Facebook Twitter

#ბს-203-201(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 7 აპრილს ნ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 მარტის #3/64 ბრძანების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 28 ნოემბრის #4/195 ბრძანების იმ ნაწილში, რომლითაც ლ. მ-ს მიენიჭა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, მდებარე - ქ. თბილისში, ... გამზ. #2-ში არსებულ სხვენში მანსარდის მოწყობისათვის და ასევე ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული ნ/09/12/371 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნული ნებრათვის საფუძველზე წარმოებული მშენებლობის შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“; ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ლ. მ-ი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 28 ნოემბრის #4/195 ბრძანების (მოწმობის) საფუძველზე განხორციელებული მშენებლობის შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. ჭ-ე და ე. ა-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა მისი, როგორც მეზობლის ინტერესები, რადგან მშენებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. ამასთან, პროექტი სამშენებლო ნებართვის მისაღებად წარდგენილი იყო მისი თანხმობის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 28 ნოემბრის #4/195 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლ. მ-ზე გაიცა საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვა, კერძოდ მის კუთვნილ სხვენში მანსარდის მოწყობაზე. ამავე ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 28 ნოემბერს გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა #ნ/09/12/371 სხვენში მანსარდის მოსაწყობად (ს.ფ. 11-12, 151).

2015 წლის 21 იანვარს ნ. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 28 ნოემბრის #4/195 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე ბრძანების საფუძველზე გაცემული #ნ/09/12/371 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტის №03/64 ბრძანებით ნ. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია, როგორც საკანონმდებლო, ასევე, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, კერძოდ, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ IX თავი არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებს, ნებართვების გაცემის წესსა და სანებართვო პირობებსს. კერძოდ, 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. ამავე კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. განცხადებას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა – უძრავი ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, რომელიც განცხადებით განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. მ-მა 2014 წლის 20 ნოემბერს #ნ/1501 განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მის კუთვნილ 220.32 კვ.მ. სხვენში (ამჟამინდელი მესაკუთრეები: ე. ჭ-ე - 148.00 კვ.მ.; ე. ა-ე - 72.32) მდებარე, ქ. თბილისში, ... გამზ. #2-ში, მე-4 სადარბაზო, მანსარდის მოწყობის თაობაზე ნებართვის გაცემაზე. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2014 წლის 6 ოქტომბრის #168 კრების ოქმიდან ირკვევა, რომ დღის წესრიგად განისაზღვრა ... ქუჩა (...) #2-ის IV სადარბაზოს #37 ბინის თავზე ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ 220.32 კვ.მ ფართის სხვენზე მანსარდის მოწყობა. ამხანაგობის 62 წევრიდან აღნიშნულ კრებას დაესწრო 47 წევრი, დამსწრეთა სრულმა შემადგენლობამ 100%-იანი თანხმობით მხარი დაუჭირა ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ სხვენზე მანსარდის მოწყობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმებული პროექტის მიხედვით.

ლ. მ-ის კუთვნილ სხვენში მანსარდის აშენებაზე თანხმობის გაცემამდე, სანებართვო ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... #2, ჩატარებულ იქნა არქიტექტურული ძეგლის პირველადი კვლევა-დაზვერვა, რომლითაც ირკვევა, რომ სხვენის სართულში მანსარდის მოწყობისთვის განსაკუთრებული ქალაქგეგმარებითი პირობები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, აქ მხოლოდ სახურავის კეხის მცირედი აწევით საპროექტო სივრცეში ეწყობა საცხოვრებელი ფართი, რაც ძეგლის ავთენტობას ზიანს არ მოუტანს.

სამშენებლო ობიექტების კომპიუტერული ტექნოლოგიებით პროექტირების საინჟინრო ცენტრი შპს „პროგრესის“ მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს „ქ. თბილისში, ... გამზ. #2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის 5-სართულიან ნაწილზე მანსარდის სართულის დაშენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით“ გაცემული კონსტრუქციული დასკვნიდან ირკვევა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით დასაშვებად მიიჩნევა ქ. თბილისში, ... გამზ. #2-ში მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენება შესაბამისი არქიტექტურული და კონსტრუქციული მუშა ნახაზების საფუძველზე.

საქმეში ასევე წარმოდგენილია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ მაცხოვრებლების - ზ. პ-ის, მ. მ-ის, გ. ძ-ის, დ. მ-ის მიერ 2014 წლის 16 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს და 21 ოქტომბერს გაცემული ნოტარიულად დამოწმებული თახმობები, რომლებიც იზიარებენ ლ. მ-ის მიერ წარდგენილ, ..., ... №2, №3 და №4 სადარბაზოს სხვენზე საცხოვრებელი მანსარდის მოწყობის საერთო კონცეფციას(გეგმას), ადასტურებენ რომ მათ საკუთრებაში არსებული სხვენის შემდგომი გადაკეთების და რეკონსტრუქციის შემთხვევაში იხელმძღვანელონ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული პროექტით. ასევე თანხმობას აძლევენ ლ. მ-ს მანსარდის მოწყობაზე ...(...) №2-ის მე-4 სადარბაზოს მის საკუთრებაში არსებულ სხვენზე „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ შეთანხმებული პროექტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სხვენში მანსარდის მოწყობით ილახება მისი ინტერესები და მას ადგება ზიანი, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მშენებლობა განხორციელდა მისი თანხმობის გარეშე, აღნიშნლთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდა ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2014 წლის 6 ოქტომბრის #168 კრების ოქმი, რომლის შესაბამისად, ამხანაგობის 62 წევრიდან კრებას დაესწრო 47 წევრი, დამსწრეთა სრულმა შემადგენლობამ 100%-იანი თანხმობით მხარი დაუჭირეს ლ. მ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებულ სხვენზე მანსარდის მოწყობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმებული პროექტის მიხედვით. აღნიშნული ოქმი კი, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი