Facebook Twitter

საქმე Nბს-600-559 (უს-16) 27 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - გ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: აჭარის ა/რ მთავრობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, აჭარი ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს „...“

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ვ-ემ 2015 წლის 20 თებერვალს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა: აჭარის ა.რ. მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №431 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ვ-ის კომლის კუთვნილი, 1900 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში; ქ. ბათუმში, დასახლება ... მდებარე მოსარჩელე მხარის კომლის მფლობელობაში არსებული 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც სადავო ქონება აღმოჩნდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ შორის, 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმში, დასახლება ... მდებარე მოსარჩელე მხარის კომლის მფლობელობაში არსებული 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

2015 წლის 7 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ვ-ის წარმომადგენელმა დავით დიასამიძემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით იშუამდგომლა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე მხარისათვის სადავო უძრავ ქონებაზე რაიმე სახის სამუშაოების წარმოების, მათ შორის, დროებითი ან კაპიტალური ღობის მონტაჟის აკრძალვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2016 წლის 16 თებერვალს გ. ვ-ის წარმომადგენელმა დ. დ-მ კვლავ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოითხოვა ქ. ბათუმში ... დასახლებაში, მდებარე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1517 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე მხარისათვის სადავო 1517 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სამუშაოების, მათ შორის, დროებითი ან კაპიტალური ღობის მონტაჟის წარმოება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა.რ. მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოსა და შპს „...“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ემ. აპელანტმა ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იშუამდგომლა და მოითხოვა: 1. ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე მოპასუხე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 517 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება; 2. შპს „...იასათვის“ 1 517 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი სამუშაოების წარმოების აკრძალვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე 2016 წლის 27 ივნისს საჩივარი წარადგინა გ. ვ-ემ.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, მართალია, წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნა არ შეცვლილა, მაგრამ აშკარად სხვადასხვაა მოთხოვნის საფუძვლები. თუ ადრინდელი განცხადება ემყარებოდა იმას, რომ მოპასუხე აპირებდა სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობვას და შემდეგ გასხვისებას, ახლა ყადაღის მოთხოვნის საფუძველი იყო ის, რომ მოპასუხემ უკვე დაასრულა მიწის ნაკვეთის შემოღობვა, დაამზადა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის პროექტი და ეს შეათანხმა კიდეც სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოებთან. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეს შეუქმნეს ამ უძრავი ქონების გასხვისებისათვის ,,სასათბურე’’ პირობები. ამდენად, თუ მოპასუხე გაასხვისებს სადავო ქონებას, მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, რადგან იმ მომენტისთვის მოპასუხეს საკუთრებაში აღარ ექნება სადავო მიწის ნაკვეთი და მისგან ვერ მოხერხდება სადავო 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ვ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუსაბუთებელი, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ვ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა), რომლის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ვ-ემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე იშუამდგომლა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე მხარისათვის სადავო უძრავ ქონებაზე რაიმე სახის სამუშაოების წარმოების, მათ შორის, დროებითი ან კაპიტალური ღობის მონტაჟის აკრძალვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 16 თებერვალს გ. ვ-ემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლებზე მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოითხოვა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, მდებარე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1517 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე მხარისათვის სადავო 1517 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სამუშაოების, მათ შორის, დროებითი ან კაპიტალური ღობის მონტაჟის წარმოება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი. გ. ვ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროსაც მიმართა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე მოპასუხე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 517 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადება და შპს „...“ 1 517 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი სამუშაოების წარმოების აკრძალვა მოითხოვა. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გ. ვ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ მხარეს უფლება არ აქვს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან განმცხადებელმა ერთი და იმავე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ერთი და იმავე უზრუნველყოფის მოთხოვნით (სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და ყოველგვარი სამუშაოების აკრძალვა) და იმავე შინაარსის დასაბუთებით მიმართა, როგორც საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით, რომლებიც არ იქნა დაკმაყოფილებული, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის კვალიფიკაციის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ვ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, სასამართლოს განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ვ-ეს მართებულად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ვ-ის საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე, 1971-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ვ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე