№ბს-106-105(კს-17) 11 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ-ი, გ. ბ-ე და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“ (სბს „ა...“ უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – რუსეთის კომერციული ბანკი „სბს ა...“, ა. დ-ისა და გ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეებისთვის - სს „...“ აქციათა პაკეტის (643297 ცალი აქცია, საწესდებო კაპიტალის 28,59%) მყიდველების ა. დ-ის, გ. ბ-ისა და რუსეთის კომერციული ბანკი „სბს ა...“ 2002 წლის 11 ივნისის №1-3/404 ბრძანებით დაკისრებული ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო განსახორციელებელი ინვესტიციის 10 000 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იმ დროის მდგომარეობით 6 800 000 აშშ დოლარის და საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით საჯარიმო თანხის იმ დროის მდგომარეობით 2 516 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი გ. ბ-ის, ა. დ-ის და რუსეთის კომერციული ბანკი „სბს ა...“ 6 800 000 აშშ დოლარის და 2 516 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისს განცხადებით მომართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის საკასაციო წესით განხილვის განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის განჩნებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 იანვრის განჩინება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი გ. ბ-ის, ა. დ-ისა და რუსეთის კომერციული ბანკი „სბს ა...“ 6 800 000 აშშ დოლარის და 2 516 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება; საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2009 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და რუსეთის კომერციული ბანკი სბს „ა...“ ნაცვლად საქმეში მოპასუხედ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“ ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქმეში რუსეთის კომერციული ბანკი სბს „ა...“ შეიცვალა უფლებამონაცვლით - რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“.
2011 წლის 25 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ა. დ-ის, გ. ბ-ისა და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“ მიმართ და მოპასუხეებისათვის 2000 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 800 000 აშშ დოლარის (განსახორციელებელი ინვესტიციის - 10 000 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და საჯარიმო თანხის - 2 516 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი მოპასუხეების - ა. დ-ის, გ. ბ-ისა და რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „...“ (სბს „ა...“ უფლებამონაცვლე) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც ჩაბარდა 2016 წლის 2 ივნისს, ჩაბარების გზავნილზე დასმულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ბეჭედი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო უწყება (გზავნილი) შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარებული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ და შესაბამისად, სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მოგვიანებით გასაჩივრება უნდა ჩაითვლილიყო საპატიო მიზეზად და საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების შესახებ გზავნილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარისათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს აღედგინა კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სასამართლომ მიუთითა, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის საფუძველზეც საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არაა დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება.
იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა რა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში (2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით) და სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით მინიჭებული ვადის დარღვევით 2016 წლის 29 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რაც მისი განუხილვევლად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მისი განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაგზავნილი გადაწყვეტილება სასამართლოს კურიერის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისაღებში გადაეცა თ.დ-ს, რომელმაც ჩაბარების ფაქტი დაადასტურა სამინისტროს შტამპით „ჩავიბარე“ და ხელმოწერით. საჩივრის ავტორის მითითებით, თ.დ. 2016 წლის 25 აპრილიდან - 2016 წლის 23 ივნისამდე გადიოდა სწავლებას. თ.დ. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად დაინიშნა მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის ბრძანებით, 2016 წლის 23 ივნისიდან - 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 აპრილიდან - 2016 წლის 23 ივნისამდე თ.დ-ს სამინისტროში პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული. საჩივრის ავტორის განმარტებით, თ.დ-ს არ ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო სამინისტროში შესული დოკუმენტაცია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების მიერ საქმის გარემოებათა შესწავლით დადგინდა, რომ სასამართლოდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადაგზავნილი გადაწყვეტილება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გარეშე ინახებოდა საქმისწარმოების სამმართველოში. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია უნდა განეხორციელებინა მ.ლ-ს, რომელსაც ზეპირსიტყვიერად დაკისრებული აქვს საერთო სასამართლოების სისტემიდან სამინისტროში შესული დოკუმენტაციის რეგისტრაციის, ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში ატვირთვისა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ქვედანაყოფში გადაგზავნის მოვალეობა. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის №1-1/65 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრალური აპარატის „საქმისწარმოების ინსტრუქციის“ შესაბამისად, უნდა გადასცემოდა იურიდიულ დეპარტამენტს, რაც არ განხორციელებულა და დასტურდება შიდა აუდიტის დასკვნითაც. იურიდიული დეპარტამენტისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული გადაწყვეტილების სამინისტროსთვის ჩაბარების თაობაზე. შესაბამისად, ვერ მოხერხდა და ჩაუბარებლობის გამო ვერც მოხერხდებოდა მისი კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დოკუმენტი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომლემაც მართალია, ჩაბარება დაადასტურა ხელმოწერითა და ბეჭდით, თუმცა უშუალოდ ადრესატს არ მიუღია შეტყობინება გადაწყვეტილების მიღების/ჩაბარების თაობაზე და მისი ნება - მოეხდინა დადგენილ ვადაში შესაბამისი რეაგირება ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრება - ვერ განახორციელა.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა და მასალები გადაგზავნილია თბილისის პროკურატურისთვის და დამატებითი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს პროკურატურის მასალებსაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც ჩაჰბარდა 2016 წლის 2 ივნისს, რაც დასტურდება ჩაბარების გზავნილზე დასმული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის მიმღები პირი არის თ.დ., რომელიც არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სადავოდ ხდის მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2016 წლის 2 ივნისს ჩაიბარა თ.დ-მ, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააპელაციო საჩივარშივე მიუთითებდა და სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს, სააპელაციო სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია წარმოადგენდა თუ არა თ.დ. სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რასაც სადავო საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და სათანადო შეფასება მისცეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა თ.დ-ს, ხოლო საქმეზე არ დასტურდება სამინისტროსათვის განკუთვნილი გზავნილის ჩაბარებაზე თ.დ-ს უფლებამოსილების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი