Facebook Twitter
№ბს-215-214(კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ე

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 5 აგვისტოს ა. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ამხანაგობა „...-ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 6 სექტემბერს ა. ს-ესა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „მშენებარე უფლების გადაცემის თაობაზე“. ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის - 79 475 აშშ დოლარის გადახდის საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა უფლება მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ნაწილზე. მითითებული ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2009 წლის 28 მაისს ნოტარიუს ე. ჩ-ის მიერ დამოწმდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების ოქმი, რომლის თანახმად, ა. ს-ემ შეიძინა უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, მდებარე ქობულეთის ..., ... #138, კერძოდ, მითითებულ მისამართზე არსებული 18 კვ.მ. ფართის მქონე #10 ავტოფარეხი. აღნიშნული ფართი 2012 წლის 11 ივლისს საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მიენიჭა საკადასტრო კოდი - .... გარდა ამისა, 2011 წლის 20 ივლისს ნოტარიუს მ. გ-ის მიერ გაცემულ იქნა სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, ა. ს-ემ შეიძინა უძრავი ქონება საკუთრების უფლებით, მდებარე ქობულეთის ... , ... #138, კერძოდ, მითითებულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, #56 ბინის 89.40 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაც ასევე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მიენიჭა საკადასტრო კოდი - ....
2014 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ..., ... და ... საკადასტრო კოდებით არსებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცნობა და სათანადო ასლების მიღება, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2013 წლის 12 მარტს მიღებული #40492 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი ა. ს-ის საკუთრებაში აღმრიცხველი რეგისტრაციის 2012 წლის 11 ივლისის #882012320610-03 და #882012320604-03 გადაწყვეტილებები. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის №40492 გადაწყვეტილების, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 11 ივლისის №882012320610-03 და №882012320604-03 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის №154375 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 25 მაისს შეიქმნა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „...“, რომლის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული პირის შეუქმნელად, ქობულეთში, ...-ში მდებარე 1985 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და ქობულეთში, ... ... #136-ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დანგრევა და მათ სანაცვლოდ ახალი მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2007 წლის 6 სექტემბერს, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...-ის“ თავმჯდომარეს - მ. ზ-ესა და ა. ს-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ,,მშენებარე უფლების გადაცემის თაობაზე“, რომლითაც გამყიდველი გადასცემს უფლებას მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ნაწილზე, კერძოდ, ბინაზე, ხოლო მყიდველი ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით გამყიდველს გადასცემდა თანხას. ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობის „...-ის“ 2009 წლის 28 მაისის კრების ოქმის საფუძველზე, ქობულეთში, ...-ში მდებარე ავტოფარეხები გადაეცათ სხვადასხვა პირებს, მათ შორის, ა. ს-ეს გადაეცა 18 კვ.მ ფართის #10 ავტოფარეხი. შესაბამისად, 2012 წლის 11 ივლისს აღნიშნული ავტოფარეხი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა. ს-ის სახელზე. ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობის „...-ის“ 2009 წლის 2 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე (დამოწმებული 20.07.2011წ.), ქობულეთში, ...-ში მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა სხვადასხვა პირებს, მათ შორის, ა. ს-ეს გადაეცა მეორე სადარბაზოში, მე-3 სართულზე მდებარე ოროთახიანი ბინა #56, საერთო ფართით - 89,4 კვ.მ. და ერთი ავტოფარეხი #10. შესაბამისად, 2012 წლის 11 ივლისს, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა. ს-ის სახელზე.
შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 21 თებერვლის #083-18 ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო ამხანაგობა „...-ის“ (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი: ქობულეთი, ...) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა 2012 წლის 16 მარტს #23934 წერილით მიმართა ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა „...-ის“ სახელზე არსებული უძრავი ქონების 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მშენებარე ობიექტის დაყადაღება მოითხოვა, მდებარე ქობულეთი, .... ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბრძანებით (საქმე #3-185/12), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით რეალიზებული იქნა გადასახადის გადამხდელის ამხანაგობა ,,...-ის“ (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი: ქობულეთი, ...) საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონება, საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #40492 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ,,რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 11 ივლისის N882012320604-03 და N88201230610-03 გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #40492 გადაწყვეტილება ა. ს-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის #154375 გადაწყვეტილებით ა. ს-ეს უარი ეთქვა 2014 წლის 24 ივნისის #121126/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს აღნიშვნით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები რეგლამენტირებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო ამავე კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხსენებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
სასამართლომ დაადგინა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 მარტის #23934 მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 20 მარტს მიღებულ იქნა #102012057851/3 გადაწყვეტილება ამხანაგობა ,,...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2 695 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მშენებარე ობიექტის, მდებარე ქობულეთი, ... დაყადაღების თაობაზე. სადავო უძრავი ქონება ა. ს-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2012 წლის 11 ივლისს, ხოლო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გაცილებით ადრე - 2012 წლის 20 მარტს. ამასთან, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ყადაღის რეგისტრაცია სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა, იგი არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, ცალსახაა, რომ მას მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, რაც განსახილველ შემთხევაში საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავდა იმავე უძრავ ნივთზე ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტი განსაზღვრავს იმ გამონაკლისებს, რომლებიც საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მიუხედავად უშვებს ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას. ხსენებული ნორმის შესაბამისად, ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა-რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის ან ამ ნივთზე სხვა რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მფლობელის უფლებამონაცვლეს; ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღების, გამოცემის ან შედგენის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებას ან სასამართლო პროცესში/საარბიტრაჟო წარმოებაში, რომელიც დასრულდა მხარეთა მორიგებით, მონაწილეობდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტის გამოცემის, მიღების ან შედგენის ინიციატორი ან მისი უფლებამონაცვლე; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად. დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) წარმოდგენილია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების ან გაუქმების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გაუქმებასთან ერთად უქმდება რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა; ვ) ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად; ზ) სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ა. ს-ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ამხანაგობის 2009 წლის 28 მაისის (N090142572, დამოწმებული ნოტარიუსი ე. ჩ-ე) და 2011 წლის 20 ივლისს (სანოტარო აქტი N110756422, დამოწმებული ნოტარიუსი ე. გ-ე) დამოწმებული კრების ოქმების საფუძველზე, რაც გამორიცხავდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან ამხანაგობის ქონებაზე რეგისტრირებული იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა, ხოლო ა. ს-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობა, რაც უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის შემთხვევაში არ გამორიცხავდა ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის #154375 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ის სასამართლომ უარყო იმ დასაბუთებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის #154375 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება; ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #40492 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის #154375 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტა, რომ აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობას „...-ს“, როგორც გადასახადის გადამხდელს, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო ვალდებულება - 15 877.24 ლარი (29.03.2012წ. მდგომარეობით), რის უზრუნველსაყოფადაც შემოსავლების სამსახურის 21.02.2012წ. №083-18 ბრძანებით ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო 2012 წლის 2 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „... -ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით - აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აქტი 15.03.2012წ. №083-18/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგი ქონება: მიწის ნაკვეთი და მშენებარე ობიექტი ს/კ ..., ქობულეთი, .... ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში აღსრულების ეროვნული ბიუროს 16.03.2012წ. №23931 მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებულია ყადაღა ქობულეთში, ... №138-ში მდებარე 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ-ით ....
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა ამხანაგობა „... “ საკუთრებას, არამედ აღნიშნული ამხანაგობის წევრთა და სხვა არაერთი პირის, მათ შორის, ა. ს-ის საკუთრებას, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ნაგებობიდან თითოეული ამ პირის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტი კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული. მათ შორის, ა. ს-ის საკუთრებას წარმოადგენდა ბინა №56, ფართობით - 89.40 კვ.მ. და ავტოფარეხი №10, ფართობით - 18.00 კვ.მ. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ბინა №56, ფართობით - 89.40 კვ.მ. და ავტოფარეხი №10, ფართობით - 18.00 კვ.მ. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად არ ყოფილა დაყადაღებული, ასეთი ქონება არ არის აღწერილი შემოსავლების სამსახურის 15.03.2012წ, №083-18/1 ქონების აღწერის და დაყადაღების აქტში, რომლის აღსრულების მიზნითაც აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 16.03.2012წ. მიმართვის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურმა განახორციელა ყადაღის რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანო, მართალია, მიუთითებდა ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არსებობას, თუმცა რეგისტრირებული მონაცემები არ ადასტურებდა, რომ ყადაღა დაედო №56 ბინას, ფართობით - 89.40 კვ.მ. და №10 ავტოფარეხს, ფართობით - 18.00 კვ.მ., რაც მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, ა. ს-ის საკუთრებად დარეგისტრირდა. ამდენად, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის N40492 გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 11 ივლისის N882012320604- 03 და N88201230610-03 გადაწყვეტილებები იმ დასაბუთებით, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ა. ს-ის საკუთრების უფლების თავდაპირველ რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვა, ვინაიდან ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „... -ის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 2 695 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული იყო საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა (საფუძველი აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართვები: №23931, 16.03.2012წ; №23934, 16.03.2012წ. შემოსავლების სამსახურის აქტი №083-18/1, 15.03.2012წ) - უკანონო იყო, რამდენადაც ა. ს-ის საკუთრების უფლების ობიექტი კონკრეტულად იდენტიფიცირებადი უძრავი ნივთია და ამ ნივთზე, მის (საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხზე) ყადაღა არ ყოფილა რეგისტრირებული. სააპელაციო პალატის აზრით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აღნიშნულ ქონებაზე (№56 ბინაზე - ფართობით 89.40 კვ.მ. და №10 ავტოფარეხზე - ფართობით 18.00 კვ.მ.) ყადაღის რეგისტრაციის ფაქტი, თუმცა 2012 წლის 20 მარტის მდგომარეობით ასეთი შეზღუდვის რეგისტრაციის შემთხვევაშიც, ის ვერ დააბრკოლებდა ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რადგან მას გააჩნდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის პირობებში მართლზომიერი მფლობელისათვის კანონით დადგენილი საგამონაკლისო უფლებით სარგებლობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, ყადაღის არსებობა გამორიცხავდა ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუმცა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა გამონაკლისს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი წესიდან, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არ იყო მითითებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება არ იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციაზე. მითითებული გამონაკლისის თანახმად, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის სწორად გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო სამართალურთიერთობასთან მიმართებაში მართლზომიერი მფლობელის ცნების განსაზღვრას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რაც შესაძლებელს ხდიდა უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან ქობულეთში, ... ... №138-ში მდებარე №56 მშენებარე საცხოვრებელ ბინაზე, ფართობით - 89.40 კვ.მ., ა. ს-ეს საკუთრების უფლება გადაეცა 06.07.2007წ. ხელშეკრულებით და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „... -ის“ 02.04.2009წ. კრების ოქმით (ოქმი დამოწმებულია ნოტარიუს მ. გ-ის მიერ 14.04.2009წ. სანოტარო აქტის რეესტრის №090046942) აღნიშნული ოქმი ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით სარჩელთან ერთად წარუდგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსარჩელემ, ხოლო შესაგებელთან ერთად მოპასუხე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და ის წარმოდგენილია საქმეში (ს.ფ 78-92, ტ.1 და ს.ფ. 273-281, ტ.1). ქობულეთში, ... ... №138-ში მდებარე №10 ავტოფარეხზე, ფართობით - 18 კვ.მ., ა. ს-ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა 28.05.2009 წ. ამხანაგობის კრების ოქმი (ს.ფ. 82-84, ტ.1), რომელიც ასევე წინ უსწრებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მაშასადამე, ა. ს-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების წარმოშობის დოკუმენტი ორივე შემთხვევაში (როგორც საცხოვრებელ ბინაზე, ისე ავტოფარეხზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას) შეესაბამებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით (2009 წლის 3 ნოემბრის 1962 კანონი) შემოღებულ ახალ წესრიგს - სარეგისტრაციო დოკუმენტები შედგენილი იყო 2012 წლის 20 მარტამდე (ყადაღის რეგისტრაციამდე) და 2009 წლის 3 ნოემბრის ცვლილების ამოქმედებამდე. ამ მსჯელობიდან გამომდინარეც, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას ა. ს-ის სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ წარმოდგენლი სააპელაციო პრეტენზია საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულ პირს ამხანაგობა „...-ს“, რომლის საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც იყო განხორციელებული ყადაღის რეგისტრაცია სხვა მესაკუთრეებთან ერთად, თანასაკუთრებაში არსებულ 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (შემოსავლების სამსახურის 21. 02.2012წ. №083-18 ბრძანება) შემოსავლების სამსახურის №083- 231, 09.10.2015წ. ბრძანებით გაუუქმდა ყადაღა და გადაუვადდა დავალიანების გადახდა 08.10.2015წ-დან - 25.09.2016 წ-მდე, რაც ასევე ამყარებდა აპელანტის პოზიციას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ა. ს-ეს არ შეუძენია მშენებარე საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი 2007-2009 წლებში, რადგან 2009 წელს მხარეთა შორის დაიდო წინარე ხელშეკრულება არარსებული მომავალი ქონების შეძენის ვალდებულების თაობაზე. 2009 წლის წინარე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ვალდებულებაზე და ისიც კანონით დადგენილი წესის დაცვის გარეშე, ვინაიდან წინარე ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას, არამედ წარმოშობდა ვალდებულებას, დადებულიყო ძირითადი ხელშეკრულება და შემდგომ გადასცემოდა მყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამდენად, გამყიდველმა - ამხანაგობა „...-მა“ 2012 წლის ივლისში მყიდველს გადასცა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, ვინაიდან მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის, როგორც კანონისმიერი კრედიტორის უფლებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის მარტში, კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ქონების შეცდომით ა. ს-ის საკუთრებად რეგისტრაციაში გატარებას და შემდგომ აღნიშნული რეგისტრაციის ისევ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმებას, შეესაბამება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის მოთხოვნებს, ისე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამავე კანონის მე-19 მუხლით მოცემულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრის დეფინიცია, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, 2012 წლის 11 ივლისს წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელი იყო ამხანაგობა „...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მშენებარე ობიექტზე ყადაღის არსებობის გამო.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული 2009 წლის ერთ-ერთი მუხლის ცვლილებაზე, რასაც სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება, ვინაიდან განხორციელებული ცვლილება ზეგავლენას ვერ მოახდენს განსახილველ საკითხზე და იგი ვერ წყვეტს და ვერ ცვლის ა. ს-ის სამართლებრივ მდგომარეობას სარეგისტრაციო ჩანაწერის საკითხის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს დადებული გარიგება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაა და რაიმე სახის ვალდებულებას არ წარმოშობდა.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ აღნიშნავს, როდის იქნა განხორციელებული ინდივიდუალური საკუთრების პირველადი რეგისტრაცია. კასატორის მითითებით კი, ინდივიდუალური რეგისტრაცია ა. ს-ის მიერ განხორციელდა 2012 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, რა დროსაც უკვე არსებობდა რეგისტრირებული ყადაღა 2012 წლის 20 მარტიდან. საქმეში წარმოდგენილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნაწარმოები ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, მათ შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, რომლითაც სასამართლოს მიერ აღსრულების ბიუროს ნება დაერთო ღია აუქციონის წესით რეალიზაცია მომხდარიყო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღწერილი ქონების, გადამხდელის - ამხანაგობა „...-ის“ უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით #....
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 მარტის #40492 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 11 ივლისის #882012320610-03 და #882012320604-03 გადაწყვეტილებები და გაუქმდა ა. ს-ის საკუთრების უფლება 89,40 კვ.მ. საცხოვრებელ ფართსა და 18.00 კვ.მ. ავტოფარეხზე, მდებარე ქობულეთი, ... და ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის #154375 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სათანადო შეფასება მიეცეს ადმინისტრაციული ორგანოების ქმედების კანონიერებას მათთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენდა ა. ს-ე სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს და უფლებამოსილი იყო თუ არა საჯარო რეესტრი დაერეგისტრირებინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ისეთ პირობებში, როდესაც ამ ქონებაზე ა. ს-ის მიერ განხორციელებულ პირველად რეგისტრაციამდე გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მოცემულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეესტრის დეფინიცია, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 მარტის #23934 მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 20 მარტს მიღებულ იქნა #102012057851/3 გადაწყვეტილება ამხანაგობა „...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მშენებარე ობიექტის (მდებარე ქობულეთი, ...) დაყადაღების თაობაზე. სადავო უძრავი ქონება ა. ს-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2012 წლის 11 ივლისს, ხოლო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გაცილებით ადრე - 2012 წლის 20 მარტს. ამასთან, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის - ყადაღის რეგისტრაცია სადავო უძრავ ნივთზე, მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა, იგი არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, ცალსახაა, რომ მას მოჰყვება სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავდა თუ არა იმავე უძრავ ნივთზე ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ა. ს-ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ამხანაგობის 2009 წლის 28 მაისს (სანოტარო აქტი №090142572, დამოწმებული ნოტარიუსი ე. ჩ-ე) და 2011 წლის 20 ივლისს (სანოტარო აქტი №110756422, დამოწმებული ნოტარიუსი ე. გ-ე) დამოწმებული კრების ოქმების საფუძველზე, რაც გამორიცხავდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან ამხანაგობის ქონებაზე რეგისტრირებული იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა, ხოლო ა. ს-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობა, რაც უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის შემთხვევაში არ გამორიცხავდა ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს 2009 წელს მხარეთა შორის დადებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო არარსებული მომავალი ქონების შეძენის შესახებ, რაც რეგისტრირებული არ ყოფილა საჯარო რეესტრში. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამოკვლევა, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება წარმოშობდა თუ არა სამართლებრივ შედეგებს, ანუ როდის იქნა განხორციელებული ინდივიდუალური საკუთრების პირველადი რეგისტრაცია - 2009 წელს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის თუ 2012 წლის 11 ივლისს ა. ს-ის მიერ სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებისას, რა დროსაც უკვე არსებობდა რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ ა. ს-ე წარმოადგენდა სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს და მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად დაკონკრეტდა მართლზომიერი მფლობელის ცნების დეფინიცია. სარეგისტრაციო დოკუმენტების გამოცემის, მიღების ან შედგენის თარიღი გარკვეულ პირობას დაუკავშირდა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არა მარტო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე უნდა ყოფილიყო შედგენილი, არამედ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა ყოფილიყო „ამ კანონის ამოქმედებამდე“. მოცემულ დათქმაში სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილებები იგულისხმებოდა, რაც კანონმა განიცადა და რაც დაკავშირებულია 2009 წლის 3 ნოემბრის ცვლილებების ამოქმედებამდე არსებულ მდგომარეობასთან და არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღთან, რომელიც ძალაშია 2009 წლის 14 იანვრიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2009 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით მართლზომიერი მფლობელის ცნების განსაზღვრებაში გაკეთდა კუმულაციური დათქმა, რის საფუძველზეც ა. ს-ე იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა მართლზომიერ მფლობელად, თუ ერთდროულად სახეზე გვექნებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელის ცნებით გათვალისწინებული ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციამდე და ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2009 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე უნდა არსებულიყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს კასაციის მოტივს და განმარტავს, რომ 2009 წელს მხარეთა შორის დადებული წინარე ხელშეკრულება არ წარმოშობდა საკუთრების უფლებას, არამედ წარმოშობდა ვალდებულებას, დადებულიყო ძირითადი ხელშეკრულება და შემდგომ მყიდველს გადასცემოდა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამასთან, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ვერ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს და შესაბამისად, ვერ მიანიჭებდა პირს მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულიც არ ყოფილა საჯარო რეესტრში. 2012 წლის მარტში, როდესაც დარეგისტრირდა სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა „... ... #138-ის“ ქონებაზე, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგი ქონება: ქობულეთში, ... ... №138-ში მდებარე 2 695 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მშენებარე ობიექტი საკადასტრო კოდით ...., ა. ს-ის სახელზე არ არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, ანუ გამოყოფა მთლიანი ქონებიდან განხორციელდა 2012 წლის 11 ივლისს მაშინ, როცა აღნიშნული რეგისტრაცია შეზღუდული იყო გაცილებით ადრე, სადავო ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებით - 2012 წლის 20 მარტის ყადაღით.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ქონების შეცდომით ა. ს-ის საკუთრებად რეგისტრაციაში გატარებას და შემდგომ აღნიშნული რეგისტრაციის ისევ საჯარო რეესტრის მიერ გაუქმებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და ინსტრუქციის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის. მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი