Facebook Twitter

#ბს-179-177(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 დეკემბერს რ. წ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის რ. წ-ას სასარგებლოდ მისი დედის - ც. წ-ას მიერ მიუღებელი საპენსიო თანხის - 1500 ლარის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით რ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ. წ-აზე მისი დედის - ც. წ-ას მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი პენსიის გაცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით (მ.1330). ამავე მუხლის კომენტარიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი თბილისი 2000წ. გვ. 385) „ყველა ქონებრივი უფლება და მოვალეობა არ შედის სამკვიდროში. კერძოდ, სამკვიდროში არ შედის ისეთი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მხოლოდ პირადი ხასიათის გამო მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, მაგალითად სამკვიდროში არ შედის საალიმენტო უფლებები და მოვალეობები, პენსიის მიღების უფლება, მამკვიდრებლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება და სხვა.“

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, როდესაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით შეჩერებული პენსიის გაცემის განახლებაზე, რაც ასევე საკანონმდებლო ცნებაა - მამკვიდრებელს და არც მის წარმომადგენელს არ მიუმართავს სახელმწიფო გასაცემლის განახლებისთვის, მემკვიდრის სიცოცხლის განმავლობაში, სამართლებრივი ნონსენსია მამკვიდრებელმა მიიღოს ის სამკვიდრო, რაზეც თავად მემკვიდრეს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ მიეღო უფლებაუნარიანობის განმავლობაში.

კასატორის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, ის რომ მოსარჩელის დედა ც. წ-ა გარდაიცვალა 2015 წლის 6 მაისს, და მას 2014 წლის 1 აგვისტოდან პენსიის ჩარიცხვა ჰქონდა შეჩერებული, რადგან მინდობილობას სახელმწიფო გასაცემლის გატანის შესახებ გასული ჰქონდა ერთწლიანი ვადა.

კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია პენსიის შეჩერებისა და განახლების რეგულაციები; პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით; პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით პენსიის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს (ს.შ.ჯ.ს.დ. მინისტრის ბრძანება #46/ნ მიღებული 2006 წლის 10 თებერვალს).

რაც შეეხება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის დეფინიციას: „პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა და პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ - აღნიშნული გარემოება არც წარმოადგენს სადავო საკითხს, რადგან პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

კასატორი იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ პენსიის შეჩერება არ გულისხმობს მასზე უფლების გაუქმებას, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების (პენსიის შეჩერების) შეცვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებლის ადმინისტრაციული ქმედუნარიანობის საფუძველზე, გამოხატული ნების შესაბამისად, საკანონმდებლო ცნება - პენსიის განახლების მიზნით, რაც არ განხორციელებულა.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ან უფლებამოსილი პირი, ვალდებული იყო დროულად უზრუნველეყო შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა, რომ დაუბრკოლებლად განხორციელებულიყო მისი მიღების უწყვეტობა.

კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოების გარდა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 18-ე მუხლი სწორედ მიღებული-გაცემული სახელმწიფო გასაცემლის მემკვიდრეებზე გადაცემას გულისხმობს, რადგან შეჩერების დროს, არ ხორციელდება სახელმწიფო გასაცემლის გაცემა-მიღება, შესაბამისად სამართლებრივად შეუძლებელია სხვას გადასცე ის, რაც თავად არ მოგიპოვებია უფლება მიიღო, რადგან არ იქნა გამოხატული მოთხოვნა შეჩერებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის რ. წ-ას სასარგებლოდ გარდაცვლილი დედის - ც. წ-ას კუთვნილი პენსიის - 1500 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკაშირებულ სამართალურთიერთობებს არეგულირებს ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი არეგულირებს პენსიის შეჩერებისა და განახლების წესსა და პირობებს, კერძოდ, 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი პენსიის მიღება განახლდება პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას. ამავე კანონის მე-18 მუხლი არეგულირებს მიუღებელი პენსიის აღების წესს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კერძოდ, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. აღნიშნული საკითხის სხვაგვარი რეგულაცია მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლში, რომლის შესაბამისად, 1. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვივდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც. წ-ა, როგორც ასაკით პენსიონერი, სახელმწიფო პენსიის მიმღებად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებაში იყო დარეგისტრირებული. მასზე პენსიის გაცემა 2014 წლის 1 აგვისტოდან შეჩერდა სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე 1 წლის განმავლობაში პენსიის მინდობილობით მიღების გამო, 2015 წლის 1 ივნისიდან კი ც. წ-ას შეუწყდა პენსია გარდაცვალების გამო (გარდაიცვალა 2015 წლის 6 მაისს).

რ. წ-ამ მიიღო დედის ც. წ-ას მთლიანი სამკვიდრო. პ. წ-ამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ც. წ-ას მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხის გაცემა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის #04/43231 წერილით პ. წ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტსა და მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განემარტა, რომ ც. წ-ასათვის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან მის მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა, ვინაიდან ც. წ-ას ან მის წარმომადგენელს შეჩერებული პენსიის განახლება არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ წინააღმდეგობრივია და განსხვავებულად არეგულირებს მსგავს საკითხს, მაგრამ საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ც. წ-ა უფლებამოსილი იყო მიეღო პენსია პენსიის შეჩერებიდან - 2014 წლის 1 აგვისტოდან 1 წლის ფარგლებში, იგი გარდაიცვალა 2015 წლის 6 მაისს და ვერ მოსწრო აღნიშნული უფლების რეალიზება, პენსია 2015 წლის ივნისიდან შეწყდა, ც. წ-ას უფლების შესაბამისად მის მემკვიდრეზე გადავიდა 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ივნისამდე გასაცემი - 10 თვის პენსიის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი