Facebook Twitter

#ბს-206-204(კ-17) 11 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 ივნისს ვ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში მისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების (ოქმი #099/1) ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ვ. ფ-ას ოჯახისთვის მინიჭებული 4.5 ქულის შესაბამისად, მარნეულის რაიონის, სოფ. ... კერძო სახლის შესყიდვის თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ო. ფ-ა და დ. ფ-ა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი #099/1) ვ. ფ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელის - ვ. ფ-ას განცხადებასთან დაკავშირებით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს პრეტენზია თითქოს კომისიამ თავი აარიდა საქმის სრულყოფილ გამოკვლევას და სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი და სწორედ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების შედეგად გამოსცა სადავო აქტი.

კასატორის მითითებით, კომისიამ საკითხის განხილვის დროს ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ დევნილი ვ. ფ-ა ქირის გარეშე ცხოვრობს ქ. თბილისში, ..., მე-3 მ/რ, კორპ. ...-ში მდებარე ბინა #88-ში, რომელიც დღეის მდგომარეობით ირიცხება თავისი დის - მ. ფ-ას სახელზე. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ბინა 2003 წლის 16 მაისს შეიძინა ვ. ფ-ამ, ხოლო 2014 წლის 14 მაისს (სამინისტროში ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანამდე 5 დღით ადრე) უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა დას - მ. ფ-ას, რომელსაც ბინა აქვს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში და წლების მანძილზე ცხოვრობს იქ ოჯახთან ერთად, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ნორმის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ვ. ფ-ა ცხოვრობს ფაქტიურად თავის საკუთარ საცხოვრებელ ფართში, არ არსებობს არანაირი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი გარემოება, რომელიც რაიმე ფორმით გააუარესებს მის ამ მდგომარეობას (თუნდაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის დადგენილი ურთიერთდამოკიდებულების და ნაჩუქარის უკან დაბრუნების პრინციპების გათვალისწინებით). შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მის მიერ გამოყენებული კანონი და უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა.

კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება დღეს მოქმედ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მარეგულირებელ არც ერთ ნორმატიულ აქტს.

ამასთან, კასატორის განმარტებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამ უფლებამოსილებას ანხორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. კასატორის მითითებით, სამინისტრო აცნობიერებს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. რაც თავისთავად მოხდა სამინისტროს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი ეხება არა სახელმწიფოსა და დევნილის ურთიერთობას, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროს დევნილებს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს, თუ ვინ და რამდენად საჭიროებს სხვაზე მეტად საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ცხადია ნებისმიერ დევნილს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ მიუღია რაიმე სახის კომპენსაცია, მოლოდინშია ამ კომპენსაციის მიღების, რომელსაც შესაბამის ეტაპზე და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის დაკმაყოფილების საკითხის სხვა ეტაპისთვის გადადების შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართებით გაჩენილი საეჭვო კითხვის ნიშნები, რომელიც თავის ოჯახთან ერთად წლების მანძილზე, უპირობოდ ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელ ფართს და სამინისტროში განაცხადის შევსებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩუქების ხელშეკრულებით ასხვისებს თავის დაზე, რომელსაც წლების მანძილზე სამინისტროში წამყვანი თანამდებობა ეკავა, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობა, თითქოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სამინისტროს უარი გამორიცხავს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სამომავლო შესაძლებლობას, სინამდვილეს არ შეესაბამება. კასატორის მითითებით, დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელეს არ ეზღუდება შესაძლებლობა სხვა, შემდგომ ეტაპებზე მისი ოჯახის საკითხის განხილვისა, რაც თავისთავად მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების წინაპირობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი #099/1) მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლის/ბინა) შესყიდვის თაობაზე ვ. ფ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ დევნილი ვ. ფ-ა ქირის გარეშე ცხოვრობს ქ. თბილისში, ..., მე-3 მ/რ, კორპ. ..., ბინა #88-ში, რომელიც 2003 წლის 16 მაისს შეიძინა, ხოლო 2014 წლის 14 მაისს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მის დას და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც თავად კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ხდის სადავოდ, ქ. თბილისში, ..., მე-3 მ/რ, კორპ. ..., ბინა #88, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საკუთრებაში აქვს მ. ფ-ას (იხ. ს.ფ. 97; ტ.1). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აგრეთვე, დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული ფაქტი საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. ამდენად, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ქ. თბილისში, ..., მე-3 მ/რ, კორპ. ..., ბინა #88 საკუთრებაში გააჩნია ვ. ფ-ას დას მ. ფ-ას, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია კასატორის აპელირება სამინისტროს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ კომისიის სადავო გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვათ იმ დევნილებს, რომელთაც, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების გათვალისწინებით, მინიჭებული ჰქონდათ ვ. ფ-ასთვის მინიჭებულ ქულაზე (4.5) ნაკლები - 3.5-4 ქულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი