქტებად, კანონიერების თვალსაზრისით შემოწმდებიან მარტოოდენ ზედა ინსტანციის სასამართლოში და მასზე მიღებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, თუნდაც კიდევ არსებობდეს სხვა ზემდგომი სასამართლო.
განმცხადებელის მოსაზრებით, დაუშვებელია, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ერთიანად, ყველა პრეტენზიის შესახებ განიმარტოს, რომ ასეთ პრეტენზიებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით. სააპელაციო საჩივრის ფორმაში მითითებული დანარჩენი სხვა მოთხოვნები, შინაარსობრივად წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რამეთუ გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში, კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს მათი კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში და ისინი შემოწმებას სააპელაციო საჩივართან ერთად დაექვემდებარებოდა, მხოლოდ იმ წესის მხედველობაში მიღებით, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება - მათზე არ უნდა განმარტებულიყო მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვების შესაძლებლობა ასევე საკასაციო წესით.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატის განჩინებით ისეა წარმოდგენილი მისი გასაჩივრების წესი, რომ რომ ის ერთიანად ეხება მისით გადაწყვეტილ ყველა საკითხს. არაა გამიჯნული თუ, რომელ მათგანზე დაიშვება საკასაციო საჩივრის წარდგენა და რომელზე არა.
განმცხადებლის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება შეიცავს უსწორობას და უნდა გასწორდეს.
განმცხადებლის განმარტებით, საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, ნაწილობრივ არასწორად იქნა განმარტებული ზემდგომ სასამართლო ინსტანციებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მისი ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესასვლელად არ გატარდა მართებული და სათანადო ღონისძიებები, რითაც მხარეს ეძლევა მისი გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მისი უკანონოდ გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც სასამართლო შეცდომით უნდა აიხსნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით ააიპ ... განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ააიპ ... სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, ააიპ … სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინება და მიუთითა, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხდებლის მოსაზრება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ კანონმდებელმა, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგნად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, დაადგინა აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა და ამით შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია დასახელებული განჩინებების კანონიერების შემოწმება. სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ წინმსწრებ განჩინებებსაც და ამ ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (რომელიც აგრეთვე შეიცავს სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს ზემოთ აღნიშნულ საოქმო განჩინებებზეც), კანონიერების საკითხი, გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელია საპროცესო საკითხებთან დაკავშირებით გამოტანილ ცალკეულ განჩინებებზე, მათ შორის, საოქმო განჩინებებზეც, თუ მათი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
ააიპ … სააპელაციო საჩივრის საგანს ასევე წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება სასარჩელო მოთხოვნების გაზრდაზე უარის თქმის შესახებ, რომლის ცალკე, კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და იგი საჩივრდება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტაცია, რომ საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატამ რეალურად განიხილა კერძო საჩივარი, რის გამოც, ამ ნაწილში, იგი დაუშვებელად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო წესით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების წესიც სწორედ იმგვარად უნდა განიმარტოს, როგორც ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე, 397-ე მუხლებით არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. სასამართლოს უფლება აქვს ეს საკითხი გადაწყვიტოს მხარეთა შეუტყობინებლად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობებისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას - შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ, როდესაც ამგვარი შესწორება არ გამოიწვევს გადაწყვეტილების, მისი შინაარსის არსებითად შეცვლას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაში ადგილი არ ჰქონია არც არითმეტიკულ შეცდომებს და არც სხვა სახის მექანიკური ხასიათის უსწორობებს და რის გამოც არ არსებობს უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ააიპ ..., რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით ნაწილობრივ არასწორად განმარტა სასამართლო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ..., რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე სააპელაციო სასამართლოს წინმსწრები განჩინებების, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებისა და 2015 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებებით ააიპ ... საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ასევე წარმოებაში იქნა მიღებული ააიპ ... კერძო საჩივარი და დადგინდა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ააიპ ... კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ - ააიპ ... მიმართა საქალაქო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ააიპ ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ..., რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით ააიპ ... სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მითითებული განჩინებით აპელანტის მოთხოვნის ფარგლებში ასევე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
2015 წლის 20 ივლისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ააიპ ..., რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაში გასაჩივრების წესის განმარტებასთან დაკავშირებით დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით.
წარმოდგენილი კერძო საჩივრით მისი ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, რაც გამოიხატება აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის არასწორ განმარტებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები უსაფუძვლოა და მათი გაზიარების პროცესუალური საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას იმსჯელა რა საქალაქო სასამართლოს წინმსწრები განჩინების კანონიერებაზე, უნდა განემარტა, რომ წინმსწრები განჩინების გაუქმების შესახებ აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ შემაჯამებელი აქტის გამოტანამდე მიღებული წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადამოწმება კერძო საჩივრისათვის განსაზღვრული სამართალწარმოების წესების დაცვით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება, სასამართლოს უნდა განემარტა, რომ განჩინება წინმსწრები განჩინებების გადასინჯვის ნაწილში იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. ამგვარი განმარტების არარსებობის პირობებში კი, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იქმნება სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრება თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და სასამართლოს კომპეტენცია სამართალწარმოების პროცესში. ასევე განისაზღვრება ცალკეული საპროცესო მოქმედების გაპროტესტებასთან დაკავშირებული პროცედურები, რომელი საპროცესო მოქმედება შეუძლია სადავოდ გახადოს და საჩივრის რომელი ფორმით უნდა ისარგებლოს პროცესის მონაწილე მხარემ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს თუ რომელი საპროცესო მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის ფორმით და ამ შემთხვევაში კანონის ანალოგიის გამოყენებას ადგილი ვერ ექნება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა საპროცესო მოქმედების მნიშვნელობისა და დავის განხილვის პროცესზე ზემოქმედების თვალსაზრისით განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალს, რომელთა გაპროტესტებაც დასაშვებია კერძო საჩივრით. იმ პროცედურულ საკითხებზე მიღებული სასამართლო აქტების გაპროტესტება კი, რომლებმაც არსებითი ზემოქმედება შესაძლოა ვერ მოახდინოს საქმის შედეგზე, ასევე პროცესის ეკონომიურობის გათვალისწინებითაც, კანონმდებლობა უშვებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში უკვე შემაჯამებელი სასამართლო აქტის მიღების შემდეგ გაპროტესტების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომელიც სახელმძღვანელო ნორმაა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის, როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლოებისათვის, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა წინმსწრები განჩინებების გაპროტესტების უფლება მხარეს ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ასაჩივრებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას (განჩინებას). მისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ წინმსწრები აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დასაბუთდება საჩივრის წარდგენის მიზანი - დარღვეული უფლების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მხარე ეთანხმება მის საწინააღმდეგოდ გამოტანილ შემაჯამებელ სასამართლო აქტს, გაურკვეველია რა მიზნის მატარებელი შეიძლება იყოს წინმსწრები, პროცედურულ საკითხზე მიღებული შუალედური სასამართლო აქტის გასაჩივრება. ასეთი აქტის გაპროტესტების მიზანი შემაჯამებელ აქტთან ერთად შეიძლება იყოს ის მოლოდინი, რომ სასამართლომ პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მხარისათვის საბოლოოდ არახელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო.
წინმსწრები განჩინებების გადასინჯვა სწორედ სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის ფარგლებში ხდება, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ აპელანტის თუ კასატორის პრეტენზია ტექნიკური თვალსაზრისით სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის ფორმაშია მოთავსებული. შემაჯამებელი აქტის კანონიერების შემოწმებისას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი ხდება წინმსწრები განჩინებებიც, ანუ სასამართლო ერთობლივად ამოწმებს ქვედა ინსტანციის სასამართლო აქტების კანონიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 404-ე მუხლები არ შეიცავენ მითითებას წინმსწრები განჩინებების კანონიერების შემოწმების თაობაზე მიღებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლო აქტების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. თავად ნორმათა ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა წინმსწრები აქტები მხარემ შეიძლება სადავოდ გახადოს მხოლოდ ამ სასამართლოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინება არ შეიცავდა რა სპეციალურ მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლების არარსებობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნული გავლენას მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი ადგენს გასაჩივრების ვადის ათვლის წესს. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოქმედება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო აქტი ექვემდებარება გასაჩივრებას და სასამართლო აქტით მხარეს ან საერთოდ არ ეცნობა ამ უფლების შესახებ, ან ეცნობა მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის დარღვევით. სწორედ ასეთ შემთხვევაში სარგებლობს მხარე გასაჩივრების ერთწლიანი ვადით. ხოლო რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლო აქტი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ასეთის მიუთითებლობის პირობებშიც კი ვერ იარსებებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის გამოყენების წინაპირობა. გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ სასამართლოს მიერ არასწორი განმარტება გასაჩივრების უფლებას ლეგიტიმურ ხასიათს ვერ შესძენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაშიც კი, რომ სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება მეტი სიზუსტისათვის არ შეიცავდა მითითებას წინმსწრები განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობაზე, აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და მით უფრო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების ან განჩინების საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ ... კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი