Facebook Twitter

#ბს-191-189(კს-17) 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი

დავის საგანი - სარჩელის გამოხმობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 1 აგვისტოს ლ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ივლისის #32561 ბრძანებით დაინიშნა მისი საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძელზეც გამოიცა 2013 წლის 13 დეკემბრის #1-642 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა 14 926,82 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადის სახით - 7 078,3 ლარი, ჯარიმის სახით - 3 534,76 ლარი და საურავი - 4 313,76 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის #1-642 საგადასახადო მოთხოვნა ლ. ხ-მა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის #19176 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რომლის აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 6 ივნისის დასკვნა და ლ. ხ-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის #1-237 საგადასახადო მოთხოვნით შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ - 2 450 ლარამდე. მოსარჩელემ 2013 წლის 13 დეკემბრის #1-642 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის #19176 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის #19176 ბრძანება; ნაწილობრივ გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 13 დეკემბრის #1-642 საგადასახადო მოთხოვნა; გაუქმდა აღნიშნული სამართალდარღვევის გამო საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმა და საურავი. დაკისრებული ჯარიმის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 2 აპრილის #19176 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნა, 2014 წლის 14 აგვისტოს #37061 ბრძანება და 2014 წლის 19 აგვისტოს #001-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელეს შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა, სულ - 2 234 ლარამდე. 2013 წლის 17 დეკემბერს ლ. ხ-ის მიმართ გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის #001-22098 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 აპრილის #19176 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 აგვისტოს #37061 ბრძანებისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2016 წლის 15 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ლ. ხ-მა წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უკან გახმობა და განუხილველად დატოვება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელის უკან გახმობის შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველი დარჩა ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის უკან გახმობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

სააპელაციო სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება, ხოლო 278-ე მუხლის მიხედვით, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის ფორმით კერძო საჩივარი წარადგინა ლ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის ფორმით წარმოდგენილი საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ლ. ხ-მა წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელის უკან გახმობის შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველი დარჩა ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის უკან გახმობის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება, ხოლო 278-ე მუხლის მიხედვით, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სარჩელის გამოხმობის დროს სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 831-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი