Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

№ბ-635-1(გან-16) 27 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 მაისს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანების, 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მოპასუხისთვის სამი თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 10 ივნისს მ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად აჭარის ა/რ მთავრობის ჩაბმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული დავის დასრულებამდე აჭარის ა/რ მთავრობისათვის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს რეორგანიზაციის დროს ამავე ორგანოს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და საკადრო რესურსების მართვის განყოფილების ...თანამდებობრივი პოზიციის გაუქმების აკრძალვის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად აჭარის ა/რ მთავრობის ჩაბმის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი და კერძო საჩივარი წარადგინა მ. მ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი და კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 მაისის №01-06/17 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შ. ი-ე, ნ. ჯ-ე და ნ. თ-ია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის №01-05/09 ბრძანება; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადმინისტრაციული სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებიული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

2015 წლის 28 მაისს მ. მ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, მ. მ-ის შეგებებული სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ისა და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ისა და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. მ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადმინისტრაციული სამსახურის ... თანამდებობაზე; მოპასუხეს - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაევალა მ. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის #01-05/09 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

2016 წლის 11 მარტსა და 17 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართეს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და მ. მ-ემ, რომლებმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვეს.

აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ იკვეთებოდა რა მექანიზმით უნდა მომხდარიყო მ. მ-ის სამსახურში აღდგენა, რასაც ასევე უკავშირდებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტების განმარტებას ითხოვდა. ხოლო მ. მ-ე ითხოვდა განმარტებას მოიცავდა თუ არა ასანაზღაურებელი განაცდური თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად გასაცემ პრემიას; განაცდურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მ. მ-ის გათავისუფლებამდე არსებული სახელფასო განაკვეთის, თუ აღსადგენ თანამდებობაზე დაწესებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და მ. მ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2016 წლის 19 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ემ, რომლებმაც კვლავ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, მოიცავდა თუ არა ასანაზღაურებელი განაცდური სამმართველოში ყველა თანამშრომელზე სადღესასწაულოდ და კვარტლურად ყოველთვიურად გაცემულ პრემიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. მ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადმინისტრაციული სამსახურის ... თანამდებობაზე; მოპასუხეს - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაევალა მ. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2014 წლის 23 აპრილის #01-05/09 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

2016 წლის 11 მარტსა და 17 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართეს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და მ. მ-ემ, რომლებმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვეს.

საყურადღებოა, რომ მ. მ-ე 2016 წლის 17 მარტის განცხადებით ითხოვდა განმარტებას იმის თაობაზე, მოიცავდა თუ არა ასანაზღაურებელი განაცდური თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურად გასაცემ პრემიას; განაცდურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მ. მ-ის გათავისუფლებამდე არსებული სახელფასო განაკვეთის, თუ აღსადგენ თანამდებობაზე დაწესებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და მ. მ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება არ იყო ბუნდოვანი. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მ. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 18 მარტის განჩინებით განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მოხელისათვის პრემიის გაცემა წარმოადგენს წახალისების ერთ-ერთ ფორმას, რომელიც გაიცემა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თავის თავში არ მოიცავს სამომავლო ან სავარაუდო უფლების აღდგენას.

საკასაციო სასამართლომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მიუთითა საკასაციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმე #bs-171-160(k-07)).

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზრაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 05.01.05წ. #24-კ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას აღადგინოს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებლებელი გარემოება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ადასტურებს იმას, რომ მუშაკი იმავდროულად პასუხობდა იმ სალიკვიდაციო მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებოდა ა. ი.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის მქონე მოსამსახურეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აუნაზღაუროს ა. ი-ს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც ა. ი. იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად.

სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსაჯურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება“.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მ. მ-ის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 18 მარტის განჩინებაში იმსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და არ დააკმაყოფილა განცხადება.

2016 წლის 19 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ემ, რომლებმაც კვლავ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, მოიცავდა თუ არა ასანაზღაურებელი განაცდური სამმართველოში ყველა თანამშრომელზე სადღესასწაულოდ და კვარტლურად ყოველთვიურად გაცემულ პრემიას. ამდენად, ორივე შემთხვევაში - 2016 წლის 17 მარტს და 2016 წლის 19 მაისს წარმოდგენილი განცხადებებით მ. მ-ის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს, რომლის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. მ-ის მიერ უკვე გამოყენებულია გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის საპროცესო საშუალება, ხოლო საკასაციო სასამართლოს მ. მ-ის განცხადების საფუძველზე უკვე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე იმავე საფუძვლით, განუხილველი უნდა დარჩეს მ. მ-ის განცხადება აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი