Facebook Twitter

#ბს-307-305(კს-17) 8 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ მ. და ტ. ს-ები

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველო

დავის საგანი _ სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 13 მაისს ტ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას 2014 წლის 18 ნოემბერს ჩაჰბარდა გაფრთხილება #2330970, რის გამოც რუსთავის შსს სამმართველოში წარადგინა განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად. რუსთავის საქალაქო სამმართველოს იმავე წლის 26 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოცემული დოკუმენტაცია არ იყო გამოსახლების შეჩერების საფუძველი. ტ. ს-მა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა საჩივარი გაფრთხილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაზეც ეცნობა, რომ მოსარჩელეს უნდა მიემართა რუსთავის საქალაქო სამმართველოსათვის. 2015 წლის 24 აპრილს ტ. ს-ი ისე გამოასახლეს, რომ იურიდიულ სამმართველოს არ ჰქონია მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებლის საჩივარზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა შეჩერებულიყო გასაჩივრებული აქტის მოქმედება. ამასთანავე, პოლიციას არ ჰქონდა უფლება სისრულეში მოეყვანა გამოსახლება კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2015 წლის 24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით ტ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე ტ. ს-ის სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი. სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და გაურკვეველი. კერძოდ, ვერ დგინდებოდა მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის 2014 წლის 18 ნოემბრის #2330970 გაფრთხილების ბათილად ცნობას, თუ ასაჩივრებდა ამ ადმინისტრაციული აქტის აღსრულებისას პოლიციელის ქმედებას, და მის საფუძველზე 2015 წლის 24 აპრილს შედგენილ მიღება-ჩაბარების #872098 ოქმს, რომელიც არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს. ასევე დასაზუსტებელი იყო მოსარჩელე მხარე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელეს დაევალა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და მიეთითებინა მისი სამსართლებრივი საფუძვლები, დაეზუსტებინა მოსარჩელე, უნდა მიეთითებინა და წარედგინა სარჩელის დასაშვებობის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებანი.

მოსარჩელეთა წრის დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებად მიეთითა ტ. ს-ი და მ. ს-ი, რომლებმაც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მიუთითეს, რომ ასაჩივრებდნენ 2015 წლის 24 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების ოქმს და ითხოვდნენ მის ბათილად ცნობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ტ. ს-ის სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ტ. ს-ის და მ. ს-ის კერძო საჩვარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მართალია, მოსარჩელემ სწორად ვერ ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით და აღძრული სარჩელის მიმართ მოსარჩელის რეალური ინტერესის გათვალისწინებით უნდა დახმარებოდა მას სარჩელის ტრანსფორმირებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით ტ. ს-ის სარჩელზე კვლავ დადგენილ იქნა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, დაზუსტებული სარჩელის, დაზუსტებული მოსარჩელისა და მეორე მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულების წარმოდგენის მიზნით, განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სასამართლო მიიღებდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

2016 წლის 8 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ტ. ს-მა წარადგინა განცხადება, რომლითაც სრულად შეავსო ხარვეზი, კერძოდ, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე და წარადგინა მეორე მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით ტ. და მ. ს-ების ადმინისტრაციული სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას განხორციელებული ქმედების საფუძველზე 2015 წლის 24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. და მ. ს-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ტ. და მ. ს-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ტ. და მ. ს-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდა სარჩელზე საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული, გასაჩივრებულ მიღება-ჩაბარების ოქმში გადმოცემული იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რაც შედეგად მოჰყვა 2014 წლის 14 ნოემბრის „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ #2330970 გაფრთხილებას და უშუალოდ ოქმი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ შეფასებულიყო, რამდენად სწორად იყო სარჩელი ფორმულირებული, უნდა განსაზღვრულიყო აღძრული სარჩელი აკმაყოფილებდა თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნებს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების ოქმი წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ნივთის მიღება- ჩაბარების ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე იყო გაცემული, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს. გამოსახლების მიზნით განხორციელებული ქმედების შემდგომ, მიღება-ჩაბარების ოქმის შედგენა არ ყოფილა მიმართული ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ, უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ მიმართული იყო 2014 წლის 18 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ზ. რ-ის მიერ შემდგარი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება #2330970, ეს უკანასკნელი კი მხარის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 10 დეკემბრის #2513259 წერილით მ. ს-ს ეცნობა, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებს და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით დამტკიცებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი. აღნიშნული წესის მე-7 და მე-8 მუხლები ადგენენ აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებებს. მითითებული წესის თანახმად, მ. ს-ს განემარტა აღკვეთის ღონისძიების შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მტკიცებულებების რუსთავის საქალაქო სამმართველოში წარდგენის უფლების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეებს დაუდგინდათ ხარვეზი. სასამართლომ მიუთითა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი და გაურკვეველი. კერძოდ, ვერ დგინდებოდა, ისინი ითხოვდნენ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის #2330970 გაფრთხილების ბათილად ცნობას, თუ ასაჩივრებდნენ ამ ადმინისტრაციული აქტის აღსრულებისას პოლიციელის ქმედებას და მის საფუძველზე 2015 წლის 24 აპრილს შედგენილ მიღება- ჩაბარების #872098 ოქმს, რომელიც არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეებს მიეცათ ვადა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით ხარვეზის შესავსებად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეებს კიდევ ერთხელ დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით. მოსარჩელეებმა ხარვეზის შევსების შესახებ 2016 წლის 8 თებერვლის განცხადებაში სასარჩელო მოთხოვნად მიუთითეს 2015 წლის 24 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ. ს-ის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების ოქმის ბათილად ცნობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, სწორად არ იყო შერჩეული უფლების დაცვის მექანიზმი. „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ გამოცემული #2330970 გაფრთხილებისა და ამ გაფრთხილების შესასრულებლად მათი გამოსახლების მიზნით განხორციელებული ქმედების კანონიერების შემოწმება მოსარჩელეებს სასამართლოში არ მოუთხოვიათ, სასამართლოში გასაჩივრებულ 2015 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების ოქმს კი მოსარჩელეთათვისის რაიმე ზიანი არ მოჰყოლია და შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ მიღება-ჩაბარების ოქმის გასაჩივრებით სარჩელის მიზანი - აღმოფხვრას დამდგარი შედეგი, ვერ მიიღწევა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების შემოწმების მიზნით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. და ტ. ს-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს. 2017 წლის 21 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე წარმოადგინეს განცხადება კერძო საჩივრის დამატებითი არგუმენტების მითითების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა სააპელაციო საჩივარი საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და 393-394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა ამავე კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მიღებულია განჩინება და არა გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში იმ მოტივით, რომ ამგვარი მოთხოვნა არ ყოფილა დაყენებული და განხილული არც ერთი ინსტანციის სასამართლოში, რითაც სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მაგრამ საქმე არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუბრუნა, არც უარი არ თქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და არც ახალი გადაწყვეტილებით არ შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მოცემული საქმე არის პრეცედენტული ხასიათის, რომელზეც ობიექტური გადაწყვეტილების მიღება საფუძველს დაუდებს ამგვარ საკითხებზე პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მ. და ტ. ს-ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ტ. ს-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მ. და ტ. ს-ების სარჩელზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას განხორციელებული ქმედების საფუძველზე შედგენილი 2015 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და მიუთითა, რომ აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებდა ამავე კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სარჩელის სწორად ფორმულირების შეფასებისათვის უნდა განისაზღვროს აღძრული სარჩელი აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნებს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე და აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2015 წლის 24 აპრილს შედგენილი #872098 მიღება-ჩაბარების ოქმის კანონიერების შეფასებას სასამართლოს მხრიდან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული მიღება-ჩაბარების ოქმი წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგს. უძრავი ნივთის მიღება-ჩაბარების ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე არის გაცემული, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. გამოსახლების მიზნით განხორციელებული ქმედების შემდგომ, მიღება-ჩაბარების ოქმის შედგენა არ ყოფილა მიმართული ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ, უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ მიმართული იყო 2014 წლის 18 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შემდგარი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება #2330970, ეს უკანასკნელი კი მხარის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 10 დეკემბრის #2513259 წერილით მ. ს-ს ეცნობა, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებს და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით დამტკიცებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი. მითითებული წესის თანახმად, მ. ს-ს განემარტა აღკვეთის ღონისძიების შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მტკიცებულებების რუსთავის საქალაქო სამმართველოში წარდგენის უფლების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საჩივარი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არაერთხელ იქნა მიჩნეული ხარვეზიანად და მრავალჯერ მიეცათ წინადადება საჩივრის ავტორებს დაეზუსტებინათ საჩივრის მოთხოვნა და მიეთითებინათ ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მოთხოვნას. მოსარჩელეებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებებით მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2015 წლის 24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების ოქმის არაკანონიერად ცნობა. სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ მიეცათ წინადადება აპელანტებს, დაეზუსტებინათ მათი მოთხოვნის საგანი, კერძოდ, ხომ არ ხდიდნენ ისინი სადავოდ უბნის ინსპექტორის მიერ განხორციელებულ ქმედებას, რაზეც სააპელაციო საჩივრის ავტორმა - ტ. ს-მა და მ. ს-ის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი 2015 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების ოქმის არაკანონიერად ცნობა წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერ რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ #2330970 გაფრთხილება და აღნიშნული გაფრთხილების შესასრულებლად მათი გამოსახლების მიზნით განხორციელებული ქმედება სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების არაერთგზის მცდელობისა, მათი რეალური ინტერესის გათვალისწინებით, დახმარებოდნენ მოსარჩელეებს სარჩელის ტრანსფორმაციაში, რათა მათ მიერ სწორად მომხდარიყო სარჩელის სახის განსაზღვრა, შედეგი არ მოჰყოლია. განსახილველ შემთხვევაში ცალკე აღებული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი 2015 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების ოქმის გასაჩივრება მიჩნეულ უნდა იქნეს უფლების დაცვის არასათანადო სახედ, რომელიც ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის ადეკვატურ საშუალებად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, არასწორია კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან სარჩელი წარდგენილი არ ყოფილა არაგანსჯად სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის არა 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, სწორად არ არის შერჩეული უფლების დაცვის მექანიზმი. „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ გამოცემული #2330970 გაფრთხილებისა და ამ გაფრთხილების შესასრულებლად მათი გამოსახლების მიზნით განხორციელებული ქმედების კანონიერების შემოწმება მოსარჩელეებს სასამართლოში არ მოუთხოვიათ, ხოლო სასამართლოში გასაჩივრებულ 2015 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების ოქმს კი მოსარჩელეთათვის რაიმე ზიანი არ მოჰყოლია და შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ მიღება-ჩაბარების ოქმის გასაჩივრებით სარჩელის მიზანი - აღმოფხვრას დამდგარი შედეგი, ვერ მიიღწევა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და ტ. ს-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. და ტ. ს-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი