Facebook Twitter

№ბს-124-123(კს-17) 20 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 12 ნოემბერს ჯ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მისთვის ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის (საკადასტრო კოდი: №...) ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №48 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთვის ჯ. ჭ-ის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: №...), სარეკრეაციაო ზონა 1 (რზ-1) სტატუსის მოხსნისა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №48 საოქმო გადაწყვეტილება ჯ. ჭ-ეზე ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის (საკადასტრო კოდი: №...) ლეგალიზების მიზნით, ფუნქციური ზონის სტატუსის (სარეკრეაციო ზონა 1) ცვლილებაზე უარის თქმის ნაწილში (44-ე საკითხი); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის (საკადასტრო კოდი: №...) ლეგალიზების მიზნით, ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების შესახებ ჯ. ჭ-ის განცხადებასთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის საფუძველზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა განმატრებულია როგორც საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ-სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ქ. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით დამტკიცება - მიეკუთვნება ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას. რაც შეეხება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს კომპეტენციას, აღნიშნული განსაზღვრულია ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებით. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქ/პ თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საბჭო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, წინამდებარე დებულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის ოქმი №48 არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სარჩელის საგანს, იმდენად, რამდენადაც ის არ ადგენს მკაცრად განსაზღვრულ, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ შედეგს; კერძოდ, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მიაღწევს სამართლებრივ შედეგს - ვერ მიაღწევს არსებული ფუნქციური ზონის ცვლილებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 253 მუხლის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო; ასევე „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მტკიცდება რა საკრებულოს მიერ, მასში ცვლილებების შეტანა, ანუ მიწათსარგებლობის გეგმით განსაზღვრული არსებული ფუნქციური ზონის ცვლილებაზე გადაწყვეტილება შეუძლია მხოლოდ თბილისის საკრებულოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცება, მათ შორის ფუნქციური ზონის ცვლილება მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციაა, მისი გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ არის დამოკიდებული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნის შინაარსზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ოქმი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც დამოუკიდებლად აღებული ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს და ის მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაკენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ჯ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №48 საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნა, რომლესაც ამტკიცებს ქ.თბილისის საკრებულო და რომლის საფუძველზეც მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილება ხორციელდება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ფუნქციური ზონის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ვინაიდან იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს ჯ. ჭ-ის კანონიერ უფლებას/ინტერესს, კერძოდ, ჯ. ჭ-ე ვერ ახერხებს 26 წლის განმავლობაში მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს სხვა მექანიზმი, სხვა სამართლებრივი გზა, რომ დაინტერესებულმა პირმა მოახდინოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილება საბჭოს შესაბამისი დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საბჭოს გადაწყვეტილებას მივიჩნევთ ე.წ. „შუალედურ გადაწყვეტილებად“, იგი დაექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას, ვინაიდან იგი დამოუკიდებლად ახდენს გავლენას პირის - ჯ. ჭ-ის კანონიერ უფლებაზე/ინტერესზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჭ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ჯ. ჭ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ჯ. ჭ-ისთვის ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის (საკადასტრო კოდი: №...) ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №48 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთვის ჯ. ჭ-ის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ... ქუჩა №13-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: №...), სარეკრეაციაო ზონა 1 (რზ-1) სტატუსის მოხსნისა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ქ. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით დამტკიცება მიეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას. ხოლო რაც შეეხება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს კომპეტენციას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №48 ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, ის არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სარჩელის საგანს, იმდენად, რამდენადაც ის არ ადგენს მკაცრად განსაზღვრულ, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ შედეგს; კერძოდ, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ მიაღწევს სამართლებრივ შედეგს - არსებული ფუნქციური ზონის ცვლილებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25.31 მუხლის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მტკიცდება რა საკრებულოს მიერ, მასში ცვლილებების შეტანა, ანუ მიწათსარგებლობის გეგმით განსაზღვრული არსებული ფუნქციური ზონის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ თბილისის საკრებულოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე; ამასთან, ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცება, მათ შორის ფუნქციური ზონის ცვლილება მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციაა, მისი გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ არის დამოკიდებული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნის შინაარსზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ოქმი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც დამოუკიდებლად აღებული ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს და ის მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაკენ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაინტერესებულ პირს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს ძირითად აქტთან - ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებასთან ერთად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჭ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი