Facebook Twitter

№ბს-683-675(2კ-15) 11 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. მ-ე (მოსარჩელე), აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (მოპასუხე)

მესამე პირები - შ. ი-ე, ნ. ჯ-ე, ნ. თ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 23 მაისს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2010 წლიდან 2014 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსად. 2014 წლის 3 იანვარს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მ. მ-ის მიმართ, ამავე სამმართველოს ... სამსახურის უფროსის - ა. კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის ფაქტს, რის შესახებაც, მოგვიანებით, ცნობილი გახდა სხვა თანამშრომლებისთვისაც. აღნიშნულის თაობაზე ზეპირი ფორმით ეცნობა ამავე სამმართველოს უფროსს ვ. წ-ეს. 2014 წლის 5 იანვარს ა. კ-ის მიერ სამმართველოს უფროსის - ვ. წ-ის თანდასწრებით მოხდა ფაქტის აღიარება, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მომხდარის გამო ა. კ-მა გამოხატა ღრმა სინანული და მ. მ-ეს მოუხადა ბოდიში. ამასთან, განაცხადა, რომ ბოდიშს მოუხდიდა საჯაროდაც და დატოვებდა სამსახურს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის 6 იანვარს ა. კ-მა მ. მ-ის სამუშაო კაბინეტში, მის სამუშაო კომპიუტერში შეადგინა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2014 წლის 9 იანვარს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილისა და შემდგომ 10 იანვარს სამსახურის სხდომაზე ვ. წ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მ. მ-ის მიმართ გამოხატულ აგრესიას, უსაფუძვლო შენიშვნებს და ბრალდებებს მის არაკვალიფიციურობაზე. ასევე, ვ. წ-ის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ იძულებას, რომ მ. მ-ეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამსახური, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის გახმაურებით და ა. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლებით მას პრობლემები შეექმნებოდა მთავრობაში. იმავე წლის 13 იანვარს მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა ვ. წ-ეს ა. კ-ის დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოსთვის განცხადების გადაგზავნის თაობაზე. 2014 წლის 16 იანვარს აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურაში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 16 იანვარს ა. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო იმავე წლის 23 აპრილს თავად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმობისთვის დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი მოკვლევის გარეშე, ტენდენციურად და უპირობოდ დაადგინა ფაქტი, რომ მ. მ-ე 2014 წლის 3 იანვარს იმყოფებოდა ნასვამ დგომარეობაში ა. კ-თან ერთად მაშინ, როცა იგი ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ 2014 წლის იანვრის თვეში გადიოდა მკურნალობის კურსს უშვილობასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის მითითებით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც მიუთითებს მოხელის ვალდებულებაზე, თავიდან აიცილოს ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს ან შელახავს დაწესებულების ინტერესებსა და რეპუტაციას. საუბარია ასევე ამავე კანონის 78-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც მიუთითებს საჯარო მოხელის მიერ ისეთი სახის უღირსი საქციელის ჩადენას, რომელიც მიმართულია დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანების, 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მოპასუხისთვის სამი თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ გასაჩივრებული აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შ. ი-ე, ნ. ჯ-ე და ნ. თ-ა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანება; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ე 2006 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსად. 2014 წლის 13 იანვარს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ამავე სამმართველოს უფროსს - ვ. წ-ეს და მოითხოვა 2014 წლის 3 იანვარს მის მიმართ, ამავე სამმართველოს ... უფროსის ა. კ-ის მიერ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ძალადობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება და განცხადების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა. აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 20 იანვრის №01-05/01 ბრძანებით, ა. კ-ი პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 20 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2014 წლის 3 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სიუჟეტი მოამზადა ...-მა, ხოლო საინფორმაციო პორტალ ... -ზე, გაზეთ ... და ...-ზე გამოქვეყნდა სტატიები.

ბათუმის რაიონული პროკურატურის 2014 წლის 7 მარტის №13/08-14304 წერილით დადგინდა, რომ მ. მ-ის განცხადებაში და მასზე მოპოვებულ მასალებში ასახული ინფორმაცია არ შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ცნობებს დანაშაულის შესახებ, რაც არ წარმოადგენდა გამოძიების ან/და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს, რის გამოც მას უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე.

2014 წლის 10 მარტს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ჩატარდა თათბირი, სადაც სამმართველოს უფროსმა თანამშრომლებს გააცნო აჭარის ა/რ პროკურატურიდან შემოსული წერილის შინაარსი მ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც დგინდებოდა, რომ მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 2014 წლის 3 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამმართველოს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურს დაევალა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება. ამავე დღეს ინსპექტირების სამსახურს დაეწერა ბათუმის რაიონული პროკურატურიდან შესული №13/08-14304 წერილი.

შპს „...“ მიერ 2014 წლის 12 მარტს გაცემული ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ. მ-ე 2014 წლის 12 მარტს იყო 12-13 კვირის ორსული. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №12 დასკვნის თანახმად, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტის ირგვლივ ჩატარებული იქნა სამსახურეობრივი შემოწმება, რომლითაც დგინდება, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსმა მ. მ-ემ ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანებით, მ. მ-ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურიდან გათავისუფლება და 2014 წლის 23 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების თანახმად, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, გაფრთხილებულნი იქნენ თანამდებობიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, ამავე სამმართველოს ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეები.

სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №12 ოქმის საფუძველზე ინსპექტირების სამსახურმა 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტის ირგვლივ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, ახსნა-განმარტებები ჩამოართვა სამმართველოს თანამშრომლებს და დაადგინა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსმა მ. მ-ემ ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანებით, მ. მ-ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და 2014 წლის 23 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა, ზუსტად ყოფილიყო დადგენილი, მ. მ-ის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების დროს დაეყრდნო სამმართველოს ინსპექტირების დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტი და დაადგინა, რომ სექსუალური ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, დასკვნაში მითითებული იქნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელებამ გამოიწვია სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების დისკრედიტაცია და სამმართველოს რეპუტაციის შელახვა. ასევე, მიეთითა, რომ მ. მ-ე ხელოვნურად ძაბავდა ურთიერთობას სამმართველოს ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, რამდენჯერმე უსაფუძვლოდ გააპროტესტა უფროსის მიერ მიცემული ელემენტარული დავალების შესრულება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ინსპექტირების დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომ მ. მ-ემ ინფორმაციის გავრცელებით ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან ამგვარი ფორმით უკმაყოფილების და პროტესტის გამოხატვა ვერ აღიქმებოდა, როგორც დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, რადგან თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სამმართველოს შენობაში დაირღვა მისი უფლებები, უფლება ჰქონდა აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სამმართველოს უფროსისათვის. რაც შეეხება, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას, სასამართლოს აზრით არც ეს ჩაითვლება დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელად, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა უშუალოდ მოსარჩელემ.

სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. „აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის (ძველი რედაქცია) თანახმად, ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებდა მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით: ა) საქმისწარმოების და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. მითითებულ დადგენილებაში, აჭარის ა/რ მთავრობის 2014 წლის 12 ივნისის №22 დადგენილებით შევიდა ცვლილებები, კერძოდ ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს საჯარო მოსამსახურეებისა და მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. ამდენად, ... განყოფილება გაუქმდა, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული და აღნიშნული განყოფილების ფუნქციების განხორციელება დაევალა სამმართველოს ... სამსახურის მთავარ სპეციალისტებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა თანამდებობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი სამსახურში აღდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებიული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. 2015 წლის 28 მაისს მ. მ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, მ. მ-ის შეგებებული სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №12 ოქმის საფუძველზე დადგინდა, რომ ინსპექტირების სამსახურმა 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტის ირგვლივ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, ახსნა-განმარტებები ჩამოართვა სამმართველოს თანამშრომლებს და დაადგინა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსმა მ. მ-ემ ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) წარმოადგენს, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. დასახელებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება მ. მ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში და აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ... სამსახურის ... თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის სამსახურის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება სდევდეს დაწესებულების მთლიანი ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამ სახის რეორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, მოჰყვება თუ არა მას შტატის რაოდენობრივად შემცირება, შეიძლება ქმნიდეს მოხელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველს, რაც განსახილელ შემთხვევაში სახეზეა.

მ. მ-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეეძლო მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა გადაწყვეტილებები: მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებას შეიძლება გადამხდევინებლისათვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რაც შესაძლებელი იყო მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით მხარისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან გადაწყვეტილების აღსრულებლობის საფრთხე, სასამართლომ უარი თქვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით. გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ერთი განმარტებით, რომ არ არსებობს მ. მ-ის ... თანამდებობაზე აღდგენის კანონიერი საფუძველი. კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს განსხვავებული პრაქტიკა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მანკიერ პრაქტიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში რეორგანიზაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მ. მ-ემ მიმართა სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დასაცავად.

კასატორმა - მ. მ-ემ ასევე მოითხოვა იძულებით განაცდურის ანაზღაურება მთელი მოცდენილი პერიოდისათვის და განმარტა, რომ ნორმა („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომელსაც ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნა, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით მას უფლება აქვს, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მთელი მოცდენილი პერიოდისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის უსაფუძვლო, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც ექვემდებარება გაუქმებას. სააპელაციო სასაართლომ მთლიანად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობა და თავისი განჩინება არ დააფუძნა ისეთ არგუმენტებზე, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციისაგან. კასატორს მიაჩნია, რომ მათი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ისა და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ისა და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათ გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. მ-ე მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების ... თანამდებობაზე. 2014 წლის 13 იანვარს მან განცხადებით მიმართა სამმართველოს უფროსს - ვ. წ-ეს და მოითხოვა 2014 წლის 3 იანვარს მის მიმართ ამავე სამმართველოს ... სამსახურის უფროსის - ა. კ-ის მიერ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ძალადობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურას, რომელმაც დაადგინა, რომ მ. მ-ის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. ამის შემდეგ სამმართველოში 2014 წლის 3 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურს დაევალა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და გადაეცა ბათუმის რაიონული პროკურატურიდან შემოსული №13/08-14304 წერილი.

„აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილების მე-6 მუხლის 82-ე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტირების სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, სამმართველოს სისტემაში თანამშრომელთა სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნის და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედება) შესწავლა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ფაქტის ან/და სამმართველოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმება (სამმართველოს სისტემის შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა შესწავლის მიზნით, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა ან გამოკითხვის აქტის შედგენა სამმართველოს სისტემის მოსამსახურეებსა და სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებულ მოქალაქეებზე და სხვა), შესაბამისი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინსპექტირების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №12 ოქმის საფუძველზე დადგინდა, რომ ინსპექტირების სამსახურმა 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტის ირგვლივ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, ახსნა-განმარტებები ჩამოართვა სამმართველოს თანამშრომლებს და დაადგინა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... განყოფილების უფროსმა მ. მ-ემ ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.

განსახილველი დავის საგანს მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის #01-05/09 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი მოცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის #01-05/09 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი, მ. მ-ის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების დროს დაეყრდნო სამმართველოს ინსპექტირების დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია 2014 წლის 3 იანვარს მომხდარი ფაქტი და დაადგინა, რომ სექსუალური ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, დასკვნაში მითითებული იქნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელებამ გამოიწვია სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების დისკრედიტაცია და სამმართველოს რეპუტაციის შელახვა. ასევე მიეთითა, რომ მ. მ-ე ხელოვნურად ძაბავდა ურთიერთობას სამმართველოს ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, რამდენჯერმე უსაფუძვლოდ გააპროტესტა უფროსის მიერ მიცემული ელემენტარული დავალების შესრულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს ინსპექტირების დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომ მ. მ-ემ ინფორმაციის გავრცელებით ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან ამგვარი ფორმით უკმაყოფილების და პროტესტის გამოხატვა ვერ აღიქმებოდა, როგორც დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, რადგან თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სამმართველოს შენობაში დაირღვა მისი უფლებები, ჰქონდა უფლება აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სამმართველოს უფროსისათვის. რაც შეეხება, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას, სასამართლოს აზრით არც ეს ჩაითვლება დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელად, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა უშუალოდ მოსარჩელემ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის, მ. მ-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელების შემთხვევაშიც, იგი ვერ ჩაითვლებოდა დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელად, რადგან აღნიშნული ინფორმაცია მიმართული იყო სამმართველოს კონკრეტული თანამშრომლის და არა დაწესებულების რეპუტაციის შელახვისაკენ. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები ვერ ჩაითვლებოდა უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან ისინი თავად იყვნენ საჯარო მოსამსახურეები, სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან და კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატავდნენ ამ ორგანოს ნებას. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. მ-ემ ინსპექტირების სამსახურს 2014 წლის 19 მარტს ახსნა-განმარტებაში განუცხადა, რომ იყო ორსულად, თუმცა აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, კადრების სტაბილურობის, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ ისეთი სახის არსებით დარღვევას წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართევლოს კანონის მე-13 მუხლით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.

საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების საკითხიც.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის - სამუშაოზე აღდგენის ნაწილში იმ მოტივით, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ... თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან „აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის #53 დადგენილებაში 2014 წლის 12 ივნისს #22 დადგენილებით შევიდა ცვლილებები, კერძოდ, ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს საჯარო მოსამსახურეებისა და მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმისწარმოებისა და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება გაუქმდა, შესაბამისად, გაუქმდა აღნიშნული განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა მ. მ-ეს. აღნიშნული განყოფილების ფუნქციების განხორციელება დაევალა ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებისა და მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება საერთოდ არ არის გამოცემული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე - რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ბრძანებით მ. მ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2015 წლის 23 აპრილს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, ხოლო აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში რეორგანიზაცია შტატების შემცირებით გამოცხადდა რამდენიმე თვის შემდეგ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი საქალაქო სასამართლოს მიერ, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული დანაწესი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობას და ა. შ.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მ. მ-ის კასაციის მოტივს მის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დადგენილი აქვს განსხვავებული პრაქტიკა, კერძოდ, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. კასტორმა მიუთითა 2009 წლის 10 მარტის #ბს-1367-1325(კ-08) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადმინისტარციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც გათავისუფლდა, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, რომ ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (ასე მაგალითად, შტატი არ საჭიროებდა უმაღლეს განათლებას, მაშინ, როცა რეორგანიზაციის საფუძველზე ამგვარი შტატის დასაკავებლად უმაღლესი განათლება იყო საჭირო), ხოლო ის გარემოება, რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი“.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ... განყოფილება, შესაბამისად, გაუქმდა აღნიშნული განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა მ. მ-ეს, თუმცა აღნიშნული განყოფილების ფუნქციების განხორციელება დაევალათ ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტებს, რაც გულისხმობს, რომ ფუნქციურად განყოფილების უფროსის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, გადაეცათ მთავარ სპეციალისტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ე ექვემდებარება სამსახურში უპირობო აღდგენას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს მ. მ-ის კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალიწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად; ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული აქტი მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი და ეს უკანასკნელი სასამართლოს მიერ ექვემდებარება დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, შესაბამისად, დადასტურებულია მ. მ-ის გათავისუფლების უკანონობა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საფუძველი, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. ამდენად, მ. მ-ეს უფლება აქვს, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მთელი მოცდენილი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.

რაც შეეხება აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს კასაციის მოტივებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა მ. მ-ის კასაციის საფუძვლებს და სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები მ. მ-ის საჩივარზე - თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უარის თქმის შესახებ, სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. მ. მ-ე აღდგენილ იქნეს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

6. მოპასუხეს - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაევალოს მ. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე;

7. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის #01-05/09 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი