Facebook Twitter

#ბს-194-192(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 11 მაისს ნ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილების 2016 წლის 10 თებერვლის #04-10-03/150 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა და ხუთი თვის მიუღებელი თანხის - 150 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების 2016 წლის 10 თებერვლის #04-10-03/150 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ. ზ-ის მიმართ, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 1 წლით და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონულ განყოფილებას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადწყვეტილება იმ ნაწილში რომელშიც დაკმაყოფილდა ნ. ზ-ის სარჩელი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების 2016 წლის 10 თებერვლის #04-10-03/150 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სრულად იზიარებს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, იყო თუ არა ვალდებული ნ. ზ-ი ეცნობებინა მოპასუხისთვის მისი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, როდესაც იგი მუშაობდა იმ პირობებში, როდესაც სსიპ სოციალური სამსახურის ყვარლის განყოფილებამ მისი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცოდა. ასევე, კასატორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ არ იქნა შესწავლილი ის გარემოება, რომ თითოეული გაყიდული ობიექტის მდგომარეობას გამართლებული საფუძველი აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ზ-ი საკუთრებაში ფლობდა - 1. უძრავ ნივთს მდებარე - ქ. ყვარელი, ... ქ. #19, საკადასტრო კოდი: #57.28.313.01.503, რეგისტრაციის დრო 07.12.2005წ., რომელიც მიღებული აქვს მემკვიდრეობით 02.11.2005 წელს და რომელიც გაასხვისა 02.08.2011 წელს; 2. უძრავ ნივთს მდებარე - ქ. ყვარელი, ... ქუჩა, საკადასტრი კოდი: #57.06.59.186, რეგისტრაციის თარიღი 12.06.2012 წელი, მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობით 15.07. 2011 წელს, რომელიც გაასხვისა 03.07.2012 წელს; 3. უძრავ ნივთს მდებარე - ქ. ყვარელი, ... 1-ლი #6, საკადასტრო კოდი: ..., ტიპი თანასაკუთრება, მთლიანი ფართის 1/8 ნაწილი, რეგისტრაციის დრო 31.07.2012 წელი, რომელიც მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობით 15.07.2011 წელს და რომელიც გაასხვისა ვ. ზ-ზე 25.10.2013 წელს. ხოლო მითითებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ნ. ზ-ს 2011 წლის ოქტომბერსა და 2013 წლის 30 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციებში არ უჩვენებია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ზ-ი სოციალური დახმარების დანიშვნისას, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების მე-6 მუხლის მიხედვით, ვალდებული იყო მის ოჯახში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, რომელიც უკავშირდებოდა უძრავი ქონების ფლობას და გასხვისებას, ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებისათვის, ასევე, სააგენტოს წარმომადგენლის შეკითხვებზე გაეცა ობიექტური პასუხები და არ დაემალა ინფორმაცია, ამასთან, მას დეკლარაციაში უნდა დაეფიქსირებინა არა მარტო 2012 და 2013 წლებში გასხვისებული ქონება, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასხვისებული ქონებაც, რადგან მან 2011 წლის 2 აგვისტოს გაასხვისა საკუთრებაში არსებული ქონება, საკადასტრო კოდი: ..., მაგრამ ნ. ზ-მა აღნიშნული ინფორმაცია დაფარა და სააგენტოს არ აცნობა მის სახელზე რეგისტრირებული ქონების არსებობა და გასხვისების ფაქტი და ამ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება უფლებამოსილი იყო, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში შეეწყვიტა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი