Facebook Twitter

#ბს-791-783(კს-15) 14 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ თ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 ივნისს ი/მ თ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ოქტომბრის №075699 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №15475 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ თ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ თ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი/მ თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორის - მოსარჩელე ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენელს - დ. ჯ-ეს, სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... №2, მე-7 სართული. გზავნილი ჩაიბარა დ. ჯ-ის ოფისის მდივანმა - მ. ძ-მა, 2015 წლის 27 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 27 აგვისტოს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2015 წლის 28 აგვისტოს, რომელიც დასრულდა 2015 წლის 10 სექტემბერს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე, ი/მ თ. ჯ-ას მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 2 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც ი/მ თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ თ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ი/მ თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ ვერ დაადგინა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი და დადგენილ ფაქტებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ადრესატის სამუშაო ადგილის მიხედვით გზავნილის ჩაბარებისას ეს უკანასკნელი ბარდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გზავნილის მიმღები პირი - მ. ძ-ი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციას, ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, შესაბამისად უფლებამოსილ პირს ან ე.წ. „ოფისის მდივანს“, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილი არ იყო გათვალისწინებული თავად ორგანიზაციისთვის - შპს „...“, რომლის ოფისშიც მოხდა გზავნილის გადაცემა მ. ძ-ისათვის. მოსარჩელის წარმომადგენელი - დ. ჯ-ე მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში, თუმცა ის პირადად წარმოადგენს ი/მ თ. ჯ-ას და მის ამ საქმიანობას არანაირი კავშირი თავად ორგანიზაციასთან არ აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი/მ თ. ჯ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ თ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენელს - დ. ჯ-ეს და 2015 წლის 27 აგვისტოს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს – მ. ძ-ს, რასაც იგი ჩაბარების დასტურზე ხელმოწერით ადასტურებს. ჩაბარების დასტურის კომენტარში კი, სადაც როგორც წესი ხელმომწერის შესახებ ინფორმაცია და ადრესატთან მისი დამოკიდებულება მიეთითება, ჩანაწერია გაკეთებული - ადრესატის კუთვნილი ოფისის მდივანი (ს.ფ. 84).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით გზავნილის მიმღები პირი - მ. ძ-ი არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენლისთვის - დ. ჯ-ისთვის სასამართლო უწყების გაგზავნა და ჩაბარება მოხდა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ... №2, მე-7 სართული, მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. ჯ-ეს, როგორც ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენელს, აღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა სასამართლო უწყება, ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენლის - დ. ჯ-ისთვის გაგზავნილი მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი ჩაიბარა სწორედ მ. ძ-მა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა (ს.ფ. 60-61), თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ძ-მა სასამართლო უწყება ჩაიბარა როგორც დ. ჯ-ის სამუშაო ადგილის - ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სასამართლო უწყების ჩაბარებაზე მისი არაუფლებამოსილების ფაქტი კი საქმეზე არ დადასტურებულა. თავის მხრივ მ. ძ-ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა გზავნილი ადრესატისათვის - დ. ჯ-ისათვის. შესაბამისად, ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენელს - დ. ჯ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ი/მ თ. ჯ-ას წარმომადგენელს – დ. ჯ-ეს სამუშაო ადგილზე 2015 წლის 27 აგვისტოს ჩაჰბარდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა 2015 წლის 28 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე ი/მ თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება 2015 წლის 10 სექტემბრის (ხუთშაბათი) ჩათვლით ენიჭებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი/მ თ. ჯ-ამ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 2 ოქტომბერს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა (ს.ფ. 87).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ თ. ჯ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ თ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი