1007აპ.-09 ქ. თბილისი
29 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ს-სა და მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით:
თ. ჩ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.
თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ», მეორე ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტებით, 19,109-ე პირველი ნაწილის ,,ა», ,,გ», მეორე ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად, რასაც ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაემატა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1987 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 თვე, 8 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6500 ლარის ოდენობით.
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ თ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1986 წლის 24 ივლისს თ. ჩ-ე იმავე წლის 2 აპრილს ხულიგნური ქვენაგრძნობით ბ. ბ-სათვის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებისათვის გასამართლდა ზესტაფონის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გადაევადა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
პირველი დანაშაულის ჩადენიდან 9 თვის შემდეგ, 1987 წლის 2 იანვარს, პირობით მსჯავრდებულმა თ. ჩ-მ ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული _ ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით პ. კ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, რისთვისაც საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1987 წლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, თ. ჩ-ს სასჯელი შეუმცირდა 7 წლამდე, 11 თვემდე და 9 დღემდე, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 6 წლამდე და 16 დღემდე.
1992 წლის 3 ივლისს თ. ჩ-ე რუსთავის დაწესებულება უი 123/3-დან (კოლონია) გადაყვანილ იქნა მუხროვანის კოლონია-დასახლება უი 123/44-ში, რომელიც სასჯელის მოხდამდე, ანუ 1993 წლის 19 ივლისამდე, 1992 წლის 11 აგვისტოს თვითნებურად მიატოვა.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევისათვის ძებნილმა თ. ჩ-მ განიზრახა დანაშაულებრივი საქმიანობა. მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7,62მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალით _ 7,62მმ კალიბრიანი არანაკლებ 19 ვაზნით.
1993 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, თ. ჩ-ე, რომელიც უკანონოდ გადაზიდავდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 7,62მმ კალიბრიან ავტომატურ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას (არანაკლებ 19 ვაზნას), თავის ნაცნობებთან _ ზ. ს-სთან, ზ. ვ-სა და კ. ე-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართული და მისივე კუთვნილი „...“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით საწვავის ჩასასხმელად მივიდა ზესტაფონის ცენტრში, ... ქუჩაზე მდებარე ამხანაგობა „...“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც საოპერატოროში იმყოფებოდა ოპერატორი ტ. ჩ-ე, იქვე იყვნენ აგრეთვე გ. ს-ე, ი. ც-ე, ზესტაფონის შს რაიგანყოფილების მუშაკები _ მ. ლ-ე და თ. რ-ე. კ. ე-მ ტ. ჩ-ს 20 ლიტრი ბენზინის, თანხის მომდევნო დღეს გადახდის პირობით, ჩასხმა სთხოვა. ტ. ჩ-მ, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, უარი განუცხადა, რის შემდეგაც მათი საუბარი კამათში გადაიზარდა. კამათში იქვე მყოფი ზესტაფონის რაიონის პოლიციის მუშაკი მ. ლ-ც ჩაერთო და საბოლოოდ კ. ე-ს თხოვნა დააკმაყოფილეს.
მიუხედავად ბენზინის ჩასხმისა, იმ გარემოებით უსაფუძვლოდ განაწყენებულმა თ. ჩ-მ, რომ ბენზინი პირველივე მოთხოვნისთანავე არ მისცეს და ამ საკითხის გადაწყვეტაში პოლიციის მუშაკი ჩაერთო, ხულიგნური ქვენაგრძნობით, საოპერატოროში მყოფი ტ. ჩ-სა და მ. ლ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არანაკლებ ცხრამეტჯერ გაისროლა საოპერატოროს მიმართულებით. იმავდროულად თ. ჩ-ე, დანაშაულს გაცნობიერებულად ჩადიოდა რა ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, ითვალისწინებდა და მისი სურვილის მიუხედავად, შეგნებულად უშვებდა შესაძლებლობას, რომ ამ ქმედებას შესაძლოა, მოჰყოლოდა როგორც საოპერატოროში მყოფი გ. ს-ს, ი. ც-სა და თ. რ-ს, ისე მისივე თანმხლები და იქვე, ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი ზ. ს-ს, ზ. ვ-სა და კ. ე-ს სიცოცხლის მოსპობა. შედეგად ზ. ს-ე გულმკერდის მარცხენა არეში მიღებული, ცეცხლსასროლი შემავალი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები, რომელთაგან მხოლოდ ტ. ჩ-მ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას _ მარცხენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება, იატაკზე დროულად დაწოლის შედეგად გადარჩნენ. თ. ჩ-მ ჩათვალა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა და თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ», მეორე ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში (ზ. ს-ს ეპიზოდი).
თ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,გ», მეორე ნაწილის ,,გ» და მესამე ნაწილის ,,ა», ,,ე» ქვეპუნქტებიდან (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებზე (1960 წლის რედაქცია).
თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1987 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 თვე, 8 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 ივნისიდან.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია; მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი კვალიფიკაცია და გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას;
განაჩენის დადგენისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის დრო, ადგილი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება, ჭრილობის ხასიათი, ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი; ყველა აღნიშნული გარემოება უნდა განხილულიყო ერთობლივად და მისცემოდა სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ უნდა გაეზიარებინა მოწმეების _ კ. ე-სა და ზ. ვ-ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ჩ-ს გამართლებას განზრახ მკვლელობის მცდელობაში. კასატორის აზრით, აღნიშნული ბრალდება არის უსაფუძვლო და აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე; მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ. ჩ-მ ისროლა ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, არ ადასტურებს მკვლელობის განზრახვას. კასატორი მიიჩნევს, რომ თ. ჩ-სათვის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) 14 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და თ. ჩ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
დაზარალებულ ე. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, «ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარა ურთიერთშელაპარაკება, რასაც მოჰყოლია გასროლა და ზურიკოს გარდაცვალება.» მან კონკრეტულად არ იცის, იქ მოახდინა თუ არა გასროლა თ. ჩ-მ. მან იცის მხოლოდ სამძიმარზე მისული ხალხის ნაამბობიდან, რომ მის შვილს მოხვდა პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია, ხოლო თუ ვინ უამბო, ეს არ ახსოვს.
მოწმე კ. ე-ს ჩვენებების თანახმად, 1993 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინის ეზოში. მასთან ერთად იყვნენ თ. ჩ-ე და აწ გარდაცვლილი ზ. ს-ე. ზ. ს-ს ახლდა კიდევ ერთი პიროვნება, სახელად ზ., რომელსაც პირადად არ იცნობდა და რომელმაც სთხოვა, რომ მანქანით გაეყვანა კვალითის დასახლებაში. სანამ ... დასახლებაში წავიდოდნენ, მივიდნენ მაშინდელ ცენტრალურ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ჩასასხმელად. ის და ზ. ს-ე გადავიდნენ მანქანიდან და მივიდნენ ოპერატორთან, რომელსაც სთხოვეს 20 ლიტრი ბენზინის ჩასხმა ნისიად, იმ დღესვე მიტანის პირობით. საუბარში ჩაერია იქ მყოფი პოლიციის თანამშრომელი მ. ლ-ე. ოპერატორმა ჩაუსხა ბენზინი და თან უთხრა, რომ «თქვენ არაფერი ფულის მომტანები არ იქნებითო». ამაზე მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. მან უთხრა ოპერატორს, რომ გამოსულიყო უკანა კარიდან და გაერკვიათ ურთიერთობა. ამ დროს გაიგონა სროლის ხმა. მისი აზრით, გასროლა მოხდა შენობიდან. გაიგონა ზ. ს-ს ხმა „მიშველეთო“. ზ. ს-ე არ იყო წაქცეული და ხელით ებღაუჭებოდა იქვე არსებულ რკინის ღობეს. იგი წავიდა მისკენ მისაშველებლად და ნახა, რომ ზ. ს-ე დაჭრილი იყო გულმკერდის არეში. იმავდროულად თ. ჩ-მ, რომელიც იდგა ავტომანქანასთან, ავტომატით დაიწყო სროლა ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით. თვითონ მარტო ვერ მოერია ზ. ს-ს, რომ იგი ჩაესვა ავტომანქანაში და მოიფიქრა, ავტომანქანა მიეყვანა ზ. ს-მდე, რაც განახორციელა კიდეც. ავტომანქანაში ჩაჯდა თ. ჩ-ც და ზ. ს-ე წაიყვანეს ცენტრალურ საავადმყოფოში, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. თვითონ კი წამოვიდნენ ქალაქისაკენ. ავტომანქანა გააჩერეს ე.წ. „...“ მდებარე თავის საცხოვრებელ ბინასთან. იგი ჩავიდა მანქანიდან და ავიდა სახლში. სად წავიდნენ თ. ჩ-ე და მისთვის უცნობი ზ., არ იცის. რამდენიმე ხანში ჩამოვიდა ეზოში, მაგრამ რადგან ავტომანქანა იქ აღარ დახვდა, ისევ დაბრუნდა სახლში. მეორე დღეს წავიდა თბილისში, რადგან შეშინებული იყო. რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა თბილისიდან და როდესაც იყო დაკითხვაზე მივიდა ზესტაფონის შს რაიგანყოფილებაში, იქ შეიტყო, რომ იმ დღეს მისი მანქანიდან გადაუცხრილავთ ზესტაფონის პოლიციის განყოფილების შენობა, ხოლო თუ ვინ დაცხრილა, ან ვინ წაიყვანა იმ დროისათვის მის ეზოსთან მდგარი ავტომანქანა, არ იცის. მან ასევე არ იცის, თუ სად წავიდა მისთვის უცნობი პიროვნება, სახელად ზ. და არც მას შემდეგ უნახავს იგი.
მოწმე ზ. ვ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 1993 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე, იგი იდგა ქ. ზესტაფონში, მოედანზე და ელოდებოდა ავტომანქანას, ვინაიდან სურდა ბავშვის წაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში. ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ნახა თავისი ძმა ს. ვ-ე, რომელიც იყო მანქანით და მან წაიყვანა საავადმყოფოში. იქ დაჰყო დაახლოებით ერთი საათი. შემდეგ წავიდა სახლში, სადაც იყო დაახლოებით 40 წუთი, რის შემდეგაც ჩავიდა ეზოში. ამ დროს გაიგონა სროლის ხმა ავტოსადგურის მხრიდან. როგორც შემდეგ გაიგო, არ ახსოვს ვისგან, სროლის შედეგად გარდაცვლილა მისი მეგობარი ზ. ს-ე. ასევე გაიგო, რომ ზ. ს-ე და კ. ე-ე მისულან ბენზინგასამართ სადგურზე, ხოლო თუ ვინ ახლდა მათ კიდევ, არ იცის. კ. ე-საგან შეიტყო, რომ მათ იქ მოსვლიათ შელაპარაკება პოლიციის თანამშრომლებთან, რის შემდეგაც შიგნითა მხრიდან მომხდარა გასროლა და დაღუპულა ზ. ს-ე. ამის შემდეგ საპასუხოდ გარეთა მხრიდან უსვრიათ, ხოლო თუ ვინ ისროდა, მისთვის უცნობია. იმ დღეს მას არ უნახავს არც კ. ე-ე და არც აწ გარდაცვლილი ზ. ს-ე.
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 1993 წლის 13 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ზესტაფონში, ... ქუჩაზე არსებული ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს. გასამართი სადგური არის ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც გარედან შეღებილია სხვადასხვა ფერის საღებავით. შენობის სიგრძეა 10X5 მ., რომელსაც სამხრეთის მხრიდან აქვს 3 ფანჯარა, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთის მხრიდან არსებულ ფანჯრებზე აღენიშნება ნატყვიარი, რომელიც არის შენობაში შემავალი _ ზომით 5X10 სმ, 2X3, 4X8 სმ, 5X6, 10X15, 8X8 სმ. ფანჯრებს შორის არსებული 5 კვალი არის გაუვალი და ტყვიის გულების ამოღება ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ტყვიის 4 მასრა. შენობის აღმოსავლეთით არსებული ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია და გისოსზე აღინიშნება ტყვიის კვალი. აგრეთვე ტყვიის კვალი აღინიშნება აღმოსავლეთით არსებულ ფანჯრის გისოსებზე ზომებით 3X2სმ, 4X2 სმ. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს ორი წყვილი, ერთფრთიანი კარი. ავტოგასამართ სადგურს ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება 5 მეტრის დაცილებით _ რკინიგზა, აღმოსავლეთის მხრიდან 10 მეტრის დაცილებით _ ალვის ხეები და მმაჩის განყოფილება, დასავლეთის მხრიდან _ ცენტრალური საავტომობილო გზა და სამკერვალო ფაბრიკა, ხოლო სამხრეთის მხრიდან, 15 მეტრის დაცილებით _ ცენტრალური საავტომობილო გზა და საცხოვრებელი სახლი.
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბენზინგასამართ სადგურს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს რკინის ერთფრიანი კარი. სადგური შედგება 4 ოთახისაგან. პირველი ოთახი არის ზომით 1,5X2 მ. აქ არის გასასვლელი მეორე ოთახში, რომლის ფანჯრის მინა იყო მთლიანად ჩამსხვრეული. ხსენებული ოთახიდან აღმოსავლეთის მხარეს არის გასასვლელი მესამე და მეოთხე ოთახებში. მესამე ოთახში ჭერზე აღინიშნებოდა ორი ტყვიის კვალი. აგრეთვე ამოღებულ იქნა 6 ცალი ტყვიის გულა. იატაკზე ეყარა მინის ნამსხვრევები. მეოთხე ოთახში ჭერზე აღინიშნებოდა 2 ცალი ტყვიის კვალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა არაფერი არ აღმოჩენილა.
საქმეში არსებული, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა და სამი ცალი ტყვიის გარსი შესაძლებელია გასროლილი ყოფილიყო 7, 62 მმ კალიბრიანი «კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატიდან ან ტყვიამფრქვევიდან.
საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა, ჩატარებულია გვამის გარეგნული დათვალიერება და დადგენილია, რომ ზ. ს-ს გვამს აღენიშნებოდა: გულმკერდის წინა ნაწილში, მარცხნივ, მკერდის ღარის არეში, მე-2 და მე-3 ნეკნის დონეზე _ ოვალური ფორმის შიგნით ჩაბრუნებული კიდეების მქონე ჭრილობა, ზომით 0, 5X1 სმ; მარცხნივ, კეფის არეში _ ნაჭდევი მოწითალო ფერის, ზომით 1,5X2 სმ.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამოძიება ჩატარდა სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ზემოხსენებული და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თ. ჩ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები.
ამასთან, თ. ჩ-ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც აღინიშნა, თ. ჩ-ე მსჯავრდებულია სსკ-ის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) და მისჯილი აქვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულია, რაც ამკაცრებს სასჯელს, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თ. ჩ-ს სასჯელად შეიძლება დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი _ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს თ. ჩ-ს სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეცხრე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1987 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 (თერთმეტი) თვე, 8 (რვა) დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 20 ივნისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.