Facebook Twitter

საქმე №ბს-739-731(კს-15) 28 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ა-ი

მოპასუხეები – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 17 სექტემბერს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №305 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2014 წლის 1 სექტემბრის №503 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №305 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №305 დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2014 წლის 21 ნოემბერს ნ. ვ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ვ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №305 დადგენილება და ქ. ბათუმის მერიის 2014 წლის 1 სექტემბრის №503 ბრძანება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში; თ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით მესამე პირის ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ვ-ე მესამე პირის სახით განსახილველი ადმინისტრაციული საქმის განხილვაში ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე, 89-ე და 364-ე მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ე.ი. იმ საფუძვლით, რომ სასამართლო აქტი შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებს, იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, მითუმეტეს, როდესაც აპელანტი სააპელაციო საჩივრით მისი მესამე პირად ჩაბმის განჩინების კანონიერებას სადავოდ არ ხდის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი აპელანტის უფლებებსა და მოვალეობებზე გავლენის მოხდენის და შესაბამისად მისი, როგორც მესამე პირის მხარედ (სასკ-ის 16.2 მუხლი) მიჩნევის თავალსაზრისით და მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ამ აქტების გამოცემამდე რეკონსტრუირებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, რა მიმართებით სასამართლომ გამოიყენა დადგენილი პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეკონსტრუირებული უძრავი ქონების მიმართ საჯარო რეესტრში 2010 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაცია და მისი საფუძველი - ამხანაგობა „...“ კრების ოქმი №9, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს კანონით დაცული უფლების დარღვევის შემთხვევაში, თუკი იგი თვლიდა, რომ ამ მშენებლობით შეილახა იმავე ამხანაგობის კრების ოქმით მასზე გადაცემულ სხვენზე საკუთრების უფლება, შეეძლო სარჩელი შეეტანა ამხანაგობის კრების ოქმის ან რეესტრის ჩანაწერის მიმართ, ხოლო ამ ჩანაწერის და მისი საფუძვლის უდავოობის პირობებში აპელანტი ვერ მიიჩნევა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მქონე სუბიექტად.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეში ნ. ვ-ის მესამე პირად ჩაბმის შესახებ, მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის სავალდებულო მონაწილეს, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებსაც, თუმცა მოცემული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ არ მიიღებოდა საერთო გადაწყვეტილება.

ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება რაიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს აპელანტის, როგორც მესამე პირის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესზე. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რაც სწორად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მისი მესამე პირად ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმისას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმული მესამე პირის სტატუსით, ვინაიდან, სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩააბა იგი საქმეში მესამე პირად სავალდებულო მოწვევის გარეშე. ამასთან, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ საჩივრდება, იგი იძულებული იყო დაჰყოლოდა სასამართლოს ნებას.

კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას და მიუთითებს, რომ უნებერთვო მშენებლობის შედეგად თ. ა-ს მითვისებული აქვს მისი საკუთრება. აღნიშნულის მიუხედავად, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩირებინა მისი საკუთრების ხელყოფა, რაშიც დამატებით ხელს უშლის დადგენილი სასამართლო პრაქტიკაც. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ დადგენილი სასამართლო პრაქტიკა იცავს მოწინააღმდეგე მხარეს, მის საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მასზე უნდა გავრცელდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ ჩამოყალიბებული სტანდარტები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებას კი კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან, მისი მტკიცებით, განსახილველი დავა განსხვავდება მითითებული შემთხვევისგან; მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოხმობილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განსახილველი სამართალურთიერთობის ანალოგიური უნდა იყოს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე მითითებას.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით მისგან მიტაცებული საკუთრების რეესტრში უკანონო რეგისტრაცია არ უნდა ხდებოდეს უძრავი ქონების დაკანონების საშუალება.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ფართის თ. ა-ის საკუთრებად რეგისტრაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მისი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ვ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით მესამე პირის ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ე.ი. იმ საფუძვლით, რომ სასამართლო აქტი შეიძლება შეხებოდა მის ინტერესებს, იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება რაიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს აპელანტის, როგორც მესამე პირის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესზე. იგი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო საკითხის მიმართ და დამატებით განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირების სავალდებულო მოწვევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირთა ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა. ასეთი წესით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში ნ. ვ-ე არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონე პირს, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №305 დადგენილებისა და თ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2014 წლის 1 სექტემბრის №503 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს - თ. ა-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დაევლა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ვ-ე არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია ნ. ვ-ე იმ პირად, რომლის უფლებებსა თუ კანონით დაცულ ინტერესთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაწყვეტის შედეგი გავლენას ვერ მოახდენს ნ. ვ-ის უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც იგი არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირს და სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ნ. ვ-ე სადავოდ ხდის თ. ა-ის საკუთრების უფლებას ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში მდებარე სხვენზე. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს შეფასების საგანს თ. ა-ის დაჯარიმებისა და უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენა წარმოადგენს, შეუძლებელია ნ. ვ-ემ იდავოს უძრავი ქონების თ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს სცილდება დავა საკუთრების უფლებაზე ნ. ვ-ესა და თ. ა-ს შორის. ხოლო თავის მხრივ ნ. ვ-ეს სადავო უძრავი ქონების თ. ა-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გასაჩივრებით შესაძლებლობა ეძლევა იდავოს ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში მდებარე სხვენის საკუთრების უფლებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ შემთხვევაში დაუშვებლობის გამო ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი