Facebook Twitter

ბს-850-842(კ-16) 15 ივნისი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...“ 01.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 23.01.2014წ. N02.48.68 დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.2015წ. გადაწყვეტილებით შპს "..." სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 23.01.2014წ. N02.48.68 დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 23.01.2014წ. N02.48.68 დადგენილება, რომლითაც მოიშალა შპს "..." და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. სსკ-ის 405.2 მუხლიდან გამომდინარე, ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს, ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული დააწესოს დამატებითი ვადა ან გასცეს გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში, შპს "..." ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდა კონკრეტული ვადა საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად (2010 წლის 8 ოქტომბრიდან 2011 წლის 8 დეკემბრამდე), ხოლო ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით დაშვებული იყო დამატებითი (3 თვიანი) ვადის განსაზღვრა, არ გულისხმობდა მყიდველისათვის ავტომატურად, ყველა შემთხვევაში დამატებითი ვადის მიცემას. დამატებითი ვადის მიცემა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე. არსებული სიტუაციის შეფასების შემდგომ, კრეტიდორმა თავად უნდა განსაზღვროს მისი მართებულობა და გონივრულობა. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების მოშლამდე, შპს "..." ფაქტობრივად მიეცა დამატებით 4 თვიანი ვადა ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულება ხელმეორედ მოიშალა 23.01.2014წ. სადავო დადგენილებით, ანუ ხელშეკრულების პირველად მოშლის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2 თვისა და 9 დღის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში შპს "..." ვალდებულების შესრულების მიზნით არავითარი ქმედება არ განუხორციელებია, შესაბამისად, დარჩენილ 22 დღის ვადაში ვალდებულების შესრულება წარმოუდგენელი იქნებოდა. ამდენად, შპს "..." 2013 წლის 14 ნოემბრიდან დამატებით 3 თვიანი ვადის დაწესება ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვერ უზრუნველყოფდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის მოსაზრება სსკ-ის 405.2 მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე მოშლის შესაძლებლობის თაობაზე, რამდენადაც 20.02.2008წ. უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებმა თავადვე შეათანხმეს დამატებითი ვადის (3 თვის), პირგასამტეხლოსა და დამატებითი ვადის დარღვევის პირობებში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესაძლებლობა, ამდენად, მხარეებმა განსაზღვრეს სტანდარტული პირობებისაგან განსხვავებული რეგულაციები, რაც მათ ავალდებულებდა ეხელმძღვანელათ იმ სახელშეკრულებო ვალდებულებებით, რაც მათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2013წ. გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მერიასა (მთავრობას) და შპს ”...”-ს შორის 20.02.2008წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის №1137/1 ხელშეკრულების მოშლის შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 20.02.2012წ. №03.09.56 დადგენილება კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა ხელშეკრულებაზე დაუყოვნებლივ - გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე უარის თქმის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა, იმავე სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელი მხარე გაფრთხილდებოდა პირობების დარღვევის თაობაზე და მიეცემოდა დამატებითი ვადა. აღნიშნულის მიუხედავად, მეორე (სადავო) შემთხვევაშიც ქ. თბილისის მერიას (მთავრობას) და შპს ,,...” შორის 2008 წლის 20 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის №1137/1 ხელშეკრულების მოშლა მოხდა ქ. თბილისის მერიის მხრიდან საწარმოსათვის დამატებითი 3 თვიანი ვადის განსაზღვრის გარეშე. ამრიგად, სადავო დადგენილების მიღება მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწვეტილების უგულველყოფით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საფუძველს მოკლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შპს "..." გაფრთხილების 3 თვიანი ვადის დაანგარიშების კუთხით წარმოდგენილი მსჯელობა, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ამგვარი გამოთვლის წესს არ ადგენს (აპელანტი თვლიდა, რომ შპს ,,...” მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 2011 წლის 8 დეკემბრიდან ხელშეკრულების პირველ შეწყვეტამდე გასულ პერიოდს უნდა დამატებოდა ის პერიოდი, რაც გავიდა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების მეორედ შეწყვეტამდე, რაც ჯამში აღემატებოდა 3 თვეს და, რაც, მისივე მოსაზრებით, ადასტურებს იმას, რომ გაფრთხილების 3 თვიანი ვადა მე-2 ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში არის დაცული).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე