Facebook Twitter

საქმე #ბს-667-642(კ-13) 25 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის გამოხმობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2012 წლის 2 მარტის №75 განკარგულება; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2012 წლის 29 მარტის №2/3-1040 წერილი და სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა სს „...“ შავი სიიდან ამოღება; წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის დროებითი განჩინება პრევენციული დაცვის გამოყენების თაობაზე; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისრა სს „...“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა სს „...“ სასარგებლოდ; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისრა 100 ლარის გადახდა სასამართლო ხარჯების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მითითებული გადაწყვეტილების სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სასამართლო ხარჯების აღსრულების მიზნით, საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2014 წლის 19 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გამოხმობა, იმ მოტივით, რომ საშუალება მისცემოდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის ნებაყოფლობით აღსრულებისა, ვინაიდან, იძულებითი აღსრულების დროს უნდა გადაიხადოს აღსრულების საფასური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის გამოხმობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2012 წლის 2 მარტის №75 განკარგულება; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2012 წლის 29 მარტის №2/3-1040 წერილი და სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა სს „...“ შავი სიიდან ამოღება; წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის დროებითი განჩინება პრევენციული დაცვის გამოყენების თაობაზე; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისრა სს „...“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა სს „...“ სასარგებლოდ; სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისრა 100 ლარის გადახდა სასამართლო ხარჯების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 20.2 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე“, ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ხარჯების დაკისრებისას თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად, კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო (სახელმწიფო ბიუჯეტი). სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი თანხების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლები სასამართლოს მიერ უშუალოდ ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს.

განმცხადებელი განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს კრედიტორის განცხადებით, ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით და ამგვარი ნება სწორედ კრედიტორმა უნდა გამოავლინოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების აღსრულების მიზნით გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რითაც ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხებისა და მოვალის თაობაზე, სასამართლო ორგანოები არ ახორციელებენ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების აღსრულების მონიტორინგს, სასამართლო ხელისუფლება არ ფლობს კონტროლის მექანიზმს, რომელმა მოვალემ აღასრულა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ნებაყოფლობით და რომელმა არა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ხორციელდება სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა. ამასთან, საკასაცო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის რეალიზაცია არ არის დაცული საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის გამოხმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /პ. ქათამაძე/

/პ. სილაგაძე/