Facebook Twitter

#ბს-185-183(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 6 თებერვალს მ. გ-მა, თ. ქ-ემ და ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 26 დეკემბრის #3030, 2014 წლის 24 დეკემბრის #3002 ბრძანებების, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1072 წერილის, ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2014 წლის 24 ივლისის #97 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მოსარჩელეთა - მ. გ-ისათვის, თ. ქ-ისა და ნ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დევნილთა მოწმობების გაცემა და იძულებითი განაცდურის პერიოდისათვის დახმარების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით დაზუსტდა მოსარჩელეთა, მოპასუხეთა და მესამე პირთა წრე. ასევე მოსარჩელეება დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელეებად განისაზღვრნენ: მ. გ-ი და თ. ქ-ე; მოპასუხედ მიეთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 26 დეკემბრის #3030 და 2014 წლის 24 დეკემბრის #3002 ბრძანებების ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მ. გ-ის და თ. ქ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მ. გ-ის სასარგებლოდ 2014 წლის მარტიდან და თ. ქ-ის სასარგებლოდ 2014 წლის აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მ. გ-ის მოთხოვნის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 24 დეკემბრის #3002 ბრძანება მ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ასევე 2014 წლის მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიღებული შემწეობის ანაზღაურება; სარჩელი თ. ქ-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნაწილობრივ გაიზიარეს სამინისტროს პოზიცია, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. გ-ის ოჯახს ქ. თბილისში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი და მისი მეუღლე და შვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე არ წარმოადგენდნენ ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირებს. ამასთანავე სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ. გ-ი არ არის განქორწინებული მეუღლესთან, შესაბამისად, ის თ. ქ-ე და მათი შვილი - ნ. გ-ი არიან ერთი ოჯახის წევრები. მოცემული ინფორმაცია სამინისტროს მიერ ასევე იქნა გაზიარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება - მ. გ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს, ასევე სასამართლო სხდომების დროს დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო მხარს არ უჭერს მ. გ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ პოზიციას. რაც შეეხება კომისიის 2015 წლის 15 აპრილის #944 დასკვნას, ის გამოცემულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდგომ, რომელსაც თავად ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი მხარს არ უჭერდა. ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი კი არის პირი, რომელსაც კონკრეტულად სოფელ ...თან დაკავშირებით ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნია, ვიდრე ზემოხსენებული კომისიის დანარჩენ წევრებს, რომლებიც წამოადგენენ სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ვინაიდან მოცემული მტკიცებულებები და გარემოებები როგორც სამინისტროს, ასევე სასამართლოს მიერ ერთნაირად იქნა აღქმული, გაგებული და შეფასებული, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლო რა საფუძვლით განმარტავს თავის გადაწყვეტილებაში, რომ სამინისტრომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ან რის საფუძველზე ეყრდნობა ის იმ მტკიცებულებას (კომისიის 2015 წლის 1 აპრილის #944 დასკვნა) სადავო აქტის ბათილობის საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების დროს საერთოდ არ არსებობდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს თავის გადაწყვეტილებაში იმ გარემოებაზე, რომ თუ მოსარჩელის მცირეწლოვანმა შვილმა სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში დაიწყო სწავლა და მისი მეუღლე სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მუშაობდა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მ. გ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მ. გ-ს არ ჰქონდა იმ კატეგორიის სამსახური, სადაც ვირის განსაზღვრულ დღეებში, გარკვეულ სამუშაო საათებში უნდა გამოცხადებულიყო. ნაცვლად ზემოხსენებულ გარემოებაზე მსჯელობისა, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე, უპირობოდ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ის ფაქტობრივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე.

კასატორის მითითებით, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს ასევე არ შეუტანია ეჭვი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში და არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ ეს პირი წარმოადგენს თავად მოსარჩელესთან დაახლოებულ პირს, რომლის ობიექტურობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საეჭვოა და მისი ჩვენებებების კრიტიკული შეფასების გარეშე მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებული თითოეული გარემოება არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეთა საკითხის გარკვევის მიზნით სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. გარდა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა, სამინისტროს მიერ, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ახალგორის მუნიციპალიტეტიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელეთა ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენის თაობაზე. ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ამავე ადმინისტრაციული ერთეულის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დადასტურდა ახალგორის რაიონში მოსარჩელეების მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მათი განცხადებით მ. გ-ი და თ. ქ-ე მუდმივად არ ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფ. ..., 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. მოსარჩელეებისა და ზემოაღნიშნული ორგანოების მიერ გადმოცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ მ. გ-ისა და მისი მეუღლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ ქ. თბილისი წარმოადგენდა და ახალგორში პერიოდულად დადიოდნენ. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თ. ქ-ე ცხოვრობს ქ. თბილისში და 1985 წლიდან დღემდე მუშაობს საბავშვო ბაღში აღმზრდელად, მისი შვილი ნ. გ-ი კი პირველი კლასიდან სწავლობდა ქ. თბილისში. ასევე, თ. ქ-ეს, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ... გამზ. №19-ში მდებარე ბინა №57 (პრივატიზაციის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი 21/10/1992), ხოლო ქორწინების მოწმობის თანახმად, მ. გ-მა და თ. ქ-ემ იქორწინეს 1992 წლის 20 ივნისს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას. აღნიშნული ფაქტები კი მიუთითებენ, რომ თამარმა ბინა შეიძინა ქორწინების შემდგომ, შესაბამისად, ეს ბინა წარმოადგენს მისი და მ. გ-ის თანასაკუთრებას. ასევე, მართალია, მოცემული დოკუმენტაციიდან დასტურდება, რომ 2006 წლის 8 ივნისს მ. გ-მა ახალგორის რაიონის სოფელ ... შეიძინა 60 კვ.მ ფართობის მიწაზე მდებარე შენობა, თუმცა იმ დროისათვის იგი იყო მშენებარე და დაუმთავრებელი, შესაბამისად, საცხოვრებლად გამოუსადეგარი.

კასატორის მითითებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმასთან, რომლის თანახმადაც, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა, პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც მოსარჩელეთა შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რიგი ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული, შეფასებული და გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას და ზოგადად დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ძირითად მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის - მ. გ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ შეიძლება მიჩნეულიყო ახალგორის რაიონი, სოფ. ..., ვინაიდან, მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, რომელთაც გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი ფართი და იგი მეუღლესთან განქორწინებული არ იყო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

განსახილველ შემთვევაში საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 24 ივლისის წერილით დასტურდება, რომ მ. გ-ი დაბადებული 1961 წლის 8 იანვარს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა სეზონურად ახალგორის რაიონის სოფელ ... . ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა თ. ქ-ე, ნ. გ-ი. მიღებული აქვს კოტეჯი წეროვანის დასახლებაში (ს.ფ. 19); ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის სხდომის #55 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებითაც ასევე დადგენილია, რომ მ. გ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ... (ს.ფ. 163-168). იგივე გარემოება დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ლ. ხ-მა, გ. ჩ-მა, გ. ბ-ემ. საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 14 აპრილის ცნობა #01/74825, საიდანაც დგინდება, რომ ახალგორის შს განყოფილების მიერ მ. გ-ის სახელზე პირადობის მოწმობა №ბ0051798 გაცემულია 2001 წლის 01 ივნისს, ხოლო იმავე პირზე 2006 წლის 23 ივნისს სრს ახალგორის სამსახურის მიერ გაიცა პირადობის მოწმობა №გ0840242 (ს.ფ. 136-137; ტ.2). საქმეში ასევე წარმოდგენილია მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა №123236710, საიდანაც დგინდება, რომ მ. გ-ი 2003 წლიდან მეწარმედ რეგისტრირებულია ახალგორის რაიონში, სოფ. ... (ს.ფ. 27). საქმეში დაცულია 2006 წლით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც მ. გ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ახალგორის რაიონი, სოფ. ... (ს.ფ. 31-36; ტ.1).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი