Facebook Twitter

ბს-272-270(კ-17) 25 მაისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-ე დ-მა 25.07.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 14.04.2014წ. N543/18-2 აქტისა და 08.07.2014წ. N401/8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ვ. დ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირად აღიარების, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ე დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. დ-ი აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ პირად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 14.04.2014წ. N543/18-2 აქტი და 08.07.2014წ. N401/18 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდინიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ჩ-ე დ-ისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი. ჩ-ე დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი. ჩ-ე დ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჩ-ე დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ე დ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2016წ. განჩინებით ი. ჩ-ე დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. ჩ-ე დ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.2014წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ჩ-ე დ-ის სასარგებლოდ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაეკისრა 18000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ზონად განისაზღვრა აფხაზეთის და შიდა ქართლის ტერიტორია, შესაბამისად დაუშვებელია ამ ტერიტორიების გარეთ არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შეტაკებებში მონაწილეების გათანაბრება ომში მონაწილეებთან. ამასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა დაუშვებელია განმარტებულ იქნეს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 14.09.1993წ. N166 ბრძანებულებით შემოღებულ იქნა არა საომარი მდგომარეობა, არამედ საგანგებო წესები რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, შესაბამისად ვ. დ-ი დაიღუპა არა საომარი მოქმედებებისას, არამედ ქ. სენაკში არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დაპირისპირებაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ვ. დ-ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვების ფაქტი. ასევე არასწორია ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, რადგან არ იკვეთება ზიანის არსებობა და ორგანოს ბრალი შესაძლო ზიანის მიყენებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატის 02.06.2016წ. განჩინებით დადგენილია, რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა არ გულისხმობს მხოლოდ გარე აგრესიისაგან დაცვას. ამასთანავე, სახელმწიფო მეთაურის 01.09.1994წ. N288 ბრძანებულების ტექსტიდან გამომდინარე, არსებობს ვ. დ-ის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირად მიჩნევის საფუძველი, რადგან ბრძანებულების ტექსტი ვ. დ-ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვების მიზეზად ერთმნიშვნელოვნად უთითებს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში სიმამაცის გამოჩენაზე. საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობის შესახებ, რადგან დგინდება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 14.04.2014წ. აქტისა და 08.07.2014წ. გადაწყვეტილების არამართლზომიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე