№ბს-176-174(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 14 აპრილს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შეირაღებული ძალების, გაერთიანებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2013 წლის 30 დეკემბრის №MOD 51300100691 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 10 მარტის №MOD 11400000327 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ქ. თბილისში, ... ქ. №166, კორპუსი №9-ში მდებარე 76.95 კვ.მ. სხვენის ბალანსიდან ამორიცხვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2013 წლის 30 დეკემბრის №MOD 51300100691 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 10 მარტის №MOD 11400000327 ბრძანება; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, არასაცხოვრებელ ფართებზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი კანონმდებელმა დაარეგულირა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: „ინდივიდუალური საკუთრება – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანხმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას. კერძოდ, მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრება, თუ ამხანაგობის წევრი ფლობდა მას როგორც საკუთარს კანონის ამოქმედებამდე. სხვა შემთხვევაში, სამეურნეო სათავსოები მიიჩნევა ამხანაგობის საერთო ქონებად. ამასთან, კანონმდებელმა სამეურნეო სათავსის (კონკრეტულ შემთხვევაში სხვენის) მფლობელობის ფაქტის დადგენის კომპეტენცია მიანიჭა თავად ამხანაგობას, კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა, ხოლო იმისათვის, რომ არასაცხოვრებელი ფართი (კონკრეტულ შემთხვევაში სხვენი) მიჩნეულ იქნეს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების საგნად, ამხანაგობამ ხმათა 2/3-ით უნდა დაადასტუროს მფლობელობის ფაქტი, რაც წარმოადგენს სათავსოს ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაეცვა მითითებული კანონით დადგენილი პროცედურები და სხვენის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია (ამხანაგობის კრების ოქმი). ხოლო, რეგისტრაციასთან დაკავშირებით უარის მიღების შემთხვევაში სადავოდ გაეხადა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში, მაგრამ არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სადავო ფართის (სხვენის) საკუთრებაში რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის უნდა წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია (ამხანაგობის კრების ოქმი) და რეგისტრაციასთან დაკავშირებით უარის მიღების შემთხვევაში სადავოდ გაეხადა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება და განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2005 წლის 18 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. ჩ-ემ შეიძინა ქ. თბილისში, ... ქ. №166 კორპ. #9, ბ. №24-ის საკუთრების უფლება ფიზიკური პირისაგან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „... 166-ის“ 2013 წლის 21 ოქტომბრის №14 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის სხვა წევრებს მ. ჩ-ის მფლობელობაში არსებულ 76.95 კვ.მ. ფართის სათავსოზე (სხვენი) რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და ამხანაგობა თანახმაა, რომ მ. ჩ-ემ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
მ. ჩ-ემ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ქ. თბილისში, ... ქ. №166, კორპ. №9, 76.95 კვ.მ. სხვენზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის 2013 წლის 25 ოქტომბრის №882013511273-03 გადაწყვეტილებით განემარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთი, ... ქ. №166-ში კორპუსი №9 აღრიცხულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის სახელზე. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 23.04.92წ. №446 დადგენილების თანახმად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ობიექტებისა და ქონების მემკვიდრედ ჩაითვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულზე მითითებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის წარდგენა.
დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთი ... ქ. №166-ში, კორპუსი №9 აღრიცხულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის სახელზე. ქ. თბილისში ს/ქ №166, ... ქ. №116, კორპუსი №9 (გ.გ №23) ირიცხება თავდაცვის სამინისტროს №1 რეგიონალური ბაზის ბალანსზე საბინაო ფონდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ემ თავდაპირველად სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ წარადგინა განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ... ქ. №166-ში, კორპუსი №9 საცხოვრებელი დანიშნულებისაა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით ბინების სრული ნაწილი ან უმეტესობა კერძო საკუთრებაშია გადასული. ხოლო თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური საკუთრების ყველა ობიექტი განკარგულია სახელმწიფოს მიერ, ამასთან ერთად განკარგული იქნება საერთო ქონება. შესაბამისად, განკარგულია თუ არა ყველა ბინა ... ქ. №166 კორპ. №9-ში უნდა გამოიკვლიოს თავდაცვის სამინისტრომ და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი