საქმე #ბს-38-37(კს-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ე. ს-ი
დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 21 სექტემბერს ე. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და კ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ კ. ბ-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოში - მიწის რეგისტრაციის სამსახურში 2000 წლის 22 აპრილს განხორციელებული რეგისტრირებული უფლებიდან, სარეგისტრაციო ნომრით ..., 2004 წლის 1 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ჩათვლით და მათ საფუძველზე 2004 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციიდან, ს/კ ... მოსარჩელე ე. ს-ის კუთვნილი ნაკვეთის ფართის იმ ოდენობით ამორიცხვა, რაც დადგენილია მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 სექტემბრის #882011424116-03 გადაწყვეტილებით, ანუ ზედდების ნაწილში და ამ რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ამ უკანასკნელის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის ფართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ს-ის სარჩელი მოპასუხე კ. ბ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი 33 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს/კ ... ნაკვეთის წინა ნომერი: ...); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კ. ბ-ის სახელზე სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2014 წლის 3 იანვარს კ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის და ე. ს-ის მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 დეკემბრის #882013541483-06 გადაწყვეტილების და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის განჩინებით კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საქმის წარმოება კ. ბ-ის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის და ე. ს-ის მიმართ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 დეკემბრის #882013541483-06 გადაწყვეტილების და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა, დავის საგნის არარსებობის გამო.
2016 წლის 1 ნოემბერს კ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით კ. ბ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 ნოემბრის #315601 წერილის მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის #29163 გადაწყვეტილების საფუძველზე ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განახორციელა ცვლილება, კერძოდ კ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 585 კვ.მ უძრავი ქონებიდან ბათილად ცნო რეგისტრაცია 33 კვ.მ-ზე და რეგისტრაციაში იმ დროის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ... კ. ბ-ის საკუთრებად #882015143780 განაცხადით უკვე რეგისტრირებული იყო 552 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ....
სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არსებობს მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია, რითაც ფერხდება მისი აღსრულება.
სააპელაციო სასამართლომ სარეგისტრაციო სამსახურის წერილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არ იარსებებდა, რადგან მისი სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებულია და მისი შინაარსი კ. ბ-ის საკუთრებაში 33 კვ.მ გაუქმების ნაწილში ბუნდოვანია. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხარეთა შორის დავა არ დამთავრებულა და მოხდა ახალი ექსპერტიზის დანიშვნა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოდავე მხარეებს შორის გაყოფილი მიწის ნაკვეთი არ იყო იმ რაოდენობის, რაც გამყოფ ნახაზზე არის მითითებული. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 840 კვ.მ-ის ნაცვლად არის 757,5 კვ.მ, საიდანაც ს-ის ნაკვეთის ფართი რეალურად შეადგენს 326,8 კვ.მ-ს, ხოლო ბუიძის - 430,7 კვ.მ. კერძო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია, სასამართლომ რა მიზნით გააუქმა 33 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ცნობა, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის #29163 გადაწყვეტილებით მოხდა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება, არ არის სრულყოფილი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის #29163 გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ სასამართლოში და ამჟამად დავას განიხილავს სააპელაციო სასამართლო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული კ. ბ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი 33 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს/კ ... ნაკვეთის წინა ნომერი: ...); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კ. ბ-ის სახელზე სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2016 წლის 1 ნოემბერს კ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით კ. ბ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების უმთავრესი მიზანი არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2016 წლის 30 ნოემბერის №315601 წერილით გაირკვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის №29163 გადაწყვეტილების საფუძველზე ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განახორციელა ცვლილება, კერძოდ კ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 585 კვ.მ უძრავი ქონებიდან ბათილად ცნო რეგისტრაცია 33 კვ.მ-ზე და რეგისტრაციაში იმ დროის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ... კ. ბ-ის საკუთრებად №882015143780 განაცხადით უკვე რეგისტრირებული იყო 552 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ....
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საჭიროებდა განმარტებას კ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ 33 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ნოემბრის №315601 წერილის მიხედვით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება კანონშესაბამისია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი