ბს-322-320(კ-17) 29 ივნისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჯ-მა, ზ. გ-ემ, გ. ჩ-მა, ვ. ნ-ემ, მ. ბ-მა, მ. ჭ-ემ და რ. მ-მა 22.06.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2016წ. გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ის, ზ. გ-ის, გ. ჩ-ის, ვ. ნ-ის, მ. ბ-ის, მ. ჭ-ის და რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 2127,60 ლარის ანაზღაურება, ზ. გ-ის სასარგებლოდ - 346,60 ლარის ანაზღაურება, გ. ჩ-ის სასარგებლოდ - 368 ლარის ანაზღაურება, ვ. ნ-ის სასარგებლოდ - 1229,60 ლარის ანაზღაურება, მ. ბ-ის სასარგებლოდ - 1394,55 ლარის ანაზღაურება, მ. ჭ-ის სასარგებლოდ - 1176,40 ლარის ანაზღაურება და რ. მ-ის სასარგებლოდ - 1006 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორმა სკ-ის 128-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ არასწორია მოსარჩელეების მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების გაუვრცელებლობა. ამასთანავე, სახელფასო დავალიანების ამსახველი დოკუმენტი არ ადასტურებს ვალის აღიარების ფაქტს, ვინაიდან ცნობები ატარებს ინფორმაციულ ხასიათს. მოპასუხის მხრიდან დავალიანების ფაქტის შესახებ ცნობის გაცემა არ ნიშნავს მისი გადახდის ვალდებულების აღიარებას. შესაბამისად ის არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა სკ-ის 129-ე, 130-ე მუხლებიდან გამომდინარე, ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ 09.07.08წ. Nბს-40-40(კ-08), 04.07.13წ. Nბს-1445-1427(კ-11)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლი, რადგან საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები მოწესრიგებულია აღნიშნული კანონით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა მოხდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად ხდება წარმოქმნილ დავალიანებათა დასაფარავად გარკვეული თანხების გამოყოფა და განისაზღვრება დავალიანების დაფარვის წესი. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაცემლებზე ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კასატორი მიიჩნევს, რომ ცნობები სახელფასო დავალიანებების შესახებ არის ინფორმაციული ხასიათის და მათ არ უნდა მიენიჭოთ ვალდებულების აღიარების მნიშვნელობა, თუმცა გაურკვეველია მიმდინარე დავასთან ამ მოსაზრების შემხებლობა, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ მიუთითებიათ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვალდებულების აღიარების და ამის გამო ხანდაზმულობის ვადების შეწყვეტის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სახელფასო დავალიანების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობები გამოიყენეს მხოლოდ სახელფასო დავალიანების არსებობის დასადასტურებლად და მისი ოდენობის განსასაზღვრად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე